Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: საქართველოს ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული უკრაინაში მიმდინარე პროცესებში


საქართველოს ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული უკრაინაში მიმდინარე პროცესებში - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან საზოგადოებას თხოვა, გაითვალისწინოს უკრაინაში შექმნილი ვითარების სირთულე. „საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატეს სრულიად ცალსახა პოზიცია, რომ ეს არის რუსეთის შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების და პრინციპების უხეშად დარღვევა და ამ საკითხებში არანაირი დამატებითი შეკითხვა არ არსებობს", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, მისი მოგვარება უნდა მოხდეს ძალიან კონკრეტული ქმედებებით და არა განცხადებებით. "როდესაც ტანკებია დაქოქილი, იქ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ქმედებებს იმ ჩარჩოებში, რაც გამოხატულია პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივი ურთიერთობა აქვს უკრაინის ხელისუფლებასთან და ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლებთან. „უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ვახორციელებთ ყველა შესაძლო ქმედებას და ასევე, უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ეს არ ხდება ძალიან შორს და არ ხდება ისეთი სახელმწიფოს მიერ, რომელსაც ჩვენთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
XS
SM
MD
LG