Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვას


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირის წევრები აპირებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მსჯელობას, თუ მოსკოვი არ განმუხტავს ვითარებას, გამოწვეულს უკრაინაში მისი სამხედრო ქმედებების მუქარით. ეშტონმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ. „დღეს შევთანხმდით, რომ ვგმობთ უკრაინის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის აქტით და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლების გაცემით. ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არღვევს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, განაცხადა ეშტონმა და რუსეთს მოუწოდა, სამხედრო ბაზებზე დააბრუნოს სამხედრო მოსამსახურეები. ევროკავშირის ლიდერები აპირებენ ხუთშაბათს ბრიუსელში გამართონ საგანგებო სამიტი უკრაინის შესახებ მოსალაპარაკებლად. ვაშინგტონში თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს და უთხრა მას, რომ რუსეთს მოელის „მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია“, თუ უკრაინაში არ მოგვარდება ვითარება.
XS
SM
MD
LG