Accessibility links

logo-print
საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, თუმცა, გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სიღარიბე მაინც გადაულახავ პრობლემად რჩება საქართველოსთვის, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ბავშვთა 27 პროცენტი ცხოვრობს. საქართველოში ასევე მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო მესამე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე მაღალია იმ ბავშთა რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ სკოლამდელ განათლებაზე. როგორია ბავშვთა ყოფა საქართველოში და რას აკეთებს მთავრობა მის გასაუმჯობესებლად?

საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 2011 წლიდან 2013 წლამდე 25 პროცენტიდან 27 პროცენტამდე გაიზარდა. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის თქმით, მართალია, უკიდურესი სიღარიბე შედარებით შემცირდა, მაგრამ ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ აღემატება დანარჩენი მოსახლეობის სიღარიბის დონეს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ის დანახარჯები, რომელიც ღარიბი მოსახლეობისკენ იყო მიმართული, ძირითადად მიმართული იყო სხვა ჯგუფებისკენ და არა ბავშვებისკენ. შესაბამისად, ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე ღარიბ ჯგუფად. სწორედ ამიტომ იუნისეფი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, - ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ, - რომ სპეციალური შეღავათები იყოს შემოღებული ბავშვებთან დაკავშირებით“, უთხრა მაია ქურციკიძემ რადიო თავისუფლებას.

5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება წელიწადში. აქედან 300 იღუპება კვების დეფიციტის გამო. არადა, არსებობს დაბალბიუჯეტიანი გადაწყვეტები...
მაია ქურციკიძის თქმით, საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა საკმარისად არ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს. მოქმედი სისტემის ხარვეზებზე მეტყველებს დედათა და ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი:

„5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება წელიწადში. აქედან 300 იღუპება კვების დეფიციტის გამო. არადა, არსებობს დაბალბიუჯეტიანი გადაწყვეტები, რომელსაც შეუძლია შეამციროს ბავშვთა სიკვდილიანობა და გააუმჯობესოს მდგომარეობა“.

მაია ქურციკიძის თქმით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრის მოადგილის მარიამ ჯაშის თქმით, ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის სამთავრობო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი მიკროელემენტების დეფიციტის აღმოფხვრაა:

„ჩვენ უკვე ვაწარმოებთ კონსულტაციებს, რომ მოხდეს ფოლიუმის მჟავითა და რკინის მიკროელემენტებით პურის ფქვილის გამდიდრება სავალდებულო წესით, საკანონმდებლო დონეზე. საერთაშორისო გამოცდილებით, ეს არის ყველაზე ეფექტიანი ჩარევა. ასევე ერთ-ერთ საკითხად გამოიკვეთა დედათა და ბავშვთა სამსახურების, სამშობიარო სახლებისა და პედიატრიული სამსახურების ე.წ. რეგიონალიზაციის გეგმა, რომელიც იქნება აღნიშნული სამსახურების ხარისხის გაუმჯობესების გარანტი“.

იუნისეფის ანგარიშის პრეზენტაცია

იუნისეფის ანგარიშის პრეზენტაცია

მარიამ ჯაშის თქმით, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ, მიუხედავად წარმატებული დეინსტიტუციონალიზაციისა, დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მაინც რჩება 100-ზე მეტი ბავშვი. იუნისეფის მონაცემებით, ასევე საგანგაშო მდგომარეობაა ბავშვთა განათლების კუთხით: 15 წლის ბავშვთა 2/3-ს არ აქვს კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სათანადო ცოდნა და უნარი, რაც ყველაზე უარესი შედეგია ევროპაში. გარდა ამისა, ბავშვთა 50 პროცენტს და ღარიბთა 70 პროცენტს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე, რაც საქართველოს განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აკადემიური მოსწრების დონეზე.

„პრობლემაა არასწორი სკოლამდელი განათლება და ამ მიმართულებით არგადადგმული ნაბიჯები. ყურადღება უნდა მიექცეს სკოლებში განათლების ხარისხის ამაღლებასაც. ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, რომლის რევიზია ახლა მიმდინარეობს იმისათვის, რომ საფუძვლიანად მოხდეს ყველა საგნის შესწავლა სკოლაში“, უთხრა თამარ სანიკიძემ რადიო თავისუფლებას.

მინისტრებმა ნათლად წარმოაჩინეს მზადყოფნა მიჰყვნენ რეკომენდაციებს, რათა შემცირდეს ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა, გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, რომლის დროსაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ბავშვების ინტერესი ნებისმერ ეტაპზე კანონთან შეხებისას...
იუნისეფის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მდგომარეობა. რა არის ამის მიზეზი? რადიო თავისუფლების ამ შეკითხვის პასუხად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ განახევრდა ციხეეში მყოფი ბავშვების რაოდენობა:

„ადრე თუ იყო ყოველთვის 100-ზე მეტი, - 220-იც კი ყოფილა, - ამწუთში არის 45, მაგრამ მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში 38-დან 60 ბავშვამდე მერყეობდა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან დაბალი სასჯელები გამოიყენება ბავშვების მიმართ. მახსოვს, ადრე 4 წელი მიუსაჯეს 14 წლის ბავშვს იმის გამო, რომ მეზობელს ხიდან მოჰპარა 15 ლარის კაკალი. დღეს ხშირად გამოიყენება პირობითი სასჯელი, განრიდება და სხვა არასაპატიმრო სასჯელები“.

სოზარ სუბარის თქმით, იუნისეფის დახმარებით, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრილი ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურად იგეგმება სასჯელი. გარდა ამისა, აშენდა სკოლის ახალი შენობა და პირველად განცალკევდა ერთმანეთისგან სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ამ და სხვა ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურმა დირექტორმა მარი-პიერ პუარიემ, რომელსაც ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა საქართველოს მთავრობის წევრებთან:

„მინისტრებმა ნათლად წარმოაჩინეს მზადყოფნა მიჰყვნენ რეკომენდაციებს, რათა შემცირდეს ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა, გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, რომლის დროსაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ბავშვების ინტერესი ნებისმერ ეტაპზე კანონთან შეხებისას. მთავრობის სურვილია განმტკიცება იმ წარმატებებისა, რომელიც მიღწეულია ბავშვთა ზრუნვის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, ოჯახების ხელშეწყობა, იზრუნონ საკუთარ შვილებზე. გარდა ამისა, აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვა მოექცეს ეროვნული გეგმის ცენტრში“.

საქართველოს სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია მხოლოდ ცალკეული ინსტიტუციების ძალისხმევით. უჩა ნანუაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს მოქმედების ერთიანი გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ჩართული იქნება ყველა სახელმწიფო უწყება.
XS
SM
MD
LG