Accessibility links

რუსეთის პრესაში უკრაინის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში ხშირად წააწყდებით პარალელებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და 2008 წლის აგვისტოს ომთან. ავტორებს საქართველო ახსენდებათ როგორც მიმდინარე მოვლენების ანალიზის, ისე პროგნოზირების დროსაც.

„არგუმენტი ი ფაქტის“ სტატიის ავტორი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ ფედერაციის საბჭოს მიერ პრეზიდენტ პუტინისთვის გამოხატულ თანხმობაზე წერს და სვამს კითხვას - „კიდევ როდის იყო მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები?“. პასუხს ასე იწყებს: „საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში ფედერაციის საბჭოს არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება ოპერაციის დაწყებამდე“. იმ დროს რუსეთის დუმის ორივე პალატა არდადეგებზე იყო და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა განმარტა, „სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონტინგენტი კი არ მოქმედებს, სამშვიდობო კონტინგენტი გავზარდეთო“. თუმცა მოგვიანებით ამ პოზიციის იურიდიულად გამყარებაც გახდა საჭირო და ფედერაციის საბჭომ, რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, 2008 წლის 25 აგვისტოს მიიღო დადგენილება „ქართულ-ოსური“ და „ქართულ-აფხაზური“ კონფლიქტების ზონებში „მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის“ შესახებ და ეს დოკუმენტები დაათარიღეს 8 აგვისტოთი, იმ დღით, როცა არაღიარებულ რესპუბლიკებში ფაქტობრივად დაიწყო რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ზრდა.

„ვედომოსტის“ პოლიტიკური მიმომხილველი კირილ როგოვი სტატიას ასე ასათაურებს: „კონფლიქტი - არა უკრაინასთან, არამედ დასავლეთთან“. როგოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ვლადიმირ პუტინი, როგორც ყოველთვის, ფსონების გაზრდაზე თამაშობს ისე, რომ იქმნება პანიკური გრძნობა, თითქოს ის მზად არის დაფიდან ყველა ფიგურა გადაყაროს. თუმცა, მისი [პუტინის] აზრით, ეს მართვადი კონფლიქტია“. „ვედომოსტის“ ავტორი ამ კონტექსტში იხსენებს რუსეთის მოქმედებას 2008 წლის აგვისტოში, როცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკავების შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალები თბილისისკენ დაიძრნენ და „მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის მოუმზადებელი დასავლეთი, ფართომასშტაბიანი ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად, იძულებული გახდა კრემლთან ვაჭრობაში ჩართულიყო“, მოგვიანებით საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის გამო პუტინის მიმართ პოლიტიკური პრეტენზიებიც მოხსნა და მალე კრემლს პოლიტიკური „გადატვირთვა“ შესთავაზა. „ანალოგიურად, დღეს დასავლეთთან ვაჭრობის საგნად შეიძლება იქცეს არა ყირიმი, არამედ ყირიმის სცენარით კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში“.

„ვედომოსტის“ მიმომხილველი რუსეთის პრეზიდენტისთვის „საკითხის ფასსაც“ აანალიზებს და წერს, რომ შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე ყირიმის ანექსია, ერთი შეხედვით, მიმზიდველად გამოიყურება. როგოვი იხსენებს, რომ 2008 წლის ომი საქართველოსთან „პუტინის რეიტინგის არნახული აღმასვლის მომენტად იქცა“. თუმცა, ავტორის აზრით, ყირიმის ანექსია წარმატებულ შიდაპოლიტიკურ პროექტად იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის საზოგადოების მიერ გადახდილი საფასური უმნიშვნელო იქნება, როგორც საქართველოს შემთხვევაში იყო: ის ომი რუსეთის მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა, მოეწონათ იმის გამო, რომ არაფრად დასჯდომიათ. რუსებს ყირიმიც უნდათ, როგორც ნადავლი“. „ვედომოსტის“ მიმომხილველი თვლის, რომ ყირიმის შემთხვევა „პრინციპულად განსხვავებულია“, რადგან რუსეთის ეკონომიკური წარმატებები გუშინდელი დღეა და ყირიმი იქნება არა როგორც ეკონომიკური წარმატებების დამატება, არამედ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეკონომიკური წარმატებების სანაცვლოდ შეთავაზებული რამ.

„იზვესტია“ წერს, რომ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთის საფონდო ბაზრის კაპიტალიზაცია სულ რაღაც ერთ დღეში 2 ტრილიონი რუბლით დაეცა. სტატიის ავტორი იხსენებს, რომ რუსეთის საფონდო ბაზარზე ინდექსების ვარდნა გამოიწვია 2008 წელს საქართველოში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ინფორმაციამაც. ბაზრის ექსპერტს „იზვესტიისთვის“ უთქვამს, რომ უცხოელი მოთამაშეები ყიდიან აქციებს და მათ, დიდი ალბათობით, მსხვილი ადგილობრივი ინვესტორები ყიდულობენ - „ნაკლებად სავარაუდოა, ისინი ბაზრის კერძო მოთამაშეები იყვნენ. შესაძლებელია, ბანკები და ფონდები არიან. ამ ვითარებით იხეირებენ ის ინვესტორები, რომლებიც ახლა შეძლებენ გაიაფებული აქციების შეძენას“, - წერს „იზვესტია“.

„კომერსანტის“ სტატიაში რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების მიერ წაყენებული მუქარაა გაანალიზებული. სტატიის სათაურია - „აშშ-მა 2008 წლის გაფრთხილება წარმოადგინა“. ლაპარაკია სანქციებზე, რომლებიც 2008 წელს აშშ-მა გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში შეჭრის გამო. ავტორი წერს, რომ ამ ზომებმა სულ რაღაც ნახევარ წელიწადს იარსება და 2009 წლის დასაწყისში „გადატვირთვის“ პოლიტიკა გამოცხადდა. „ექსპერტები ვაშინგტონში დარწმუნებული არიან, რომ ახლაც აშშ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სანქციებზე დადებს ფსონს. „არავინ შეუდგება ყირიმის გამო რუსეთთან ომის სერიოზულად განხილვას“, - უთქვამს ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტს, აშშ-ის ყოფილ ელჩს უკრაინაში სტივენ ფაიფერს.
„ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ ორ მოსაზრებასაც შევეხები. ერთი ეკუთვნის იულია ლატინინას, რომელიც წერს, რომ „წმინდად თეორიული თვალსაზრისით, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, ძალიან გამიხარდებოდა ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში მეხილა. შენი ეთნოსით დასახლებული ნებისმიერი ტერიტორიის დაუფლება ყოველთვის სტრატეგიული პლუსიაო“. თუმცა, რაც შეეხება პრაქტიკას, ლატინინას აზრით, „ყველაფერი, რაც [ყირიმში] ხდება, სინამდვილეში ძალიან ჰგავს იმას, რაც წინ უძღოდა რუსეთ-საქართველოს ომს. იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლი არა მარტო გულდასმით ემზადებოდა ომისათვის, არამედ დიდწილად იყო აგრეთვე სამხრეთოსური კრიმინალებისა და სპეცსამსახურებში მათი კურატორების მანიპულაციის ობიექტი. სამხრეთ ოსეთშიც ხელისუფლებაში იყო კრიმინალი. მან სამხრეთ ოსეთისგან შექმნა „ჰამასი“ - ღარიბი ადამიანები ისხდნენ სანგრებში და ებრძოდნენ ქართველ ფაშისტებს. სხვა ფული და სხვა სამუშაო სამხრეთ ოსეთში არ იყოო“, წერს იულია ლატინინა და თვლის, რომ 2008 წლის ომი არა კრემლის, არამედ კოკოითის რეჟიმისთვის იყო ერთადერთი გამოსავალი. „ნოვაია გაზეტას“ ავტორის აზრით, მსგავსი „საფრთხე“ ვლადიმირ პუტინს დღეს უკვე ყირიმის შემთხვევაში ემუქრება.

„ნოვაია გაზეტაში“ კიდევ ერთ სტატიაშია ყირიმის კონტექსტში მოხსენიებული საქართველო. „ყირიმინგი“ - ასე დაასათაურა გაზეთის ბრიუსელში მყოფმა კორესპონდენტმა თავისი მიმოხილვა. ალექსანდრ მინეევი წერს, რომ „ყირიმში ან უკრაინის სხვა რაიონებში რუსეთის სამხედრო შეჭრის ალბათობა ნულს უახლოვდება. ექსპერტებს არ სჯერათ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში რუსეთის სამხედრო ძალებს ხელეწიფებათ ოპერაციის წარმართვა ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც უკრაინაა. ეს ხომ საქართველო არ არის. რუსეთის ეკონომიკა უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 2008 წელს იყო. მოსკოვს არ გააჩნია ფული ძვირი სამხედრო ავანტიურისთვის. ამასთან, უკრაინაზე გადის ევროპაში რუსეთის გაზის ექსპორტის ნახევარი. ეს კი ჭიპლარია, რომლიდანაც რუსეთი ფულითა და საქონლით იკვებება. თუმცა ყირიმში „მაიდნისთვის“ რევანშში რუსეთის ძალოვანთა ფარულ მონაწილეობაში ცოტას თუ ეპარება ეჭვი. იქ თამაშდება სახალხო ამბოხის სცენარი, რომელიც სარკისებურად ირეკლავს კიევის ამასწინანდელ მოვლენებს. თუმცა ყირიმში მრავალფეროვანი, დილეტანტური, „მოლოტოვის კოქტეილებითა“ და ქვებით შეიარაღებული „მემარჯვენე სექტორის“ მეამბოხეთა როლს ასრულებენ პროფესიონალი, უზადოდ აღჭურვილი სამხედროები, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე“, - წერს „ნოვაია გაზეტას“ საკუთარი კორესპონდენტი ბრიუსელში.
XS
SM
MD
LG