Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი, რუსეთი და ყირიმის კრიზისი


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის დასასჯელად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვი უახლოესი დღე-ნახევრის განმავლობაში არ გამოავლენს უკრაინაში შექმნილი ვითარების დიპლომატიური გზით გადაჭრის ნებას.

შტაინმაიერი ამ განცხადებით ჟენევაში გამოვიდა - მას შემდეგ, რაც, მისივე თქმით, „რთული, ხანგრძლივი და სერიოზული“ საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან: „წუხელ ვესაუბრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. საუბარი რთული, ხანგრძლივი და სერიოზული იყო. ვითარების მოგვარებამდე ჯერჯერობით კარგა დიდი მანძილი გვაქვს გასავლელი. ამდენად, ვერ ვიტყვი, ვართ თუ არა საერთაშორისო პროცესის დაწყების, ანუ საკონტაქტო ჯგუფის ფორმირების, პროცესში - ფორმატისა, რომელიც რუსეთს და უკრაინას ერთმანეთთან ლაპარაკისა და მოლაპარაკების წარმოების საშუალებას მისცემდა“.

რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების თაობაზე ჟურნალისტების შეკითხვებს შტაინმაიერმა უპასუხა, რომ თუ უახლოესი დღე-ნახევრის განმავლობაში კონკრეტული ნაბიჯები არ იქნა გადადგმული საერთაშორისო შეთანხმების, მაგალითად, საკონტაქტო ჯგუფის შექმნის თაობაზე, ევროკავშირმა მართლაც უნდა დაიწყოს ასეთი ზომების გატარება:

„ამ დისკუსიებიდან შემექმნა შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მხარეს ესმის რაოდენ სერიოზულია ვითარება. რაც შეეხება განცხადებებს, რომ [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არ მოხდება, მე ვუპასუხე, რომ ეს რუსეთის მოქმედებებით უნდა გამოიხატოს და დადასტურდეს. რასაც ახლა ვუყურებთ, ასეთ დადასტურებას ვერ დავარქმევთ".

ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს უნდა შეიკრიბონ ბრიუსელში, უკრაინის კრიზისთან მიმართებით კოორდინირებული პასუხის შემუშავების მიზნით.
ამასობაში მედიაში გაჟონა ბრიტანეთის ოფიციალურმა დოკუმენტმა, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთის მთავრობა არ აპირებს შესაძლო სანქციების ფარგლებში რუსეთთან ვაჭრობის მოცულობის შემცირებას ან ლონდონის ფინანსური ცენტრის რუსეთის მოქალაქეებისთვის დაკეტვას.

თუმცა, სავაჭრო სანქციების საწინააღმდეგო პოზიციის ფონზე დოკუმენტის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, განიხილავს რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ვიზების გაცემისა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას.

დოკუმენტმა შემთხვევით გაჟონა - მას ფოტო გადაუღეს იმ მომენტში, როცა ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს დაუნინგ სტრიტზე პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან შეხვედრაზე შეჰქონდა.

დოკუმენტის მედიაში გავრცელებას ბრიტანეთის მთავრობამ „დასანანი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის არ უნდა იქნეს მიჩნეული უკრაინაში შექმნილი კრიზისის მიმართ ბრიტანეთის ოფიციალური პოლიტიკის ინდიკატორად.
„ფოტოსურათების ასე გადაღება ან დოკუმენტების გადაღებისთვის ხელმისაწვდომად ქცევა ძალიან დასანანია და არ უნდა მოხდესო“, - უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა პარლამენტარებს.

ბრიტანეთის პოლიტიკას მართლაც რომ ასახავდეს, გაჟონილი დოკუმენტი იმის ნიშანი იქნებოდა, რომ დასავლეთის სახელმწიფოებს გაუჭირდებათ შეთანხმება სანქციებზე, რომლებმაც პრეზიდენტ პუტინს უკრაინასთან მიმართებით მოქმედება უნდა გაურთულოს. თუმცა, როგორც ითქვა, ბრიტანეთის ხელისუფლება ამ დოკუმენტს თავისი პოლიტიკის გამოხატულებად არ მიიჩნევს.

ბრიტანეთი ევროკავშირისთვის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და წარმოებაში. თუმცა მას უკრაინის კონფრონტაციასთან მიმართებით განსაკუთრებულ როლს ის ფაქტორიც ანიჭებს, რომ 1994 წელს რუსეთთან, უკრაინასა და აშშ-თან ერთად მანაც მოაწერა ხელი ე.წ. „ბუდაპეშტის მემორანდუმს“, რაც მას უკრაინის ტერიტორიული ერთიანობის დაცვას ავალდებულებს.

ორშაბათს, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გაეროში ბრიტანეთის ელჩმა, დასავლეთის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, არ გაიზიარა რუსეთის არგუმენტაცია, რომ უკრაინაში ინტერვენცია გადაყენებულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ითხოვა იმ საბაბით, რომ ქვეყანას სამოქალაქო ომი ემუქრება და სამოქალაქო პირებს მხოლოდ რუსულად ლაპარაკის გამო ავიწროებენ.

გაეროში ბრიტანეთის ელჩის მარკ ლაიალ გრანტის სიტყვებით, რუსეთის განცხადება, რომ ყირიმში ეთნიკურ რუსებს საფრთხე ემუქრებათ, „რუსეთის სამხედრო ნაბიჯების გამართლებისთვის იქნა გამოგონილი“. ელჩმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარ ქმედებას „საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი და ერთიანი პასუხი მოჰყვება“.

ამასობაში, სამშაბათს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირისგან 610 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მიღებას. ეს შეთანხმება 2013 წლის თებერვალში იქნა მიღწეული, თუმცა ვიქტორ იანუკოვიჩის პირობებში მისი რატიფიკაცია არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG