Accessibility links

logo-print

სამცხე-ჯავახეთში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო


სამცხე-ჯავახეთში 1-ლი მარტიდან სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო. ბარათები იმ სიების საფუძველზე რიგდება, რომლებიც ახალციხის მუნიციპალიტეტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთი თვის წინ გადაუგზავნა. ადგილობრივ ხელისუფლებას სიების გადამოწმება რამდენჯერმე მოუხდა. ვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ სიაში ყველა ის ადამიანი დაამატეს, ვინც კი მათ მიაკითხა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინატორები ახალციხეს ესტუმრნენ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ბარათები თავად გადასცეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სახელმწიფო დახმარებას ახალციხეში სულ 8 ათას 350 ბენეფიციარი მიიღებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის აშოტ მინასიანის განმარტებით, მოსახლეობის ნაწილს დაბეჭდილი ბარათები, ნაწილს კი პლასტიკური ბარათები გადაეცემა და ლიბერთი ბანკის მეშვეობით განკუთვნილ 50-დან 200 ლარამდე თანხას მიიღებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა 85 ბენეფიციარის პრობლემატური სიაც ჩამოიტანეს. როგორც ამირან ოქროშიძე ამბობს, აღნიშნული ხარვეზები ჩასწორდება და სახნავ-სათეს ბარათებს ყველა ბენეფიციარი მიიღებს. სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემა 1-ლი მარტიდან დაიწყო და ხუთ დღეს გაგრძელდება. ახალციხის გარდა, სახელმწიფოს დახმარება რეგიონის კიდევ სამი მუნიციპალიტეტის - ასპინძის, ადიგენისა და ახალქალაქის - მოსახლეობამ მიიღო, აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ამირან ოქროშიძე.

ბარათები უკვე დარიგდა ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ბარათს, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, 35 ათას 400 ბენეფიციარი მიიღებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტისათვის 90 მილიონი ლარი გამოყო. ბარათების დარიგება ქვეყნის მასშტაბით მარტის თვეში დასრულდება.
XS
SM
MD
LG