Accessibility links

უკრაინაში ჯერ არ არსებობს რუსეთის ჯარების გამოყენების აუცილებლობა, თუმცა ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფრაზა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სამშაბათს წარმოთქვა მოსკოვის მახლობლად, თავის რეზიდენციაში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას. შეხვედრა გაიმართა ცნობების ფონზე, რომ, უკრაინის დროებითი მთავრობის მონაცემებით, ყირიმის ტერიტორიაზე განთავსებულია 16 000-მდე რუსი ჯარისკაცი და რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო წყვეტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ეჭვს არ იწვევს, როგორ უნდა შეფასდეს უკრაინაში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდება.

„ეს არის ანტიკონსტიტუციური გადატრიალება და შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება“ , -განაცხადა პუტინმა უკრაინაში კრიზისის შესახებ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში. მან იანუკოვიჩს უწოდა უკრაინის ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი, თუმცა ისიც თქვა, რომ იანუკოვიჩს პოლიტიკური მომავალი აღარა აქვს და რუსეთში შეიფარეს იმის გამო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

პუტინმა იანუკოვიჩის, როგორც პრეზიდენტის, ლეგიტიმურობაზე მითითებით მოიშველია შემდეგი არგუმენტი: „ჩვენ გვაქვს უკრაინის ამ მოქმედი, - როგორც უკვე ვთქვი, - ლეგიტიმური პრეზიდენტის პირდაპირი მიმართვა შეიარაღებული ძალების გამოყენების თხოვნით, უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლის, თავისუფლებისა და ჯანმრთელობის დასაცავად. თუ ხალხი დაცვას გვთხოვს, ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება ამ მოქალაქეების დასაცავად. და ვფიქრობთ, რომ ეს სავსებით ლეგიტიმურია,“ - განაცხადა პუტინმა, თუმცა დასძინა, რომ ეს იქნებოდა „უკიდურესი ზომა“. მისივე თქმით, რუსეთი არ აპირებს ყირიმის ანექსიას - რეგიონის ბედი მისმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს...

„რაც შეეხება ჯარების შეყვანას, ჯარების გამოყენებას - ასეთი აუცილებლობა ჯერ არ არსებობს, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არსებობს“, - ამბობს პუტინი.

როგორც ცნობილია, რუსეთი უარყოფს ბრალდებას ყირიმში ჯარების შეყვანის შესახებ. პუტინმა სამშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროსაც თქვა, რომ რუსი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ ყირიმში მიმდინარე ოპერაციებში, რომ თავდაცვის მიზნით შექმნილ ფორმირებებს - ადგილობრივ ძალებს - ჰყავთ გარშემორტმული უკრაინის სამხედრო ბაზები. მეორე მხრივ, უკრაინის ახალი მთავრობა ამტკიცებს, რომ ყირიმის ტერიტორიაზე განთავსებულია 16 000-მდე რუსი ჯარისკაცი...

მაშინ, როცა პუტინი უკრაინაში კრიზისთან მიმართებით თავის პოზიციას გამოხატავდა, კიევს ეწვია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინის ახალი ლიდერებისადმი მხარდაჭერის დასადასტურებლად. ვაშინგტონი მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს კიევისათვის.

ამავე დროს, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აძლიერებენ მოსკოვზე ზეწოლას, ყირიმიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნით. ისინი მოსკოვს ემუქრებიან ეკონომიკური სანქციებითა და დიპლომატიური იზოლაციით. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა, რომ წყვეტს რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG