Accessibility links

რუსული რუბლის დაცემა და უკრაინის კრიზისი


რუსული რუბლის კურსი

რუსული რუბლის კურსი

უკრაინის კრიზისს თან ახლავს, ამერიკულ დოლართან შედარებით, რუსეთის რუბლის კურსის რეკორდული ვარდნა, ფასიანი ქაღალდების გაუფასურება რუსეთის ბირჟაზე. რუსეთის ფულის ეროვნული ერთეულის - რუბლის - კურსი სარეკორდოდ დაეცა გასულ ორშაბათს. ამერიკული დოლარის და საერთო ევროპული ვალუტის მიმართ, შესაბამისად, რუბლი 36, 5 ნახევარს და 50-ს უდრის. ამის პირველ მიზეზად კოპენჰაგენის „დანსკე ბანკის“ ანალიტიკოსი განვითარებადი ბაზრების სფეროში ლარს ქრისტენსენი უკრაინის კრიზისის გამო რუსეთში უცხოეთიდან ინვესტიციების შეჩერებას მიიჩნევს:

„ინვესტორები შიშობენ, რომ რუსეთი სულ უფრო შორდება დასავლეთს. არის თუ არა ეს ახალი ცივი ომი, შეიძლება სადავო საკითხი იყოს, მაგრამ ინვესტორების გრძნობებზე გავლენას ახდენს ის, რომ აშკარაა ურთიერთობის გაცივება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ასე რომ, ცხადია, ასეთ გარემოში რუსეთში ნაკლებ უცხოურ ინვესტიციას ვიხილავთ“.

ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად განსაზღვრავს უშუალოდ უკრაინის კრიზისი რუსული რუბლის დაცემას. უკვე წლის დასაწყისში შეინიშნებოდა ეს ტენდენცია, როცა ათი პროცენტით დაეცა ინვესტიციების ოდენობა არა მხოლოდ რუსეთში, საერთოდ, განვითარებად ბაზრებზე. რუსეთის სტრატეგიული კვლევის, საფინანსო და საბუხჰალტრო საკონსულტაციო კერძო ფირმის დირექტორი იგორ ნიკოლაევი რუბლის დაცემის მიზეზს ასე ხედავს:

„შესაძლებელი სანქციების ან კონფლიქტის შესაძლებელი გამწვავების მიუხედავად, რუბლი ეცემოდა და სუსტდებოდა. ახლანდელი მოვლენები მხოლოდ აჩქარებს რუბლის დასუსტებას“.

2008 წელს, რუსეთ -საქართველოს კონფლიქტის დროს და შემდეგ, საფინანსო კრიზისის პერიოდში, დავინახეთ, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 200 მილიარდი დოლარის გაღება დასჭირდა რუბლის დასაცავად...
3 მარტს კურსის მკვეთრი დაცემა საკმარისი იყო რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის, რომ ამოქმედებულიყო და, უცხოური ვალუტით მოვაჭრეთა თანახმად, ბანკმა დამატებით ათი მილიარდი ამერიკული დოლარი გაყიდა, რათა კურსის ვარდნა შეეჩერებინა. რას მოელიან, კიდევ რამდენად შეიძლება რუბლის კურსის დაცემა? ამ ეტაპზე პასუხი არავის აქვს. ერთი მიზეზი ისაა, რომ ბანკს არასოდეს გამოუცხადებია, თუ რა სტადიაში იწყებს ის ვალუტის დაცვას. ქრისტენსენი ამბობს, რომ რაც უფრო დაეცემა რუბლის კურსი, მით უფრო გაუჭირდება ცენტრალურ ბანკს მისი დაცვა, და საქართველოსთან რუსეთის ომის შემდგომ პერიოდს იხსენებს:

„2008 წელს, რუსეთ -საქართველოს კონფლიქტის დროს და შემდეგ, საფინანსო კრიზისის პერიოდში, დავინახეთ, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 200 მილიარდი დოლარის გაღება დასჭირდა რუბლის დასაცავად. ეს ზომა წარუმატებელი გამოდგა, რუსეთის ეკონომიკას ის ძვირი დაუჯდა, ამაღლდა საპროცენტო განაკვეთები და საგრძნობლად შეყოვნდა ზრდა. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთის ცენტრალური ბანკი ამ ხიფათს აცნობიერებს და დაუშვებს გაუფასურებას, მაგრამ დროდადრო მაინც მიიღებს ზომებს, რათა იაფად გაყიდვა შეაჩეროს“.

რუბლის სისუსტის ძირეული მიზეზი რუსეთის მაკროეკონომიკური სისუსტეა. და ეს სისუსტე არა მხოლოდ შენარჩუნდება...
გარდა რუბლის დაცემისა, რუსეთის ეკონომიკის სხვა მხარეზეც მოქმედებს უკრაინის კრიზისი. ორშაბათს, პირველად 2012 წლის აგვისტოს შემდეგ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ის უხდის ინვესტორებს მათგან ფულის სესხებისას. ხუთ-ნახევრიდან 7 პროცენტამდე განაკვეთის გაზრდის მიზანი ინვესტორების დაინტერესება, მათი დაკარგვის თავიდან აცილება და რუბლის გაუფასურების შეჩერებაა, მაგრამ ეს ეკონომიკას დამატებით ტვირთად აწვება. ამასთან ერთად, რუსეთის ბირჟაზე დაეცა აქციათა ფასები: „გაზპრომის“ ფასიანი ქაღალდები ათი პროცენტით გაუფასურდა, რუსეთის საფონდო ინდექსის „ერ-ტე-ეს“-ის ფასი 14 პროცენტით დაეცა. თუ ეს კრიზისი დროზე მოგვარდა, რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი არ იქნება ფართო მასშტაბისა. მაგრამ იგორ ნიკოლაევი თვლის, რომ რუსეთს ღრმა სტრუქტურული პრობლემები აქვს და მათი მოუგვარებლობა კვლავაც გამოიწვევს რუბლის გაუფასურებას:

„რუბლის სისუსტის ძირეული მიზეზი რუსეთის მაკროეკონომიკური სისუსტეა. და ეს სისუსტე არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც. სტაგნაციიდან ახლა უკუსვლის ფაზაში შევედით“.

მაგრამ თუ არ დასრულდა უკრაინის კრიზისი, ეკონომიკური სირთულეები კვლავ ექნება რუსეთსაც და დასავლეთსაც. თუ რუსეთმა გააძლიერა ზეწოლა უკრაინაზე და დასავლეთი ამას სანქციებით უპასუხებს, ამას ზეგავლენა ექნება საერთო მსოფლიო ეკონომიკაზე, რადგან უკვე მოქმედი ინფრასტრუქტურა, სავაჭრო შეთანხმების სახით, დასუსტდება, ამბობს კოპენჰაგენის „დანსკე ბანკის“ ანალიტიკოსი განვითარებადი ბაზრების სფეროში ლარს ქრისტენსენი.
XS
SM
MD
LG