Accessibility links

ქალთა სიმამაცისათვის ჯილდო „უმცირესობის უმცირესობას“ - რუსუდან გოცირიძეს


დაჯილდოების ცერემონია

დაჯილდოების ცერემონია

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ქალთა სიმამაცისთვის საერთაშორისო ჯილდოს 2014 წლის ერთ-ერთი მფლობელი. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს პრესტიჟული ჯილდო, რომელიც ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოა, საქართველოს მოქალაქემ მოიპოვა.

„მამაცურად ბრძოლისთვის ტოლერანტობისა და ყველა მოქალაქის თანასწორობისათვის რუსუდან გოცირიძეს ჩვენ ვასახელებთ ქალთა სიმამაცისათვის ჯილდოს მფლობელად“ - ასე წარადგინეს რუსუდან გოცირიძე ჯილდოზე, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ ქალებს სიმამაცისათვის. გამარჯვებულები 4 მარტს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჰეზერ ჰიგინბოტომმა წარადგინა. მან თქვა, რომ წლიდან წლამდე, უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხშირად საშიშ
ეპისკოპოსი გოცირიძე არის უმცირესობის უმცირესობა - ქალი, რომელიც მოღვაწეობს რელიგიურ სფეროში, სადაც დომინანტობენ მამაკაცები, და ასევე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია იმ ქვეყანაში, სადაც ერთი დომინანტი რელიგია არსებობს...
პირობებში მებრძოლი ეს ადამიანები ცვლიან მსოფლიოს. ჯილდოზე წარდგენილი ათივე განსაკუთრებული ქალი, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება სამართლიანობისათვის ბრძოლას მიუძღვნეს, ჰიგინბოტომის სიტყვებით, წარმოადგენენ სხვა ათასობით ქალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის კი ერთ-ერთი რუსუდან გოცირიძეა, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, „უმცირესობის უმცირესობა“.

„ეპისკოპოსი გოცირიძე არის უმცირესობის უმცირესობა - ქალი, რომელიც მოღვაწეობს რელიგიურ სფეროში, სადაც დომინანტობენ მამაკაცები, და ასევე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია იმ ქვეყანაში, სადაც ერთი დომინანტი რელიგია არსებობს. მაგრამ ამ ფაქტორმა ვერ შეაჩერა ის ებრძოლა გენდერული თანასწორობისა თუ საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა უფლებების დაცვისათვის. თავისივე ეკლესიის მხარში დგომით, რუსუდან გოცირიძეს ტოლერანტობისა და თანასწორობისათვის არაერთხელ უბრძოლია. მისი ინიციატივით დაიწყო რელიგიური დიალოგი, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა უფლებების დაცვის მიზნით. ის იყო ერთ-ერთი პირველი რელიგიური საზოგადოებიდან, ვინც დაგმო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს, მომხდარი ძალადობა თბილისში“, - განაცხადა ჰეზერ ჰიგინბოტომმა.

4 მარტს დაჯილდოების ცერემონიას აშშ-ის პირველი ლედი, მიშელ ობამაც დაესწრო და სტუმრებს სიტყვითაც მიმართა. მისი თქმით, ის უკვე მეექვსედ მონაწილეობს ამ ღონისძიებაში და მისთვის ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. მისივე სიტყვებით, ის მუდამ შთაგონებულია ამ ქალების სიმამაცით, რაც მის ცხოვრებაზეც აისახება:

„ისინი ჩვენ გვასწავლიან, რომ თუ ქალს შეუძლია შეებრძოლოს წამებას და ჩაგვრას და საკუთარი სახელის საარჩევნო ბიულეტენზე დაწერის უფლება მოიპოვოს, თუ მას შეუძლია იბრძოლოს თანასწორობისა და ტოლერანტობისათვის, რასაც აკეთებს ეპისკოპოსი საქართველოდან, თუ ის დადის კარდაკარ, ერთი პოლიციის განყოფილებიდან მეორეში, სასამართლოდან სასამართლოში, რათა შეებრძოლოს ოჯახში და ბავშვთამიმართ ძალადობას საუდის არაბეთში, თუ ამ ქალებს ამ ყველაფრის კეთება მიშელ ობამა და რუსუდან გოცირიძე დაჯილდოების ცერემონიაზე

მიშელ ობამა და რუსუდან გოცირიძე დაჯილდოების ცერემონიაზე

შეუძლიათ, მაშინ მათი სიმამაცის ნაწილი ჩვენს პირად და ჩვენი საზოგადოებების ცხოვრებაზეც აისახება, რადგან ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციისთვის ომის გამოცხადებას, ეს ნიშნავს სტუდენტების საცხოვრებლებში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ან სულაც წინააღმდეგობის გაწევას თუნდაც პატარა უსამართლობისთვის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღე“.

რუსუდან გოცირიძეს ამერიკაში დავუკავშირდით. აი, რა უთხრა მან რადიო თავისუფლებას:

„მთელი დილა ძალიან ამაღელვებელი იყო. ვიდრე ცერემონია დაიწყებოდა, მანამდე შევხვდით დამჯილდოებლებს - დოქტორ კერის, ჯონ კერის ქალიშვილს, რომელიც მამის ნაცვლად მოვიდა, რადგან სახელმწიფო მდივანი უკრაინაში გაფრინდა იმ დილით, ასევე სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილეს და, რა თქმა უნდა, მადამ ობამას... როცა გვარებს ამბობდნენ და ბიოგრაფიას კითხულობდნენ, თვალწინ მედგა ის საშინელებები, რასაც ეს ქალები ჰყვებოდნენ. ჩემს წინ ინდოელი გოგონა იყო და მის დანახვაზე მთელი დარბაზი აცრემლდა - პატარა ლამაზი პრინცესა, რომელსაც სახე მჟავით აქვს დამწვარი. ეს ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა ინდოეთში. გულისცემა ყურებში მესმოდა. ეს ჯილდო არ ვიცი რა არის... სასიამოვნოა ძალიან. მაგრამ ეს ვნებათაღელვა მალე ჩაივლის და ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებ, როგორც აქამდე ვაკეთებდი. უბრალოდ, ალბათ, ხშირად, როცა ვინმე მიიჩნევს, რომ რამეზე უკან დავიხიე ან არასათანადოდ დავიხარჯე, ეს ჯილდო გამახსენდება“.

რუსუდან გოცირიძის ჯილდოს ქალთა სიმამაცისათვის გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც. მილოცვები არ წყდება მის პირად გვერდზე სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

რუსუდან გოცირიძე სწორედ იმით გამოირჩეოდა, რომ არასოდეს ეშინოდა იმ ადამიანების დასაცავად ხმის ამოღების, რომლებიც ყველაზე დაჩაგრულები არიან და ყველაზე დიდი სიძულვილის მსხვერპლნი არიან საქართველოში...
იურისტი თამარ გურჩიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს გადაცემა ეპისკოპოსი ქალისთვის, რომელიც თანასწორობისათვის იბრძვის, რადგან საქართველოს საზოგადოებაში ბევრს ჰგონია, რომ თანასწორობისათვის ბრძოლა და რელიგია ერთმანეთთან დაპირისპირებულია. თამარ გურჩიანის აზრით, რუსუდან გოცირიძე, თავის მხრივ, მაგალითად უნდა იქცეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვისაც:

„ვფიქრობ, რუსუდან გოცირიძე, ამ ჯილდოზე ნომინირებულ დანარჩენ ქალებთან შედარებით, არანაკლებ მძიმე ვითარებაში მუშაობს. პირველ რიგში, ის თვითონ ქალია და წარმოადგენს რელიგიურ კონფესიას, რომელიც საქართველოში ასევე უმცირესობაშია. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 93% თითქმის ყოველ წელს ამბობს, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები არ უნდა იყოს დაცული, ეს ქალი, იბრძვის სწორედ ამ უმცირესობების უფლებებისა და თანასწორობისათვის. ჩვენი ქვეყნის კონტექსტისთვის კი უმნიშვნელოვანესი ამბავია, რომ სწორედ მან გაიმარჯვა. რუსუდან გოცირიძე სწორედ იმით გამოირჩეოდა, რომ არასოდეს ეშინოდა იმ ადამიანების დასაცავად ხმის ამოღების, რომლებიც ყველაზე დაჩაგრულები არიან და ყველაზე დიდი სიძულვილის მსხვერპლნი არიან საქართველოში“.

საქართველოს პატრიარქალურ საზოგადოებაში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ქალის ღია ბრძოლა ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ნამდვილად იმსახურებდა ამ დიდ ჯილდოს, მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძეც:

„რუსუდან გოცირიძეს მართლა ძალიან დიდი წვლილი შეაქვს რელიგიათა შორის დიალოგის პროცესში. ის არის სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭოს წევრი, აქტიურად იცავს არა მხოლოდ თავისი რელიგიური ჯგუფის, არამედ, ზოგადად, სხვა რელიგიურ უმცირესობათა უფლებებსაც და ამის დასტურია თუნდაც სოფელ ჭელაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ მისი დამოკიდებულება და მისი მხარდაჭერა საქართველოში მცხოვრები მუსლიმთა თემისადმი“.

რუსუდან გოცირიძე

რუსუდან გოცირიძე

რუსუდან გოცირიძის გარდა, 2014 წლის ჯილდოს მფლობელები ქალთა სიმამაცისათვის ასევე გახდნენ: დ-რი ნასრინ ორიახილი, ქაბულის მალალაის სამშობიარო სახლის დირექტორი (ავღანეთი); ქ-ნი როშიკა დეო, მინისტრი და პოლიტიკური აქტივისტი, კამპანია „გახდი ცვლილება“ (ფიჯი); დ-რი ირის იასმინ ბარიოს აგილარი, მაღალი ხარისხის რისკების სასამართლოს პრეზიდენტი (გვატემალა); ლაქშმი, კამპანიის „შეაჩერეთ მჟავური შეტევები“ აქტივისტი (ინდოეთი); ქ-ნი ფატიმატა ტურე, სათემო აქტივისტი და ორგანიზაცია „Groupe de Recherche, de’Etude, de Formation Femme-Action“-ის აღმასრულებელი დირექტორი (მალი); დ-რი მაჰა ალ-მუნეფი, ოჯახის უსაფრთხოების ეროვნული პროგრამის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (საუდის არაბეთი); ოინიხოლ ბობონაზაროვა, არასამთავრობო ორგანიზაცია „პერსპექტივა პლუსის“ დირექტორი (ტაჯიკეთი); ქ-ნი რუსლანა ლიჟიჩკო, ევრომაიდნის მოხალისე და უკრაინის სახალხო მსახიობი (უკრაინა); ქ-ნი ბეატრის მტეტვა, ადამიანის უფლებების ადვოკატი (ზიმბაბვე).

ამ ჯილდოს მოსაპოვებლად წელს აშშ-ის საელჩოებმა მსოფლიოს მასშტაბით სწორედ ის ქალები დაასახელეს, ვინც მუშაობდა საკუთარი საზოგადოების გაუმჯობესებისთვის, იბრძოდა დისკრიმინაციის ან დაპირისპირების აღმოსაფხვრელად, კონფლიქტების მოსაგვარებლად, აგრეთვე ისინი, ვინც რისკის ფასად ცდილობდა დაეკავებინა არჩევითი თანამდებობა ან დაეძლია ბარიერები იმ მიზნით, რომ პოზიტიური ცვლილება მოეხდინა. 2007 წელს ჯილდოს დაწესების დღიდან ეს ჯილდო სახელმწიფო დეპარტამენტმა 49 ქვეყნის წარმომადგენელ 76 ქალს გადასცა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG