Accessibility links

logo-print
ჯერჯერობით კვლავ უცნობია, მოხერხდება თუ არა კონსენსუსის მიღწევა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტს 5 მარტის სხდომაზე ჰქონდა დაგეგმილი. არ გამართლდა პარლამენტის თავმჯდომარის იმედი, რომ ტექსტის შეჯერებული ვარიანტის მიღება მოხერხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხის თავისუფალ ნებას მტკიცედ უჭერს მხარს, ხოლო რუსეთის აგრესიას ასევე მტკიცედ გმობს უმრავლესობაც და უმცირესობაც, უკრაინის თემა შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე დაპირისპირების საგნად რჩება. 5 მარტის პლენარულ სხდომაზე საკმაოდ მწვავე კამათი გაიმართა.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას და ვემსახუროთ საქართველოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავანახვოთ მტერს, რომ ერთიანი ვართ იმაში, რაშიც ერთიანი უნდა ვიყოთ, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს 5 მარტის პლენარულ სხდომაზე. მართალია, არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ”მტერში” რუსეთი იგულისხმება:

”თუ ოდესმე ერთიანობაა ხოლმე საჭირო და დემონსტრირება ერთიანობის, არის მაშინ, როდესაც საერთო მტერი და საერთო პრობლემა გამოუჩნდება ქვეყანას, საზოგადოებას და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, უკრაინა-საქართველო ჩვენ გათავისებული გვაქვს როგორც ერთი მთელი, რომელიც ერთ საფრთხეს უმკლავდება. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ პათოსით გავაგრძელებთ”.
დეესკალაცია არის ჩვენი მთავარი მიზანი. მთელი მსოფლიო ამბობს იმას, რუსეთი რაც არის... ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას?! ყველაფერი ნათქვამია... ჩვენი მთავარი მიზანია: კონფლიქტი დასრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა, მოაწეროს ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, გავწევრიანდეთ ნატოში...

პარლამენტის თავმჯდომარის იმედი უკრაინის მხარდამჭერი განცხადების შეჯერებული ვარიანტის 5 მარტის სხდომაზე განხილვა-დამტკიცებას უკავშირდებოდა.,თუმცა ეს არ მოხერხდა და განხილვა 6 მარტისთვის გადაიდო და ჯერ არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი.

პარლამენტის თავმჯდომარის იმედიანი მოწოდება არც ისე იოლად შესასრულებელი ჩანს იმ მწვავე დისკუსიის გათვალისწინებით, რომელიც ოთხშაბათის სხდომაზე გაიმართა. მოკლედ რომ ვთქვათ, ”ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ ”ქართული ოცნება” უკრაინის საკითხთან მიმართებით არასათანადოდ კატეგორიულად აკრიტიკებს რუსეთის აგრესიას, ხოლო ”ქართული ოცნება” ”ნაციონალურ მოძრაობას” უკრაინის თემის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. მაგალითად, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, ”ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს შექმნას პოლიტიკური პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური ქულების დაგროვება და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა:

”რატომღაც ხელისუფლება, ჩვენ, ჩაგვთვალეს იმ ობიექტად, რომელიც შეიძლება აკრიტიკო... მაშინ როდესაც არც ვაშინტონში, არც ბრიუსელში ჩვენს მიმართ არათუ კრიტიკა, შენიშვნაც კი არა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რა პოზიციაც დაგვიკავებია, საერთოდ, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე საკითხებში და, განსაკუთრებით, უკრაინის თემასთან დაკავშირებით”.

უმცირესობის წარმომადგენელ დეპუტატს გოკა გაბაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ მტკიცეა პოლიტიკური ოპონენტების სოლიდარობა უკრაინის მიმართ, თუმცა, მისი აზრით, არასათანადოდ კატეგორიულია მიდგომა აგრესორი რუსეთისადმი. დეპუტატ გაბაშვილს დიდ შეცდომად მიაჩნია ”ქართული ოცნების” მიერ დასახული მიზანი - დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან:

”რუსეთი არ გაკეთილშობილდება. ერთადერთი სწორი გზაა, რომ ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად, ხელი შევუწყოთ მის დასუსტებას იმპერიული ამბიციების თვალსაზრისით. რუსეთს უნდა გამოეცალოს ყველა ძალა და ყველა რესურსი და იმედი იმისა, რომ მას შეუძლია უფასოდ განაგრძოს იმის კეთება, რასაც აკეთებს მთელი ამ ხნის განმავლობაში”.

რამ მიიყვანა აქამდე უკრაინა? - ასეთი შეკითხვა ოთხშაბათის სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა დასვა და თავადვე გასცა პასუხი, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან გავლებული პარალელების სახით:

ნუგზარ წიკლაური

ნუგზარ წიკლაური

”აქამდე უკრაინა მიიყვანა რუსმა ოლიგარქმა იანუკოვიჩმა, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომლის მმართველობის გამოკვეთილი ნიშნები იყო: პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დევნა, ერთი მხრივ, და კორუფცია, უუნარობა თუ უნიათობა ქვეყნის ეკონომიკური თუ სხვა სახის საკითხების გადაწყვეტაში, რაც მას ახასიათებდა. აი, სწორედ ეს არის სამწუხარო პარალელი საქართველოსთან”.

უკრაინის თემის ფონზე, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის ხერხს ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმაც მიმართეს. მაგალითად, დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანაგუნდელები ზედმეტად აქტიურობენ კიევში. ”ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო”, - აი, დეპუტატ აბაშიძის მიერ ამ კონტექსტში გახსენებული ანდაზაც. ამასთან, ის თვლის, რომ ყველაფერი საქართველოს ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს და რომ ქვეყანამ საკუთარ უსაფრთხოებაზეც უნდა იზრუნოს:

”დეესკალაცია არის ჩვენი მთავარი მიზანი. მთელი მსოფლიო ამბობს იმას, რუსეთი რაც არის... ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას?! ყველაფერი ნათქვამია... ჩვენი მთავარი მიზანია: კონფლიქტი დასრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა, მოაწეროს ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, გავწევრიანდეთ ნატოში...”

საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდება თუ არა დამტკიცდეს შეჯერებული ვარიანტი პარლამენტის რეზოლუციისა ”რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ”. რეზოლუციის თავდაპირველი ვარიანტის ავტორი და ინიციატორი ”ნაციონალური მოძრაობაა”. 5 მარტის სხდომის განრიგში ამ საკითხის მომხსენებლად უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი აკაკი მინაშვილია მითითებული. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება უკრაინის მხარდაჭერის გამომხატველი რიგით მესამე საპარლამენტო დოკუმენტი. ყოველი მათგანის დამტკიცებას წინ უძღოდა მწვავე კამათი.
XS
SM
MD
LG