Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალები


კვლევის პრეზენტაცია
კვლევის პრეზენტაცია
სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობელი ქალების უფლებებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სახალხო დამცველის ოფისისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევაში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადეკვატური პირობების საკითხი, დევნილთა მიმართ განხორციელებული სახელმწიფო სტრატეგია, გრძელვადიანი განსახლების შემთხვევაში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის, მშობლის უფლების რეალიზების პრობლემები. კვლევა საქართველოს 5 რეგიონში (გორი, ზუგდიდი, ფოთი, წყალტუბო, თელავი, მესტია) ჩატარდა გასული წლის მაის-აგვისტოში.
ადგილი აქვს დისკრიმინაციას - როგორც ქალების, როგორც დევნილების და როგორც შეზღუდული შესაძლებლობის პირების, ანუ, რიგ შემთხვევაში, სამმაგ დისკრიმინაციასაც აქვს ადგილი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების არანაირი საშუალებები არ არსებობს...
უჩა ნანუაშვილი

დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობელი ქალების უფლებებთან დაკავშირებულ გამოკვლევაში კონკრეტული ქალების ამბებია მოთხრობილი. ფოთში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი ჰყვება: „თუ ჩემი და არ მოვიდა და არ ჩამიყვანა ვინმეს დახმარებით, მარტო ვერ ჩავალ. გადაადგილების პრობლემის გარდა, გართულებული მაქვს დიაბეტი, ექიმთან ხშირად მიწევს მისვლა, მუდმივად ვინმე უნდა შევაწუხო, რომ დამეხმაროს კიბეზე ჩასვლაში“.

დევნილები ამბობენ, რომ არ იცნობენ სახელმწიფო სტრატეგიას მათთან მიმართებით. გამოკველევა ცხადყოფს, რომ განსაკუთრებით რთული ვითარებაა ძველ საცხოვრებელ ფართებში შესახლებული დევნილი შშმ პირებისთვის. წყალტუბოში მცხოვრები დევნილი ქალი გამოკვლევაში ჰყვება:

„უკვე 20 წელია სუფთა სასმელი წყლისა და სანიტარული კვანძის პრობლემა გვაქვს. არ გვაქვს აბაზანა. ჩვენთან მცხოვრებმა ბავშვებმა არც კი იციან, რა არის აბაზანა“.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ რადიკალურად განსხვავებულია დევნილი შშმ ქალების მდგომარეობა ქალაქსა და რეგიონებში:

„დევნილი შშმ ქალები განსაკუთრებულ პრობლემებს სწორედ რეგიონებში აწყდებიან იმის გამო, რომ არანაირი ინფრასტრუქტურა, არანაირი პირობები, ადაპტირებული გარემო არ არის, მაგრამ ასევე გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემებისა - ეს შეეხება განათლებას, ჯანდაცვას, საუბარია ასევე იმაზე, რომ ადგილი აქვს ორმაგ დისკრიმინაციას - როგორც ქალების, როგორც დევნილების და როგორც შეზღუდული შესაძლებლობის პირების, ანუ, რიგ შემთხვევაში, სამმაგ დისკრიმინაციასაც აქვს ადგილი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების არანაირი საშუალებები არ არსებობს“.

დევნილებისათვის ადაპტირებული გარემოს არარსებობის გარდა, მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რისი მიღება შეუძლიათ სახელმწიფოსგან. ამაზე ამახვილებს ყურადღებას გაეროს განვითარების პროგრამის იურისტი, სახალხო დამცველის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ირინე ობოლაძე:

„ჩვენ გახლდით სწორედ იმ პრობლემურ ადგილებში, სადაც თითქმის 22 წელია არავითარი შეკეთებითი სამუშაოები არ გაკეთებულა. წარმოიდგინეთ, არ არის წყალი, ელემენტარული სველი წერტილები, ტრანსპორტი. არა, ძალიან კარგია, რომ განათლების სამინისტრო გვეუბნება, რომ არსებობს ინკლუზიური განათლების პროგრამა, არის მულტიდისციპლინური ჯგუფი, მაგრამ დევნილები საუბრობენ, რომ უნდა იყოს ინფორმაცია. თუ თვითონ მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია, მით უმეტეს, დევნილს, რომელიც ცხოვრობს მესტიაში, შშმ პირია, ვერ გადაადგილდება, სახლიდან ვერ გამოდის, ეკონომიურად არ აქვს იმის საშუალება, რომ მესტიიდან ჩამოვიდეს ზუგდიდში, ზუგდიდიდან წამოვიდეს თბილისში და გაიგოს ეს ინფორმაცია, ძალიან ძნელია ასეთ შემთხვევაში ვისაუბროთ, რომ ის უნდა მოვიდეს ჩვენთან და განცხადება დაწეროს საჭიროებებზე. იცის კი, საერთოდ, რა პროგრამაა მისთვის გათვალისწინებული, რა ეკუთვნის კანონმდებლობით?“
მულტიდისციპლინური ჯგუფის წარმომადგენლებმა მოახდინეს რამდენიმე ბავშვის შეფასება სწორედ სვანეთში და მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე ოჯახმა უარი თქვა ბავშვის სკოლაში წაყვანაზე და, საერთოდ, ინკლუზიური განათლების სისტემაში ჩართვაზე...
ეკა დგებუაძე

პრობლემაა შშმ დევნილი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაც. განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე ამბობს, რომ გასულ წელს 7 ბავშვის ჩართვა მოხერხდა ინკლუზიური განათლების სისტემაში, თუმცა არის შემთხვევები, როცა მშობლები უარს ამბობენ ბავშვის სკოლაში მიყვანაზე:

„მულტიდისციპლინური ჯგუფის წარმომადგენლებმა მოახდინეს რამდენიმე ბავშვის შეფასება სწორედ სვანეთში და მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე ოჯახმა უარი თქვა ბავშვის სკოლაში წაყვანაზე და, საერთოდ, ინკლუზიური განათლების სისტემაში ჩართვაზე“.

ასეთ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლებელია პირს მშობლის უფლება შეუჩერდეს. ამას ადასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ეკა სანებლიძეც:

„მშობლის უფლების ჩამორთმევა და შეზღუდვა არის უკიდურესი ზომა და როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ წავიდეთ ამ მიმართულებით, მანამდე ვცდილობთ ოჯახებთან ვითანამშრომლოთ და დავარწმუნოთ მშობლები, რომ ბავშვები ჩართონ განათლების პროცესში და როცა ეს ასე არ ხდება, ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, ვიღებთ გადაწყვეტილებას და მივდივართ სასამართლოში და ვედავებით მათ მშობლის უფლებებთან დაკავშირებით“.

თუმცა კანონმდებლობის ამ მუხლს არ ეთანხმება და ცვლილების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ანა აბაშიძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. მისი თქმით, ხშირად დევნილ შშმ პირებს ობიექტური და არა სუბიექტური მიზეზის გამო უწევს შვილის განათლებაზე უარის თქმა. ხშირად ამის მიზეზი სოციალური სიდუხჭირეა:

ანა აბაშიძე
ანა აბაშიძე
„მინდობით აღზრდის საკითხი საქართველოში არის ძალიან ალოგიკური, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს გამოჰყავს ბავშვი ოჯახიდან, სადაც სხვადასხვა მიზეზების გამო ბავშვის იქ ყოფნა არ იყო მისი ჭეშმარიტი ინტერესი. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სოციალური სიდუხჭირე. ამ დროს სახელმწიფოს ბავშვი გამოჰყავს ბიოლოგიური ოჯახიდან და მშობლებს აშორებს, მიჰყავს სხვა ოჯახში და იმ სხვა ოჯახს აძლევს ფულად დახმარებას, მაშინ როდესაც მარტივად შესაძლებელია ეს ფულადი დახმარება მიეცეს ბიოლოგიურ მშობლებს. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი იქნება მისი დარჩენა ბიოლოგიურ ოჯახში და ბავშვისთვის ამ დოზის ტრავმის თავიდან აცილება“.

მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობელი ქალების უფლებებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო დევნილთათვის განკუთვნილი ბინების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის დროს ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს, ნინო ბაიდაური, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“, ამბობს, რომ ხშირად ეს გაგებულია როგორც პანდუსის საჭიროება და მეტი არაფერი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია არა მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, არამედ დევნილ შშმ პირთა ზუსტი სტატისტიკისა და მათი კონკრეტული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის არსებობა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG