Accessibility links

logo-print

კომუნიზმის ნაბიჭვრები


ავტორი: მიხეილ სარჯველაძე

რამდენიმე თვის წინ Spiegel-ში ცნობილ პოლონელ დისიტენტთან, ადამ მიხნიკთან ინტერვიუ წავიკითხე. განსაკუთრებით საინტერესო იყო ინტერვიუს სათაური ,,კომუნიზმის ნაბიჭვრები.“ გამიკვირდა, რომ ადამიანი, რომელიც კომუნისტებს ებრძოდა,რომელიც „სოლიდარნოსტის“ მხარდაჭერისთვის 19 წლის ასაკში დააპატიმრეს, საკუთარ თავს კომუნიზმის ნაბიჭვარს უწოდებდა. ინტერვიუს სრულად განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ მოკლედ მოიყვან იმ მოსაზრებებს, რომლებზეც მიხნიკმა 2013 წლის ივლისში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული, სახელმწიფოს მართვის ავტორიტარული სტილის გამოვლინებებზე ისაუბრა. ეს თემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის (და არა მარტო) დღესაც უაღრესად აქტუალურია, მითუმეტეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

მიხნიკი ფიქრობს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ დაწყებული ტრანსფორმაციის პროცესის მიუხედავად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური / კომპრომისის კულტურა. მართალია არსებობს ძლიერი სწრაფვა თავისუფლებისადმი, მაგრამ არ არსებობს დემოკრატიის ტრადიცია და გამოცდილება. შესაბამისად ეს ვაკუუმი წარმოშობს საფრთხეს ქაოსისთვის, ქმნის ნოყიერ ნიადაგს პოპულიზმისთვის და რადიკალიზმისთვის. ელიტებს, რომლებიც პოლიტიკის საჭესთან დგანან დემოკრატია სჭირდებათ ფასადისთვის, სინამდვილეში კი სახელმწიფოს მართვის შესახებ ავტორიტარული წარმოდგენა აქვთ, რასაც პრაქტიკაში ანხორციელებენ კიდეც. მას მაგალითად მოჰყავს ბრიტანელი ისტორიკოსი ნორმან დევისი, რომელიც მმართველობის, დემოკრატიის ამ ფორმას ,,კანიბალების მთავრობას,, უწოდებს. რაც იმაში მდგომარეობს, რომ მართალია ტარდება მეტნაკლებად დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ გაამრჯვებული პარტია ,,ყლაპავს,, დამარცხებულს ანუ winner-take-all პრიციპი მოქმედებს და არ არსებობს პლურალიზმი, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავარესი წინაპირობაა. შესაბამისად ხდება ძალაუფლების თავმოყრა ერთი ძალის, ჯგუფის ხელში და პარტიები მნიშვნელობას კარგავენ, რაც სისტემის არსებობას არა ბალანსის, არამედ მონოლოგის საფუძველზე განსაზღვრავს. სუსტი სამოქალაქო საზოგადოება ვერ ახერხებს დაიცვას დემოკრატია, რადგან დემოკრატიული პრინციპებს, მოქალაქეობრივ თვითშეგნებას ისევე ღრმად არ აქვთ ფესვები გადგმული ადამიანებში, როგორც მაგალითად დასავლეთ ევროპაში. მიხნიკი გამოსავალს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ხედავს რომელიც შეძლებს დაიცვას საკუთარი დემოკრატია.

ალბათ თქვენც გაგიჩნდათ შეგრძნება, რომ მიხნიკი საქართველოზეც საუბრობს, რაც პრინციპში ლოგიკურია, რადგან საქართველოც საბჭოთა კავშირის დაშლის, ცივი ომის დასრულების შედეგად გახდა დამოუკიდებელი და ძალიან ბევრი საერთო აქვს, მართალია უკვე ევროკავშირის წევრ, მაგრამ პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებთან. საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ერთი პარტიაც კი, რომელიც გარკვეულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგას და როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში ამ იდეოლოგიის მიმდევარია. ასევე არ არსებობს პოლიტიკურთან ერთად კულტურა, ის რასაც მიხნიკი კომპრომისის კულტურას უწოდებს. პოლიტიკური ელიტების ცვლილება საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული მეტნაკლებად დამყარებულია, ყოფილი ხელისუფლების სათავეში მყოფი ელიტის მიმართ ანგარიშსწორებაზე. მიხნიკს მაგალითად მოჰყავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი კანცლერი კონრად ადენაუერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების და გერმანიის გაყოფის შემდეგ ფაქტიურად არჩევანის წინაშე იდგა. მას ან უნდა დაეპატიმრებინა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები, ჰიტლერის მიმდევრები, ან მოეხდინა მათი ,,რეინკარნაცია“ და შეექმნა მათგან დემოკრატები. ადენაუერმა მეორე გზა არჩია. მართალია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნისტური ელიტების დემოკრატებად გადაქცევის პრობლემა არ დამდგარა დღის წესრიგში, რადგან პრეზიდენტი და წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, მოკლე შუალედის შემდეგ ყოფილი კომუნისტები - მიხნიკის სიტყვებით, რომ ვთქვათ ,,კომუნიზმის ნაბიჭვარები,, გახდნენ. მაგრამ ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაახანგრძლივა საქართველოს საბჭოთა ლეთარგიაში ყოფნის დრო. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ამჟამად ამ ძილისგან გამოღვიძების, საკუთარი იდენტობის ძებნის პროცესში ვიმყოფებით. უკრაინა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რამხელა ძვრების მოხდენა შეუძლიათ ადამიანებს, როცა მათი უმთავრესი უფლება - თავისუფლების, თავისუფალი არჩევანის უფლება ავტორიტარული რეჟიმის მიერ ირღვევა. Euromaidan-ით უკრაინელმა ხალხმა ფაქტიურად პოსტსაბჭოთა სივრცეში ფუნქციონირებადი სამოქალაქო საზოგადოების პრეცენდენტი შექმნა. Euromaidan-ი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ფართო სპექტრის გარდა, უამრავ ადამიანს წარმოადგენდა, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერდნენ მხარს და რომლებიც მხოლოდამხოლოდ საკუთარი უფლების დასაცავად სიკვდილსაც არ შეუშინდნენ. სწორედ ესაა სამაგალითო იმ ფონზე, როცა საბჭოთა სისტემამ, როგორც ტოტალიტარიზმის გამოვლინებამ ინდივიდს მნიშვნელობა შეუზღუდა და ის მასის, კოლექტივის ნაწილად აქცია. სწორედ ეს მახინჯი მენტალიტეტი განსაზღვრავს იმ ფაქტს, რომ პოსტ-სოციალისტური სახელმწიფოს მთავრობები ხშირად იხრებიან ე.წ. ორველისებური, ავტორიტატარული მმართველობისკენ.

როგორ უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება? პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება? ჩემი, თქვენი, თითოეული ადამიანის მიერ ინიციატივის გამოჩენით, სოლიდარობის თუ პროტესტის გამოხატვით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კაზრეთელი მუშის თვითმკვლელობა მხოლოდ იმ ადამიანის ტრაგედია და პრობლემა იყო, ძალიან ცდება - ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. ტრაგედიაა რადგან ადამიანმა სიცოცხლე სოციალური პრობლემების გამო მოისწრაფა, მაშინ როცა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე სეკულარული უნდა იყოს, აგრძელებს ეკლესიის და სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების დაფინანსებას, ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხა სოციალურ პროგრამებს და განათლების სფეროს მოახმაროს. ჩემი , თქვენი ტრაგედიაა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, რადგან შეიძლება ხვალ ჩვენც არმოვჩნდეთ მსგავს მდგომარეობაში და უფრო მეტი სიმძაფრით შევიგრძნობთ, რომ არავინ გვიწვდის ხელს. მიხნიკი ამბობს, რომ დემოკრატია ყველასთვისაა და არა მხოლოდ პრივილიგირებულებისთვის, ან გამორჩეულებისთვის. ის, როგორც სისტემა დაფუძნებულია ინდივიდის თავისუფლებაზე და არა მის გაქრობაზე ნაცრისფერ მასაში. შესაბამისად მისი წარმატებაც დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის აქტიურობაზე, თვითშეგნებაზე, რომ ერთ ცალკეულ ადამიანსაც შეუძლია თუნდაც პატარა რაღაცის შეცვლა, რაც შეიძლება სხვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და რომ ამისთვის არ არის საჭირო არც მესია და არც არაბუნებრივი ძალები...საჭიროა მხოლოდ სიმამაცე და რწმენა უკეთესი მომავლისადმი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG