Accessibility links

logo-print

ზუგდიდში მცირე აფთიაქების მფლობელებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს


აფთიაქების მფლობელების საპროტესტო აქცია

აფთიაქების მფლობელების საპროტესტო აქცია

დღეს, 5 მარტს, დილით, მცირე აფთიაქის 20-მდე მფლობელმა და აფთიაქარმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები უმნიშვნელო მიზეზით მცირემეწარმეებს აჯარიმებენ, რაც, მათი შეფასებით, მიზანმიმართულად ხდება და პატარა აფთიაქების დახურვას ისახავს მიზნად.

მეწარმე ნანი მიქენაიას თქმით, ჯარიმების დაწერის კიდევ ერთი მიზეზი მცირე აფთიაქების ხარჯზე მწირი სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაა:

„მათ დავალებული აქვთ, რომ პატარა აფთიაქები დახურონ. ისინი არ შედიან „პსპ-ში“, „ავერსში“, შემოდიან მარტო ჩვენთან. ყველა საბაბით ცდილობენ რაღაც ფორმით ჯარიმა დაწერონ. ჩემს შემთხვევაში თითქოს ტემპერატურა უნდა მქონოდა აფთიაქში ერთი გრადუსით მეტი და ამის გამო დამიწერეს 2000 ლარიანი ჯარიმა“.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ირინა მაქაცარია, ასევე 2 ათასი ლარით უკვე დაჯარიმდა მედიკამენტების შენახვის პირობების დარღვევისთვის. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული შევიწროების მიზეზით, ერთი აფთიაქი უკვე დახურა:

„სამაცივრე პრეპარატების სიაც მიკრული მაქვს, მაცივარიც გვაქვს. თვითონაც გაუკვირდათ, როცა ნახეს. მიუხედავად ამისა, ერთ პრეპარატზე, რომელიც ახალი ნაყიდი იყო და თაროზე განზე იყო გადადებული, 2 000 ლარის ჯარიმა გამოწერეს. ჩვენი ინფორმაციით, ზუგდიდში პატარა აფთიაქების დახურვა სურთ“.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ სამეგრელოში გეგმიური შემოწმება ხორციელდება, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ამ რეგიონში არ ჩატარებულა.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით მაჭარაშვილი აქციის მონაწილეების მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი ცნობით, ამ ეტაპზე ზუგდიდსა და ჩხოროწყუში 6 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის სრული, რადგან შემოწმების პროცესი გრძელდება:

„სამკურნალო საშუალებას აქვს დადგენილი შენახვის პირობები, თუკი ეს დარღვეულია, იმ შემთხვევაში შეიძლება არათუ იმკურნალოს, არამედ შეიძლება უარყოფითადაც იმოქმედოს. ეს არ არის გამოგონილი ჯარიმები. ნებისმიერი დარღვევა გათვალისწინებულია კანონით. გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ გამოაქვს სასამართლოს და უკანონო ქმედება რომ ყოფილიყო ჩადენილი, ასეთ გადაწყვეტილებას არც ერთი სასამართლო არ გამოიტანდა, პირიქით, აქეთ შეუძლია დასვას პასუხისმგებლობის საკითხი“.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა ბრალდებებს, რომ შემოწმება შეგნებულად არ ეხება დიდ სააფთიაქო ქსელებს და ჯანდაცვის სამინისტრო ტენდენციურად მოქმედებს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მათ საპასუხოდ განმარტავს:

„ესეც აბსურდია. ეს გეგმიური შემოწმებაა. გასულ წელს ასეთი შემოწმებები სხვადასხვა რეგიონებში იყო - შიდაქართლში, ქვემოქართლში, აჭარაში, იმერეთის რეგიონში - და ახლა მოგვიწია აქ. რეგიონული შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევები, ეს იქნება დიდ თუ პატარა კომპანიაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი მხრიდან ტენდენციურობას ადგილი ნამდვილად არ აქვს“.

თუ სადამდე გასტანს გეგმიური შემოწმება, დავით მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შეიკავებს, „მომხმარებლის და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე“.
XS
SM
MD
LG