Accessibility links

logo-print

აშშ დამატებით გამანადგურებლებს გზავნის ბალტიის რეგიონში


აშშ დამატებით, ექვს გამანადგურებელსა და ერთ საწვავმზიდ თვითმფრინავს გზავნის ლიტვაში, რათა უფრო გაფართოვდეს ნატოს წარმომადგენლობა ბალტიის რეგიონში. ეს არის რეაქცია ყირიმში რუსული სამხედროების შეყვანაზე: „ეს ნაბიჯი გადაიდგა ბალტიის ქვეყნებში ჩვენი მოკავშირეების თხოვნით. მისი მიზანია კიდევ ერთხელ მოხდეს დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკა ერთგულია თავისი ვალდებულებისა უზრუნველყოს ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრების უსაფრთხოება“, - განაცხადა ოთხშაბათს პენტაგონის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. მისივე თქმით, ვაშინგტონსა და ვარშავას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, პოლონეთში გაიზარდოს სამხედრო-საჰაერო ძალების ამერიკელი ინსტრუქტორების რაოდენობა. ოთხშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა ამერიკის თავდაცვის მინისტრ ჩაკ ჰეიგელსა და მის უკრაინელ კოლეგა იგორ ტენიუხს შორის. ხოლო ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენელი მარტინ დემპსი ესაუბრა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვს. სენატში სიტყვით გამოსვლისას არც ჰეიგელსა და არც დემპსს არ ულაპარაკიათ ყირიმში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე. მათ აქცენტი გააკეთეს დეესკალაციასა და სიტუაციის დასარეგულირებლად დიპლომატიური გზების ძიებაზე.
XS
SM
MD
LG