Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა მოუხადოს ბოდიში საქართველოს პარლამენტმა უკრაინას


74 მომხრე, 0 წინააღმდეგი - 6 მარტს ამ შედეგით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობის მიერ შემუშავებული რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ხოლო ამავე საკითხზე უმცირესობის მიერ წარდგენილი ვარიანტი კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. დეკლარირებული სურვილის მიუხედავად, საპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა და ერთობლივი რეზოლუციის შემუშავება. ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის შეუთანხმებელი ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი რუსეთისთვის დასაწესებელ სანქციებს უკავშირდება.
2-დღიანი მოლაპარაკებებისა და დიდი მცდელობის მიუხედავად, ტექსტის შეჯერება ვერც ხუთშაბათს მოხერხდა და პარლამენტის სხდომაზე განსახილველად რეზოლუციის ორი ვარიანტი იქნა გატანილი. აქედან ერთი წარადგინა უმრავლესობამ, სახელწოდებით ”პარლამენტის რეზოლუციის პროექტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ”, ხოლო მეორე წარადგინა უმცირესობამ, სახელწოდებით ”პარლამენტის რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ”.

უმცირესობის მიერ შემუშავებულ ვარიანტზე სასაუბროდ ტრიბუნაზე დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ავიდა და, კონტრასტის გამოსაკვეთად, იმ ასპექტებს გაუსვა ხაზი, რაც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ აღმოაჩინა პოლიტიკური ოპონენტების მიერ შემუშავებულ ვარიანტში:

არ არის საუბარი რუსეთის იზოლაციის აუცილებლობაზე და იზოლაციის გზით რუსეთის იძულებაზე, რომ დატოვოს, ერთი მხრივ, უკრაინის ტერიტორია, ხოლო, მეორე მხრივ, დატოვოს ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. არ არის საუბარი სანქციების მოთხოვნაზე რუსეთის წინააღმდეგ და ეს სიტყვა ”სანქციები” რატომღაც აღმოჩნდა წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც უმრავლესობამ ვერ შეძლო...
ზურაბ ჯაფარიძე
”უკრაინის ოკუპაცია საერთოდ ნახსენები არ არის. არ არის საუბარი რუსეთის იზოლაციის აუცილებლობაზე და იზოლაციის გზით რუსეთის იძულებაზე, რომ დატოვოს, ერთი მხრივ, უკრაინის ტერიტორია, ხოლო, მეორე მხრივ, დატოვოს ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. არ არის საუბარი სანქციების მოთხოვნაზე რუსეთის წინააღმდეგ და ეს სიტყვა ”სანქციები” რატომღაც აღმოჩნდა წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც უმრავლესობამ ვერ შეძლო და, ჩვენი აზრით, ეს არის სწორედ პრინციპული საკითხი და ეს არის მთავარი განსხვავება, თუ რას ითხოვს პარლამენტი, რომ ზოგადი ტექსტების ნაცვლად იქ ეწეროს სანქციები“.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ის მიესალმება საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებულ აქცენტს, რომელიც, მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად მოხვდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ვარიანტში, თუმცა, ზოგადად, ოპონენტები მმართველი პოლიტიკური ძალისგან გაცილებით მეტ აქტიურობას, მეტ სიმკაცრესა და მეტ კატეგორიულობას მოითხოვენ. მათი აზრით, ”ქართული ოცნების” რიგებში უმრავლესობა ცდილობს, რომ არ აწყენინოს რუსეთის ხელისუფლებას, დიდ ბოროტებას, რომელიც მთელი ძალით ებრძვის თავისუფალი სახელმწიფოების თავისუფალ ნებას.

ოპონენტების პოზიციას უსაფუძვლოდ მიიჩნევს მმართველი კოალიცია და როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, საქართველომ არ უნდა გაუსწროს მოვლენებს, არ უნდა იჩქაროს გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როდესაც რუსეთის მიმართ დასაწესებელ სანქციებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა. უმრავლესობის მიერ შემუშავებული ვარიანტი 6 მარტის სხდომაზე დეპუტატებს სწორედ ვიქტორ დოლიძემ წარუდგინა. 8-პუნქტიან რეზოლუციაში ვხვდებით პარლამენტის მოწოდებებს როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის მისამართით:

”5. (პარლამენტი) მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას - დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევით იმყოფება ქვეყანაში და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება;

6. (პარლამენტი) მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას - პირველ რიგში, ევროკავშირსა და აშშ-ს - მიიღონ ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად, შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და საქართველოს დეოკუპაციის მისაღწევად”.

მე მგონი, ყველას სახელით, პარლამენტის სახელით, ბოდიში გვაქვს მოსახდელი უკრაინელი რიგითი მოქალაქისთვის, რომ ვერ მოვახერხეთ ის, რომ უკრაინისთვის გაგვეკეთებინა საქმე...
დავით უსუფაშვილი
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ მიერ შემუშავებულ ვარიანტს არც კატეგორიულობა აკლია და არც მკაცრი შეფასებები რუსეთის ნამოქმედარის მიმართ და რომ ”ქართული ოცნება”, ”ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, შოუს დადგმასა და უკრაინის საკითხის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებას არ აპირებს.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო საკმაოდ მწვავე დებატები პარლამენტის სხდომაზე საათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. დებატების მიწურულს, კენჭისყრამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ერთობლივი ვარიანტის ვერმიღება ”ნაციონალური მოძრაობის” არაკონსტრუქციულობის ბრალია. ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ არ არის ამაყი საქართველოს პარლამენტის ქმედებების გამო და ის, რაც 6 მარტს პარლამენტის სხდომაზე მოხდა, მძიმე აღსაქმელია როგორც საქართველოს, ასევე უკრაინელი მოქალაქეებისთვის:

”მე მგონი, ყველას სახელით, პარლამენტის სახელით, ბოდიში გვაქვს მოსახდელი უკრაინელი რიგითი მოქალაქისთვის, რომ ვერ მოვახერხეთ ის, რომ უკრაინისთვის გაგვეკეთებინა საქმე და უკრაინა ყოფილიყო ამ დარბაზში და არა რაიმე სხვა უფრო პრიორიტეტული”.

ის, რომ ქართველმა დეპუტატებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ბევრისთვის ეს მეტად სამწუხაროა საქართველოში. ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არცთუ სახარბიელო იქნება ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტმა თანხმობას ვერ მიაღწია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

6 მარტის სხდომაზე დამტკიცებული რეზოლუცია არის უკრაინისადმი მხარდაჭერის გამომხატველი რიგით მესამე საპარლამენტო დოკუმენტი. ყოველი მათგანის დამტკიცებას წინ უძღოდა მწვავე კამათი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG