Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეგიონის რუსეთთან მიერთებას


უკრაინაში ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ყირიმის რუსეთთან მიერთებას და გამოაცხადა, რომ 16 მარტს ჩატარდება რეფერენდუმი ამ საკითხზე. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ვიცე-პრემიერ რუსტამ ტემირგალიევისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ რეგიონის პარლამენტში გამართული კენჭისყრის მონაწილეები ერთხმად მიემხრნენ ყირიმის რუსეთთან მიერთებას. ტემირგალიევის თქმით, რეფერენდუმის დროს ყირიმელ ამომრჩევლებს დაუსვამენ შეკითხვას - უკრაინის ნაწილად დარჩენა სურთ, თუ რუსეთთან მიერთება. ყირიმის პრორუსულ ხელმძღვანელობას უკანონოდ მიიჩნევს უკრაინის ახალი ცენტრალური ხელისუფლება, რომელსაც გაცემული აქვს ყირიმის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დაპატიმრების ორდერები. ყირიმის პრორუსული ხელმძღვანელობა თავდაპირველად აცხადებდა, რომ 25 მაისს გამართავდა რეფერენდუმს რეგიონის სტატუსზე. მოგვიანებით რეფერენდუმის თარიღი 30 მარტს გადმოსწიეს, ახლა კი უკვე 16 მარტს. ყირიმში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსულენოვანები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG