Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აზროვნება“, „არსებობა“ და „მაშასადამეს“ მნიშვნელობა ქართული სახელმწიფოსათვის


ავტორი: ანა ჩიტალაძე

რენე დეკარტის უკვდავი გამონათქვამი : „ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ“ იმ ეგზისტენციურ პრობლემას ეხმიანება, რომელიც არსებობასა და აზროვნებას შორის ურთიერთკავშირის დადგენას ცდილობს. საქართველოს სახელმწიფოს შემთხვევაში ყველაზე საინტერესოა:“ვარსებობ” ნიშნავს თუ არა“ვაზროვნებ”, თუ მისი ყოფა ყოველგვარი “მაშასადამეს” გარეშეა შესაძლებელი?

თანამედროვე მსოფლიოში ბევრს მსჯელობენ სახელმწიფოს განვითარების გზასა და მეთოდზე. მის წარმატებას მონდომებით ზომავენ და წონიან სხვადასხვა ერთეულობით სისტემაში, სხვადასვა კრიტერიუმისა და კატეგორიის მიხედვით. უამრავი მოსაზრება არსებობს სახელმწიფოს რაობისა და დანიშნულების შესახებაც. მთავარი კი ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა მას სოციალური წესრიგის დაცვის გარანტად, ბუნებრივ ორგანიზმად თუ უმაღლეს ეთიკურ იდეალად მივიჩნევთ, რეალობა მაინც ერთია, ის არ არის მატერიალური წარმონაქმნი, რომელსაც რაიმე ერთეულს მივუსადაგებთ, რადგან სახელმწიფოს მთავარი შემადგენელი კომპონენტები ტერიტორია და მოსახლეობა არ გულისხმობს სახელმწიფოს არსებობას, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები თავისთავად ვერ უზრუნველყოფენ მის ფუნქციონირებას. შესაბამისად, სახელწიფო უპირველეს ყოვლისა იდეაა, რომელსაც შემდეგ ეძლევა მატერიალური განზომილება (ტერიტორია, მოსახლეობა, ხელისუფლება და ა.შ). ამიტომ ლოგიკურია ვიფიქროთ, სახელმწიფოს განვითარება ჯერ „იდეათა სამყაროში“ ხდება და შემდეგ პოვებს ასახვას რეალობაში ან ფეხდაფეხ მიჰყვება ციფრებში გაზომილ განვითარებას. სახელმწიფოს იდეური განვითარება კი მისი აზროვნების - პრინციპებისა და ფასეულობების სისტემის ჩამოყალიბებასა და მუდმივ დახვეწას გულისხმობს.

ქართული სახემწიფოს აზროვნება იმ ახალფეხადგმულ ბავშვს ჰგავს, რომელსაც უჭირს დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმა და არ იცის რომელი უფროსის კალთას შეაფაროს თავი. 21-ე საუკუნის მსოფლიოში კი მრავალი ასეთი უფროსი მოიძებნება. ისიც ხან ლიბერალიზმის იდეებს ჩასჭიდებს ხელს, ხან ნაციონალიზმის, ზოგჯერაც კონსერვატიზმზე თავის ჩამოდებას ცდილობს. თუმცა, მუდმივად უფროსის კალთას გამობმული ბავშვი ვერასოდეს ისწავლის სიარულს. ბუნება მოითხოვს, რომ ქართულმა აზროვნებამაც დამოუკიდებლად გადაგას ნაბიჯები და თუ ვრცელ დერეფანს ვერ გაივლის საკუთარი ოთახის კედლებს მაინც გაუყვეს. ალბათ, საზოგადოებაც ინტუიციურად გრძნობს ბუნების მოთხოვნას, ამიტომ აქტიურად განიხილება სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხი (მაგალითად, რელიგიის როლი და ადგილი სახელმწიფოში).

ქართული სახელმწიფოს აზროვნების განვითრება სხვადასხვა რგოლის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს გულისხმობს, ისე რომ შეიქმნას გამძლე ჯაჭვი, რომელსაც საიმედოდ გამოებმევა ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური პოლიტიკა და სხვა მარტივად დასანახი შედეგის მომცემი სფეროები. თუმცა, რგოლების გამოჭედვა და შემდეგ ერთმანეთზე გადაბმა არც ისე მარტივია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოს აზროვნების, ფასეულობების განვითარებაა მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში, რაც მოვლენების აღქმასა და მისი გათვალისწნებით მოქმედებას გულისხმობს.

„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო” თქვა ილიამ. დამოუკიდებლობის მოთხოვნა მართლაც იქცა ქართველი ხალხის ლოზუნგად, მაგრამ ის ვერ იქცა ცხოვრების წესად, ყოველდღიურობის განუყოფელ ელემენტად. ჩვენ დღესაც გვიჭირს ვირწმუნოთ საკუთარი ძალა, შესაძლებლობები. ამიტომ ხშირად ძალიან პოლარიზებულად აღვქვამთ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს. ერთი მხრივ რუსეთი, მეორე მხრივ აშშ, საქართველო კი მხოლოდ უსუსური ობიექტია, რომლის ბედსაც ხან ერთი ზესახელმწიფო წყვეტს, ხან მეორე და ხან ორივე ერთად. ასეთი ხედვა ქართული საზოგადოების მენტალური უმწიფრობის, ინფანტილიზმის ნიშანია. სინამდვილეში ყველა ქვეყანა თავად ქმნის საკუთარ ბედს. ამის მაგალითი I მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიაა, რომელიც მალე მსოფლიოს უძლიერეს მილიტარისტულ სახელმწიფოდ იქცა და თავად დაუწესა იმდროინდელ სამყაროს თამაშის წესები. მართალია, გერმანიის არჩევანი არ არის მომხიბლავი, თუმცა კარგად ჩანს, თუ რა გავლენა აქვს საზოგადოების განწყობასა და მის შეხედულებებს სახელმწიფოს განვითარებაზე.

მსოფლიო პოლიტიკის გამარტივებული სურათი და მიმდინარე მოვლენების გარდაუვალ მოცემულობად მიღება, რაც ფატალიზმს უტოლდება ყველაზე მეტად აბრკოლებს სახელმწიფოს აზროვნების განვითარებას საქართველოში. ეს ფაქტი განსაკუთრებით თვალშისაცემია უკრაინის მოვლენების განხილვისას. ნიშანდობლივი იყო პრემიერ ღარიბაშვილის სიტყვა მიუნხენის კონფერენციაზე. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და ევროპის ქვეყნების როლზე და აღნიშნა, რომ სწორედ მათ უნდა „მონახონ საკითხის გადაწყვეტა“. ყირიმის მოვლენებემდე ბევრად ადრე საქართველოში თითქმის არავის სჯეროდა, რომ უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო საკუთარ თავში იპოვიდა პოლიტიკურ კრიზისისთნ გამკლავების ძალას, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კონსენსუსზე, უმცირესობასთნ დიალოგზე, ხალხის სიმტკიცესა და ნებაზე მნიშვნელოვანი ევრომაიდნიდან ძალიან შორს, რუსეთისა და დასავლურ სახელმწიფოებს შორის გამართული მოლაპარაკებებია, სადაც უკრაინა მხოლოდ სასინჯი კბილია საკუთარი ძალის შესამოწმებლად და არა ქმედითუნარიანი სუბიექტი.

უკრაინის მოვლენებმა საქართველოში სახელმწიფოს იდეური განითარების სხვა სისუსტეებიც წარმოაჩინა. მართალია, უკლებლივ ყველა ქვეყნის ბედს მის საზღვრებს გარეთ არსებულ რეალობას უკავშირებს, თუმცა, ამ რეალობაში საკუთარი როლისა და ადგილის დანახვა მიანც გვიჭირს. ქართული პოლიტიკა ხან უბრალოდ რომელიმე სტრატეგიული პარტნიორის სიტყვებს ახმოვანებს ( ეს ბრალდება ხშირად ისმოდა წინა ხელისუფლების მისამართ), ხან კი ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს და საზოგადოდ ცნობილი ჭეშმარიტების გარდა არაფერს ამბობს (უკრაინის შემთხვევა).

ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკაზე განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად არსებობს ერთი მარტივი და მივიწყებული ჭეშმარიტება. მთავარია, სხელმწიფომ საკუთრი პოლიტიკური აზრი განავითაროს, რაც თვისთვად განსაზღვრავს ნებისმიერ ინტერესს ( მათ შორის ეროვნულსაც). უკრაინის მოვლენები ის მასალაა, რომლისგანაც საქართველოს კიდევ ერთი რგოლი უნდა გამოეჭედა თავისი აზროვნების ჯაჭვის შესაკოწიწებლად, თუმცა ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

შესავალში დასმულ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, მართალია არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს აზროვნებას, თუმცა აზროვნების გარეშე არსებობა დროთა განმავლობაში არსებობასაც საფრთხეს უქმნის. ეს კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ და პირველ რიგში ეცადოს სახელმწიფოს „აზროვნების სისტემა“ განავითაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მცდელობა და გარჯა საძირკვლის გარეშე აშენებულ ცათამბჯენს დაემსგავსება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG