Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენი იაცენიუკი გმობს ყირიმის პარლამენტის გადაწყვეტილებას


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი „უკანონოდ“ მიიჩნევს ყირიმის პარლამენტის გადაწყვეტილებას ყირიმის რუსეთთან მიერთების შესახებ. იაცენიუკმა ეს შეფასება გამოთქვა ბრიუსელში, სადაც იმართება ევროკავშირის სამიტი ყირიმში რუსეთის ჯარების მოქმედებაზე საპასუხო ზომების შესათანხმებლად. ყირიმის პარლამენტი ხუთშაბათს გამართულ კენჭისყრაზე მიემხრო ყირიმის რუსეთთან მიერთებას და გამოაცხადა, რომ 16 მარტს გაიმართება რეფერენდუმი ამავე საკითხზე. ყირიმის პირველმა ვიცე-პრემიერმა რუსტამ ტემირგალიევმა გამოაცხადა ასევე, რომ ყირიმში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „ოკუპანტებად“ განიხილავენ და მათ მოუწევთ ან იარაღის დაყრა, ან კიდევ ყირიმის ტერიტორიის დატოვება. იაცენიუკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ამ შეთანხმებაზე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარმა გამოიწვია უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები და ამჟამინდელი კრიზისი.
XS
SM
MD
LG