Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს რუსეთის საფრენმა აპარატებმა


7 მარტს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2014 წლის 6 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზიდან მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შეიჭრა და გორისა და კასპის რაიონების 19 სოფლის ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს გადაუფრინა. განცხადების თანახმად, გუშინვე, 6 მარტს, 18:22 საათზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შეიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს გადაუფრინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევის მორიგი ფაქტის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, რათა აღკვეთილ იქნეს რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები და ვითარების დაძაბვის მცდელობები.
XS
SM
MD
LG