Accessibility links

logo-print
ქალთა საერთაშორისო დღესთან - 8 მარტთან - დაკავშირებით ამ კვირაში თბილისში ბევრი სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა. მათგან ერთ-ერთი, „ფემინისტური 8 მარტი“, საქართველოში „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით ტარდება. მის ფარგლებში იქნება ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი „ფემინისტური ანბანი“, რომელიც, თამთა მელაშვილის იდეის მიხედვით, სალომე საღარაძემ გადაიღო. 8 მარტს ფერადი და ხმაურიანი მარშის მოწყობას ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფიც აპირებს, ქალთა დღის აღმნიშვნელ ღონისძიებებს კი ერთი საერთო იდეა აერთიანებს - ქალის უფლებებიც ადამიანის უფლებებია.

„ქალთა ფონდი“ საქართველოში 8 მარტს ყოველ წელს სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებით აღნიშნავს - შესაბამისად, ყოველ წელს იცვლება თემებიც: აქცენტი ხან ქალთა შრომის უფლებაზეა, ხან ასი წლის განმავლობაში ქალთა მიღწევებზე. წელს „ქალთა ფონდმა“ გადაწყვიტა დაგვანახვოს, თუ როგორ აღიქმება ქალთა დღესასწაული ფემინისტების მიერ.

„დიასახლისი არის... სახლის, ოჯახის ტოპმენეჯერი. რადგან დღეს ტოპმენეჯერების უმრავლესობა მამაკაცია, გამოდის, რომ მამაკაცებიც ძალიან კარგად შეძლებენ დიასახლისობასაც“.

სიტყვა „დიასახლისის“ ეს განმარტება ხათუნა სამნიძეს ეკუთვნის. ის ერთ-ერთია იმ 14 ქალს შორის, რომლებიც სალომე საღარაძის დოკუმენტურ ფილმ „ფემინისტურ ანბანში“ მონაწილეობენ. ამ ფილმს მაყურებელი 8 მარტს ნახავს. იდეის ავტორი თამთა მელაშვილია, მიზანი კი უბრალოდ ტერმინოლოგიის ლექსიკონის შექმნა არ ყოფილა. ეს იმ ცრურწმენების თუ სტერეოტიპების მსხვრევის მცდელობაა, რომელიც ფემინისტების შესახებ საქართველოში არსებობს. ფილმის მონაწილეები კონკრეტული სიტყვების განმარტებებს თავად ადგენდნენ. ქართული ანბანის მიხედვით, სულ 33 სიტყვა შეირჩა.

„გადავწყვიტეთ, რომ ცოცხალ ფემინისტებს ცოცხლად შეედგინათ ეს ანბანი ფილმის სახით. ვარჩევდით სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ, შემდგარ ქალებს. გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა კარგი მაგალითი, რომ ეს ქალები არსებობენ, აქვთ ფემინისტების იდენტობა, არიან ძალიან წარმატებულები და ცოცხლად ქმნიან ფემინისტურ ანბანს“.

ოჯახი. ტრადიცია. ქალიშვილობა. ნეკნი. გასათხოვარი-გაუთხოვარი-განათხოვარი - ეს ფემინისტურ ლექსიკონში შემავალი სიტყვების მხოლოდ ნაწილია.

ნინო გამისონია: „ქალიშვილობა ქალის კონტროლის მექანიზმია.კონტროლი ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე. კაცისთვის გარანტია - იყოს პირველი და ერთადერთი“...

რუსუდან გოცირიძე: „ოჯახი. ვისთვის ოჯახი რამდენიმე თაობის თანაცხოვრებაა, ვისთვის კი - ორი ადამიანის ერთად ცხოვრება, რომლებიც ავსა და კარგს იზიარებენ. ოჯახი ყველაზე დაცული და უსაფრთხო სივრცე უნდა იყოს ადამიანისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ეს სივრცე ხდება ხოლმე ძალადობრივი, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების მიმართ“.

ნანა ფანცულაია, თამთა მელაშვილი

ნანა ფანცულაია, თამთა მელაშვილი

”ქალთა ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა ფანცულაია გვეუბნება, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ შესაძლოა ბევრმა ქალმა აღმოაჩინოს, რომ მათი და ფემინისტების აზრები ერთმენეთისას ემთხვევა. მთავარი კი, რაც ყველა ქალს მუდამ - და ამ დღეს განსაკუთრებით - უნდა ახსოვდეს, არის ის, რომ ქალის უფლებებიც ადამიანის უფლებებია და ეს უფლებები ხშირად დაცული არ არის:

„მათ ექნებათ იმის განცდა, რომ ეს ქალებიც მათნაირები არიან, ისინი ასევე ფიქრობენ და ეთანხმებიან ბევრ რამეში, მაგრამ ესენი თურმე ფემინისტები ყოფილან, თუმცა თვითონ თავს დანარჩენები ასეთი იდეოლოგიის მატარებლად არ მიიჩნევენ. ეს კი, ჩვენი აზრით, იმის ბრალია, რომ მათ არ აქვთ ცოდნა, რა უნდათ ფემინისტებს და რა ღირებულებები აქვთ, საერთოდ“.

რვა მარტს „ფრონტლაინ კლუბში“ შეკრებილ საზოგადოებას ასევე შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თამთა მელაშვილის კიდევ ერთ პროექტს, რომელსაც ჰქვია „ადგილები/ისტორიები“. 20 ფოტოისტორიაში აღწერილი და მოთხრობილია იმ ადგილების შესახებ, მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც საქართველოს ქალების პირველი ფემინისტური მოძრაობა იწყებოდა. თბილისი, ქუთაისი, სამტრედია, ხონი - ამბების გეოგრაფია მრავალფეროვანია.
„ერთ-ერთი ფოტოისტორია, მაგალითად, უკავშირდება ანასტასია თუმანიშვილს, რომელიც ჟურნალ „ჯეჯილს“ გამოსცემდა და ამ ჟურნალის რედაქცია მდებარეობდა „კვალის“ ქუჩაზე. ეს რედაქცია იყო ფემინისტური თავშეყრის ადგილი, სადაც საინტერესო დისკუსიები იმართებოდა და სადაც, მაგალითად, ნინო ტყეშელაშვილს აკაკი წერეთელმა პირველად უწოდა სუფრაჟისტი, შენ ხარ პირველი სუფრაჟისტი საქართველოშიო და შემდეგ ნინო ტყეშელაშვილი გამოცემაში „ხმა ქართველი ქალისა“ სწორედ „პირველი სუფრაჟისტკის“ ფსევდონომით აქვეყნებდა სტატიებს. დღეს ეს „კვალის“ ქუჩა აღარ არსებობს და როცა მოვძებნეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ეს არის ფოსტისუკანა ქუჩა, სადაც ახლა სასტუმრო შენდება და ის ძველი რედაქციის შენობა აღარც დგას, მაგრამ ფოტოგრაფმა ლიკა ლეჟავამ მაინც აღბეჭდა ეს ფოტოზე, თუ რა ხდება დღეს ამ ადგილას და ასე ვთქვით, რომ აქ იყო „კვალის“ რედაქცია, სადაც მაშინდელი ქართველი ფემინისტები იკრიბებოდნენ“.

8 მარტს „ფრონტლაინში“ ასევე გაიმართება წეროვანში მცხოვრები ქალების სოციალურ საწარმო “იკორთაში”დამზადებული ფემინისტური ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვაც. მინანქრის სამკაულზე შესაძლოა რომელიმე ფემინისტური სიმბოლო - მაგალითად, შეკრული მუშტი - აღმოაჩინოთ და კიდევ ერთხელ გაივლოთ გულში თამთა მელაშვილის ეს სიტყვები:

„მე ვარ ქალი. მე მაქვს უფლება, არჩევანის თავისუფლება. მე მინდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ“.
XS
SM
MD
LG