Accessibility links

logo-print

ირანში მსჯელობენ სიკვდილით დასჯის კადრების გავრცელების ეთიკურ მხარეზე


ახლახან ინტერნეტით მასობრივად გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ირანში ადამიანის ჩამოხრჩობას ასახავს. ვიდეოს გავრცელების ფონზე, ქვეყანაში გააქტიურდა დისკუსია იმის თაობაზე, ხომ არ გზავნიან სოციალური ქსელების მომხმარებლები არასწორ მესიჯს ამ შინაარსის ვიდეოების გავრცელებით.

უნდა გავავრცელოთ თუ არ უნდა გავავრცელოთ - ესაა კითხვა, რომლის გარშემოც ირანელები ბევრს მსჯელობენ მას შემდეგ, რაც ინტერნეტით მასობრივად გავრცელდა საჯარო ჩამოხრჩობის ამსახველი კადრები.

ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ შემზარავი კადრების სოციალური ქსელებით გავრცელებაში, აცხადებენ, რომ მსგავსი ჩანაწერი ბევრმა უნდა ნახოს, ვინაიდან ის ნათელს ჰფენს ისლამური ისტებლიშმენტის მიერ გამოყენებულ სასტიკ მეთოდებს. ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ ამგვარი ვიდეოების გავრცელება ირანში ძალადობრივი გარემოს კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს - გარემოს, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს სიკვდილით დასჯის საჯარო აქტები.

როგორც ამბობენ, გავრცელებული ვიდეო თებერვლის ბოლოს ქალაქ კარაიშია გადაღებული. კადრებზე ასახულია ჩამოხრჩობის საყურებლად მისული ირანის ათობით მოქალაქე. გავრცელებული ცნობებით, სიკვდილმისჯილს ეს განაჩენი გამოუტანეს ორსული ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობისთვის. ქალმა თავდასხმის შედეგად ნაყოფი დაკარგა.

საკუთრივ ჩამოხრჩობის სცენას მხოლოდ რამდენიმე ათეული პირი დაესწრო, თუმცა, ინტერნეტის მეშვეობით, ის ათი ათასობით ადამიანმა იხილა.

ვიდეოზე ნაჩვენებია ეშაფოტზე მდგომი მამაკაცი, რომელსაც ხელები ზურგსუკან აქვს შეკრული. ის ჯალათებითაა გარშემორტყმული. კადრებში სიბნელეა და სახელდახელოდ აგებულ ეშაფოტს მხოლოდ სუსტი შუქი დაჰნათის ზემოდან. ერთი შეხედვით, ვითარება სასცენო წარმოდგენასაც კი ჩამოჰგავს.

მამაკაცი დედას დაუძახებს.

„დედაჩემი მოიყვანეთ, მინდა ვნახო!“ - ყვირის ის. - „მაჩვენებთ დედას?“

ჯალათები მის თხოვნას უგულებელყოფენ.

ისმის ქალის ხმა: „ჩემი შვილი, ჩემი შვილი!“

მამაკაცს და ჯალათებს შორის გაწევ-გამოწევა იმართება. სიკვდილმისჯილი ფეხს ურტყამს შემაღლებულ ადგილს, რომელზეც უნდა დადგეს. შემდეგ ის ერთ-ერთ მცველსაც ჩაარტყამს წიხლს.

„ნუ სცემთ, მოკალით“, - ამბობს ერთ-ერთი მაყურებელი.

მინდოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ადამიანს, რომელსაც სიკვდილი აქვს მისჯილი, [ჩამოხრჩობამდე] სცემენ. ხალხმა უნდა ნახოს, რა პირობებში გამოასალმეს ის სიცოცხლეს. სცენის შემზარაობამ მიბიძგა ვიდეოს გავრცელებისკენ...
ეშაფოტთან კიდევ რამდენიმე მცველი მიირბენს, ფიზიკური ჩხუბი გრძელდება. ბოლოს მამაკაცს აიძულებენ ფეხზე დადგეს, თავზე ყულფს ჩამოაცვამენ და სწრაფად ჩამოახრჩობენ. ისმის შეძახილები: „ალაჰ აკბარ“. ვიდეოზე ასახულია მისი უსულო სხეული.

ამ სცენების შემცველი შემზარავი ვიდეო გასულ კვირაში გავრცელდა იუთუბით და სოციალური ქსელებით.

კაცმა, რომელიც ამბობს, რომ მოჰამად რეზა აბასიანი ჰქვია, ერთ-ერთ ვებსაიტს უთხრა, რომ ვიდეო მას ირანიდან მეგობარმა გაუგზავნა. მისი თქმით, მეგობარმა ჩანაწერი „ბლუთუსის“ მეშვეობით თავის მობილურ ტელეფონზე მიიღო.

აბასიანის თქმით, მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამ ვიდეოს განთავსების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ სურს ირანელებმა თავი შეიკავონ სიკვდილით დასჯის საჯარო აქტებზე დასწრებისგან. ხელისუფლების აზრით, სიკვდილით დასჯის აქტებზე მოქალაქეების დასწრება დანაშაულის პრევენციას ემსახურება.

„მინდოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ადამიანს, რომელსაც სიკვდილი აქვს მისჯილი, [ჩამოხრჩობამდე] სცემენ. ხალხმა უნდა ნახოს, რა პირობებში გამოასალმეს ის სიცოცხლეს. სცენის შემზარაობამ მიბიძგა ვიდეოს გავრცელებისკენ. იმედი მქონდა, რომ ის მიაღწევდა უფლებადამცველ აქტივისტებამდე, რომ ეს ვიდეო ერთგვარი სიმბოლო გახდებოდა საიმისოდ, რომ ხალხმა თავი შეიკავოს სიკვდილით დასჯაზე დასწრებისგან“, - ამბობს აბასიანი.

თუმცა ვიდეოს გავრცელებას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა.

ვფიქრობ, როცა ამგვარი ვიდეოების საყურებლად გვიწვევენ, ეს იგივეა, რომ სიკვდილით დასჯის რეალურ სცენაზე მიგვიწვიონ. ამას არასოდეს გავაკეთებდი...
„რა განსხვავებაა მათ შორის, ვინც სიკვდილით საჯარო დასჯას ესწრება, და მათ შორის, ვინც ამას ონლაინ უყურებს?“ - იკითხა თეირანელმა ახალგაზრდა კაცმა ფეისბუქზე.

ოპონენტებს ეთანხმება როია კაშეფიც, პარიზში განთავსებული ირანელ მკვლევართა ასოციაციის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ის ხალხი, ვინც ამგვარ ვიდეოებს უყურებს, თავისდაუნებურად სახელმწიფოს მიზანს ემსახურება - ირანელ ხალხში შიშის დათესვის მიზანს:

„ვფიქრობ, როცა ამგვარი ვიდეოების საყურებლად გვიწვევენ, ეს იგივეა, რომ სიკვდილით დასჯის რეალურ სცენაზე მიგვიწვიონ. ამას არასოდეს გავაკეთებდი“.

არა მგონია, ამ ვიდეოს ნახვის შედეგად, ვინმემ სიკვდილით დასჯა მართებულად მიიჩნიოს. პირიქით, ჩემი აზრით, ეს სიკვდილით დასჯის მიმართ ზიზღს გამოიწვევს ადამიანებში...
კაშეფის ეჭვი ეპარება ამგვარი ჩანაწერების გავრცელებამ ხელი შეუწყოს ირანში სიკვდილით დასჯის და საჯარო ჩამოხრჩობის წინააღმდეგ მებრძოლთა საქმეს. პირიქით, ის ამბობს, რომ ასეთი სცენების ყურება შემზარავ რეალობასთან ერთგვარ შეგუებასაც კი იწვევს: „ეს ხალხი თვლის, რომ მათი უფლებაა დასხდნენ და ამას უყურონ, რადგან ისინი ამას თავიანთი კომპიუტერების მონიტორში აკეთებენ, რაც ერთგვარ იმუნიტეტს უქმნით. თითქოს უსაფრთხოდ არიან, რეალურ სცენასთან დისტანცია აშორებთ, რაც ძალიან საშიშია, განსაკუთრებით თუკი ძალადობრივი სცენების ყურების სამომავლო შედეგებზე ვმსჯელობთ. ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა, ნებისმიერი ფორმით, ძალადობრივი აქტია“.

მათ შორის, ვინც ვიდეო გაავრცელა, იყო აშშ-ში მცხოვრები ცნობილი ირანელი სოციოლოგი ჰოსეინ ღაზიანი. ვიდეოს მან მისი ძალადობრივი შინაარსის შესახებ გაფრთხილებაც დაურთო.

კრიტიკის პასუხად, სოციოლოგი ამბობს, რომ დარწმუნებული არ არის, სიკვდილით დასჯის ყურება ძალადობის გაღრმავებას და სიკვდილით დასჯის კულტივაციას იწვევდეს:

„არა მგონია, ამ ვიდეოს ნახვის შედეგად, ვინმემ სიკვდილით დასჯა მართებულად მიიჩნიოს. პირიქით, ჩემი აზრით, ეს სიკვდილით დასჯის მიმართ ზიზღს გამოიწვევს ადამიანებში“.

ღაზიანის თქმით, ვიდეოს გავრცელებისას მისი სურვილი იყო ყურადღება მიჰქცეოდა მსჯავრდებულთა უფლებებს, რაც ბევრმა, შესაძლოა, უგულებელყოს და განაცხადოს, რომ მათ ის მიიღეს, რასაც იმსახურებდნენ.

გასულ თვეში გაეროს ადამიანის უფლებების სააგენტო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანში მატულობს სიკვდილით დასჯის შემთხვევები. გაეროს მონაცემებით, 2013 წელს ირანში სიკვდილით დასჯის 500 შემთხვევაა ცნობილი - მათგან 57 საჯარო აქტი იყო.
XS
SM
MD
LG