Accessibility links

logo-print

ფინანსთა მინისტრის ეკონომიკური ოპტიმიზმის საფუძვლები


ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ ორ თვეში მისმა უწყებამ 13 პროცენტით მეტი გადასახადი აკრიფა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. საგადასახადო შემოსავლების მატება თან სდევს ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალ დონეს, რომელიც, დაახლოებით, 8 პროცენტს შეადგენს. ასეთი მაჩვენებლები საქართველოს მთავარ ფინანსისტს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესებულია მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლები. მაგალითად, საგარეო ვაჭრობა 15 პროცენტით მეტია, ვიდრე შარშან იანვარში იყო. შედეგების გაუმჯობესება აღინიშნება სოფლის მეურნეობის დარგში და მშენებლობის სექტორში. ეს ყველაფერი კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე აისახება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ თვეს თითქმის 8 პროცენტი შეადგინა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიუჯეტის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზეც საუბრობს:

პირველი ორი თვის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებულია, დაახლოებით, 37 მილიონი ლარით. ბიუჯეტში მობილიზებულია მილიარდ 188 მილიონი ლარი...
”თითქმის 113 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული საგადასახადო შემოსავლები საქართველოს ბიუჯეტში. აღნიშნული მატებიდან 65,3 მლნ ლარი იანვრის თვეზე მოდის, ხოლო 47,5 მლნ ლარი - თებერვალზე. 2014 წლის იანვარ-თებერვალში, გადასახადების სახით, ბიუჯეტში მობილიზებულია 982,9 მლნ ლარი. მიმდინარე წლის იანვარში, 2013 წლის იანვართან შედარებით, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და 3 მილიარდ 567 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის გაზრდილია: სოფლის მეურნეობა - 84,0%-ით, მშენებლობა - 43,0%-ით, კომუნალური მომსახურების გაწევა - 30,0%-ით, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა - 12,0%-ით”.

ეს განცხადება ნოდარ ხადურმა 5 მარტს გააკეთა, ხოლო 6 მარტს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, საგადასახადო შემოსავლების გეგმის გადაჭარბების შესახებაც ილაპარაკა:

”პირველი ორი თვის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებულია, დაახლოებით, 37 მილიონი ლარით. ბიუჯეტში მობილიზებულია მილიარდ 188 მილიონი ლარი. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ, ეკონომიკის აქტივობის მერყეობიდან გამომდინარე და სეზონურობიდან გამომდინარე, დავასკვნათ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტს არანაირი პრობლემა არ ექნება“.

როგორც წესი, წლის დასაწყისში საგადასახადო შემოსავლების ზრდა ფიქსირდება ხოლმე, იმიტომ რომ გაზაფხულის დასაწყისში კომპანიებს უწევთ წლიური დეკლარაციების შევსება და გადასახადების გადახდა. გასული წლის დასაწყისშიც ასეთი ტენდენცია იყო...
ფინანსთა მინისტრი იმასაც ფიქრობს, რომ ასეთ ფონზე ეკონომიკის დაგეგმილი 5 პროცენტიანი ზრდა სრულიად რეალისტურად გამოიყურება. ნოდარ ხადურისგან განსხვავებით, ფრთხილ პროგნოზებს აკეთებენ ეკონომიკის ექსპერტები. მათ შორისაა ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი. ის ფინანსთა მინისტრის ერთი წლის წინანდელ ოპტიმისტურ განცხადებებს იხსენებს, რომელიც 2013 წლის დასაწყისში მაღალ საბიუჯეტო შემოსავლებს უკავშირდებოდა, მაგრამ მეორე და მესამე კვარტალში ყველაფერი შეიცვალა და არათუ გადაჭარბება, დაგეგმილის შესრულებაც ვერ მოხერხდა:

„როგორც წესი, წლის დასაწყისში საგადასახადო შემოსავლების ზრდა ფიქსირდება ხოლმე, იმიტომ რომ გაზაფხულის დასაწყისში კომპანიებს უწევთ წლიური დეკლარაციების შევსება და გადასახადების გადახდა. გასული წლის დასაწყისშიც ასეთი ტენდენცია იყო - ზრდა დაფიქსირდა წლის დასაწყისში, მაგრამ შემდეგ, გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში, თავი იჩინა პრობლემებმა“.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წლის დასაწყისში ბიუჯეტის გეგმის გადაჭარბებით შესრულების საშუალებას იძლევა ხოლმე. ეს არის თავად გეგმის ფორმირების წესი, რომელიც მინისტრს კვარტალური გეგმის მაჩვენებლების ცვლილების საშუალებას აძლევს. ეკონომიკის ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი საგადასახადო შემოსავლების ზრდის სხვა ფაქტორებზეც საუბრობს:

მერაბ ჯანიაშვილი

მერაბ ჯანიაშვილი

”ეს მცირე ზრდა შემოსავლებში რაღაც განსაკუთრებულს არ ნიშნავს, იმიტომ რომ, თუ ეკონომიკა იზრდება და წინ მიდიხარ, ყოველ წელს უნდა გქონდეს შემოსავლებში ზრდა, თუ გადასახადებს არ შეამცირებ ან დასაბეგრი ბაზა არ შეამცირე. წინა წელს ჩვენთან გადასახადები არ შემცირებულა. პირიქით, რამდენიმე გადასახადი გაძვირდა. სწორედ ამას შეიძლება მივაწეროთ ის, რომ საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა. რაღაც განსაკუთრებული ეკონომიკური გარღვევა რომ არ გვქონია, ამას ყველა ხედავს”.

არადა, სწორედ ”განსაკუთრებული ეკონომიკური გარღვევის” აუცილებლობის შესახებ ლაპარაკობს, ეკონომისტებთან ერთად, საქართველოს მთავრობაც.

ინვესტიციების წასახალისებლად საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პოლიტიკური ძალის დამაარსებელმა ბიძინა ივანიშვილმა 6 მილიარდიანი ”თანაინვესტირების ფონდი” შექმნა, მაგრამ ჯერჯერობით ამას საქართველოში ინვესტიციების ბუმი არ გამოუწვევია. 2013 წელი 2012 წლის მსგავსი საინვესტიციო მაჩვენებლებით დასრულდა.
XS
SM
MD
LG