Accessibility links

logo-print
გასული კვირა ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი რამდენიმე გამოკვლევის პრეზენტაციითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. ამავე კვირაში ცნობილი გახდა, რომ პირველად მიენიჭა საერთაშორისო ჯილდო ქალთა სიმამაცისათვის ქართველ ქალს, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს რუსუდან გოცირიძეს. ამ კვირაში პარლამენტმა დაამტკიცა საარჩევნო კოდექში შესატანი ცვლილებები და მიიღო უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია.

6 მარტს საქართველოს პარლამენტმა - შედეგით: 74 მომხრე, 0 წინააღმდეგი - დაამტკიცა უმრავლესობის მიერ შემუშავებული რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ამავე საკითხზე უმცირესობის მიერ წარდგენილი ვარიანტი კი, კენჭისყრის შედეგად, ჩავარდა. საპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა და ერთობლივი რეზოლუციის შემუშავება. ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის შეუთანხმებელი ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი რუსეთისთვის დასაწესებელ სანქციებს უკავშირდება. მოლაპარაკებებების მუხედავად, პარლამენტის სხდომაზე განსახილველად რეზოლუციის ორი ვარიანტი გაიტანეს.

(პარლამენტი) მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას - დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევით იმყოფება ქვეყანაში...
”უკრაინის ოკუპაცია საერთოდ ნახსენები არ არის. არ არის საუბარი რუსეთის იზოლაციის აუცილებლობაზე და იზოლაციის გზით რუსეთის იძულებაზე, რომ დატოვოს, ერთი მხრივ, უკრაინის ტერიტორია, ხოლო, მეორე მხრივ, დატოვოს ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. არ არის საუბარი სანქციების მოთხოვნაზე რუსეთის წინააღმდეგ და ეს სიტყვა ”სანქციები” რატომღაც აღმოჩნდა წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც უმრავლესობამ ვერ შეძლო და, ჩვენი აზრით, ეს არის სწორედ პრინციპული საკითხი და ეს არის მთავარი განსხვავება, თუ რას ითხოვს პარლამენტი, რომ ზოგადი ტექსტების ნაცვლად იქ ეწეროს სანქციები“, - განაცხადა უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, საქართველომ არ უნდა გაუსწროს მოვლენებს, არ უნდა იჩქაროს გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როდესაც რუსეთის მიმართ დასაწესებელ სანქციებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა. უმრავლესობის მიერ შემუშავებული ვარიანტი 6 მარტის სხდომაზე დეპუტატებს სწორედ ვიქტორ დოლიძემ წარუდგინა. 8-პუნქტიან რეზოლუციაში ვხვდებით პარლამენტის მოწოდებებს როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის მისამართით:

”5. (პარლამენტი) მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას - დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევით იმყოფება ქვეყანაში და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება;

6. (პარლამენტი) მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას - პირველ რიგში, ევროკავშირსა და აშშ-ს - მიიღონ ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად, შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და საქართველოს დეოკუპაციის მისაღწევად”.

კვირის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა ასევე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც კვლავაც რჩება სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის სამიზნედ. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსის მესამე მოსმენის პროცედურამ და კენჭისყრამ 7 მარტის სხდომაზე მშვიდად ჩაიარა, მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის გამო, კვლავაც უკმაყოფილო რჩებიან კოალიცია ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტები, თუმცა, მმართველი გუნდის შეფასებით, ამ ეტაპისთვის გაკეთდა მაქსიმუმი საარჩევნო კოდექსის დასახვეწად.

შტეფან ფიულე

შტეფან ფიულე

გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, რომლის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დღისწესრიგზე მუშაობას მარტის ბოლოსთვის დაასრულებს, ხელშეკრულებას კი ხელი, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს მოეწერება. მისივე თქმით, ევროკავშირისთვის კვლავ შეშფოთების საგანია, უკრაინის პარალელურად, რუსეთის ქცევა საქართველოშიც:

„ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში, შეშფოთების საგანია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი რუსეთის მხრიდან გამოწვევის საგნად რჩება, მათ შორის, ბარიერების აღმართვითა და სამხედრო კონსტრუქციებით, რაც ხელს უშლის ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებას, ახლო ურთიერთობას. ჩვენ ამ გარემოებაზე არ უნდა შევწყვიტოთ ფოკუსირება იმ დროს, როცა ყურადღება მიპყრობილი გვაქვს უფრო დასავლეთით მიმდინარე მოვლენებისადმი. რუსეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პატივი სცეს თავისი მეზობლის, საქართველოს, სუვერენიტეტს“.

არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება გადახედავდა ამ პრაქტიკას და შეცვლიდა იმას, რასაც ჰქვია მიყურადება და თვალთვალი და ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი წინგადადგმული ნაბიჯები...
განახლდა მოძრაობა „ეს შენ გეხება! - ისევ გვისმენენ!“ - ამ სლოგანით ისევ გაერთიანდა სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, რათა პარლამენტს შეახსენოს, რომ უკანონო თვალთვალი და მიყურადება გრძელდება და ამისთვის ხელის შესაშლელად საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებელი. კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველ კოალიციას სისტემური ცვლილებები არ განუხორციელებია და კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან სამართალდამცავ ორგანოებს შეუზღუდავი წვდომა აქვთ.

სამოქალაქო სექტორი, ერთი მხრივ, მოქალაქეებს და, მეორე მხრივ, პარლამენტს შეახსენებს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას, რათა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, დასრულდეს წინა ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკა, როცა უსმენდნენ ყველას, განურჩევლად. ეკა გიგაურის თქმით, სამწუხაროდ, უკანონო თვალთვალი და მიყურადება დღესაც გრძელდება:

„არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება გადახედავდა ამ პრაქტიკას და შეცვლიდა იმას, რასაც ჰქვია მიყურადება და თვალთვალი და ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი წინგადადგმული ნაბიჯები. დღესაც ვფიქრობთ, რომ ისინი გვისმენენ; მათ შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში, მოუსმინონ დაახლოებით 21 ათას ადამიანს ერთდროულად ან ამაზე მეტს და ამის არანაირი მონიტორინგის მექანიზმი არ არსებობს“.

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მას შემდეგ, რაც უკანონო მოსმენის საკითხი გასული თვის ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა, ირწმუნებოდა, რომ უკანონო მიყურადება არ ხდება. იგივე გაიმეორა მან კამპანია „ეს შენ გეხებას“ ინიციატივის საპასუხოდ:

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკანონოდ არაფერი ხდება. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობს. არ იზღუდება მათი უფლებები. პირიქით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ადამიანის უფლებათა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დამცველი და ეს საფუძველი ნამდვილად არ გააჩნიათ. როცა რეალური საფუძვლები იყო, რატომღაც მაშინ დუმდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც დღეს ამის შესახებ აქტიურად საუბრობს".

ეს იმას ნიშნავს, რომ ის დანახარჯები, რომელიც ღარიბი მოსახლეობისკენ იყო მიმართული, ძირითადად მიმართული იყო სხვა ჯგუფებისკენ და არა ბავშვებისკენ. შესაბამისად, ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე ღარიბ ჯგუფად...
საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, თუმცა, გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სიღარიბე მაინც გადაულახავ პრობლემად რჩება საქართველოსთვის - სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 2011 წლიდან 2013 წლამდე 25 პროცენტიდან 27 პროცენტამდე გაიზარდა. იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის თქმით, მართალია, უკიდურესი სიღარიბე შედარებით შემცირდა, მაგრამ ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ აღემატება დანარჩენი მოსახლეობის სიღარიბის დონეს:

„ეს იმას ნიშნავს, რომ ის დანახარჯები, რომელიც ღარიბი მოსახლეობისკენ იყო მიმართული, ძირითადად მიმართული იყო სხვა ჯგუფებისკენ და არა ბავშვებისკენ. შესაბამისად, ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე ღარიბ ჯგუფად. სწორედ ამიტომ იუნისეფი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, - ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ, - რომ სპეციალური შეღავათები იყოს შემოღებული ბავშვებთან დაკავშირებით“.

მაია ქურციკიძის თქმით, საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა საკმარისად არ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს. მოქმედი სისტემის ხარვეზებზე მეტყველებს დედათა და ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი:

„5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება წელიწადში. აქედან 300 იღუპება კვების დეფიციტის გამო. არადა, არსებობს დაბალბიუჯეტიანი გადაწყვეტები, რომელსაც შეუძლია შეამციროს ბავშვთა სიკვდილიანობა და გააუმჯობესოს მდგომარეობა“.

საქართველოს სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია მხოლოდ ცალკეული ინსტიტუციების ძალისხმევით. უჩა ნანუაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს მოქმედების ერთიანი გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ჩართული იქნება ყველა სახელმწიფო უწყება.

4 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისგან მიიღო საერთაშორისო ჯილდო ქალთა სიმამაცისთვის. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს პრესტიჟული ჯილდო, რომელიც ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოა, საქართველოს მოქალაქემ მოიპოვა.

ეს ჯილდო არ ვიცი რა არის... სასიამოვნოა ძალიან. მაგრამ ეს ვნებათაღელვა მალე ჩაივლის და ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებ, როგორც აქამდე ვაკეთებდი...
„მამაცურად ბრძოლისთვის ტოლერანტობისა და ყველა მოქალაქის თანასწორობისათვის რუსუდან გოცირიძეს ჩვენ ვასახელებთ ქალთა სიმამაცისათვის ჯილდოს მფლობელად“ - ასე წარადგინეს რუსუდან გოცირიძე ჯილდოზე, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ ქალებს სიმამაცისათვის. გამარჯვებულები 4 მარტს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჰეზერ ჰიგინბოტომმა წარადგინა.

„ეპისკოპოსი გოცირიძე არის უმცირესობის უმცირესობა - ქალი, რომელიც მოღვაწეობს რელიგიურ სფეროში, სადაც დომინანტობენ მამაკაცები, და ასევე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია იმ ქვეყანაში, სადაც ერთი დომინანტი რელიგია არსებობს. მაგრამ ამ ფაქტორმა ვერ შეაჩერა ის ებრძოლა გენდერული თანასწორობისა თუ საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა უფლებების დაცვისათვის. თავისივე ეკლესიის მხარში დგომით, რუსუდან გოცირიძეს ტოლერანტობისა და თანასწორობისათვის არაერთხელ უბრძოლია. მისი ინიციატივით დაიწყო რელიგიური დიალოგი, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა უფლებების დაცვის მიზნით. ის იყო ერთ-ერთი პირველი რელიგიური საზოგადოებიდან, ვინც დაგმო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს, მომხდარი ძალადობა თბილისში“, - განაცხადა ჰეზერ ჰიგინბოტომმა.

რუსუდან გოცირიძეს ამერიკაში დავუკავშირდით. აი, რა უთხრა მან რადიო თავისუფლებას:

მიშელ ობამა და რუსუდან გოცირიძე

მიშელ ობამა და რუსუდან გოცირიძე

„ეს ჯილდო არ ვიცი რა არის... სასიამოვნოა ძალიან. მაგრამ ეს ვნებათაღელვა მალე ჩაივლის და ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებ, როგორც აქამდე ვაკეთებდი. უბრალოდ, ალბათ, ხშირად, როცა ვინმე მიიჩნევს, რომ რამეზე უკან დავიხიე ან არასათანადოდ დავიხარჯე, ეს ჯილდო გამახსენდება“.

გასული კვირის განმავლობაში ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება გაიმართა. 8 მარტს ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა მოაწყო მსვლელობა-მარში, რომელიც ქალთა შრომითი უფლებების დაცვას მიუძღვნა.

„დროა საზოგადოებამ აღიაროს, რომ ქალისთვის მისი სქესი ხდება დისკრიმინაციის მიზეზი სამსახურში აყვანისისას, როდესაც ქალის ორსულობა ან მისი ოჯახური სტატუსი ხდება სამსახურზე უარის თქმის მიზეზი; პრობლემას წარმოადგენს: თანაბარი ანაზღაურება თანაბარი ღირებულების შრომისათვის; ე.წ. ,,შუშის ჭერის“ არსებობა, რომელიც უხილავი ბარიერია და ხელს უშლის ქალის თანამდებობრივ დაწინაურებას; სექსუალური სახის ზეწოლა და შევიწროება სამსახურში, რომელიც ძალიან გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს ქალებისთვის. ოჯახში შრომის დანაწილების პრაქტიკის არარსებობა ქალებისთვის ორმაგი და სამმაგი ტვირთის პრობლემას ქმნის, რაც ქალების რეალური ემანსიპაციის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია“, - აცხადებენ ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები.

რვა მარტს გაიმართა ასევე პრეზენტაცია დოკუმენტური ფილმისა „ფემინისტური ანბანი“. გაეროს ქალთა ორგანიზაციის თაოსნობით კი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე ინტერაქტიული გამოფენა მოეწყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG