Accessibility links

logo-print
საქართველოში გენდერის, გენდერული თანასწორობის პრობლემებზე ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ, თუმცა მათ შორის ცოტაა ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ამ თემაზე სერიოზულ კვლევას აწარმოებს და კვლევის შედეგებს საზოგადოებას წიგნების სახითაც სთავაზობს.

უცებ რაც მახსენდება, ამ ათი წლის წინათ ,,კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემული ორტომეული ,,ქალი - სახე და პრობლემა“ იყო, სადაც პირველ ტომში თავი მოიყარა ქართულ ლიტერატურაში ქალის პრობლემატიკასთან დაკავშირებულმა მხატვრულმა ტექსტებმა, მეორე ტომი კი ამ ტექსტების კრიტიკასა და ანალიზს მიეძღვნა. სხვათა შორის, მაშინ ეს გამოცემა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა დააფინანსა, დღეს კი ამ თემაზე აქტიურად მუშაობს ამავე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს თბილისის ოფისი. ამ ორგანიზაციამ შარშან აღნიშნულ თემაზე სამი მნიშვნელოვანი გამოცემა განახორციელა: სტატიების კრებული ,,ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“, თამთა მელაშვილის ,,კატო მიქელაძე, ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები“ და ორიგინალური ფორმით შეკრული ღია ბარათები - ,,50 ქალი საქართველოდან.“

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორმა ნინო ლეჟავამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ფონდის მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ განაცხადა: ,,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გახლავთ გერმანული მწვანე პოლიტიკური ფონდი, რომელიც იდეოლოგიურად ახლოს დგას გერმანიის მწვანეთა პარტიასთან. სწორედ ამ პარტიის ისტორიაში იკითხება ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც ბიოლის ფონდისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის: ადამიანის უფლებები, დემოკრატია, გენდერული თანასწორობა, პაციფიზმი და მშვიდობა; რა თქმა, უნდა ეკოლოგია. სწორედ ამ ძირითადი ღირებულებების გარშემო ვითარდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ესა თუ ის თემატური მიმართულება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, რომელიც ამჟამად უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მუშაობს, ყოველთვის აკვირდება საზოგადოების მომზადების დონეს, იმ საჭიროებებს, რაც ამა თუ იმ საზოგადოებაში არის და იმის მიხედვით არჩევს გარკვეულ რაკურსს საქმიანობისათვის“.

სწორედ ქართული საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე, ჰაინრიჰ ბიოლის კავკასიის ოფისის ერთ-ერთ წამყვან სფეროდ გენდერული თემატიკის კვლევა მოგვევლინა.

ეს გამოცემებიც, რომელზედაც დღევანდელ სიუჟეტში ვსაუბრობთ, ამ კვლევის შემადგენელი ნაწილია.

ორიგინალური ესეების კრებული - ,,ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ - რვა სხვადახვა ავტორის ხედვასა და პოზიციას წარმოგვიდგენს ფემინიზმისა და ამ მოვლენასთან საქართველოს მიმართების საკითხებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი თამარ ცხადაძე კრებულის პირველივე სტატიის სათაურში სვამს შეკითხვას: ,,ანტიფემინიზმი: უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისათვის?“ ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი წარმოგვიდგენს საკითხს: ,,ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ“; დრამატურგი დავით გაბუნია კითხულობს, სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში, ხოლო კინომცოდნე თეო ხატიაშვილი - ვის ეშინია საბედისწერო ქალის? გენდერის კვლევების მაგისტრი თამთა თათარაშვილი ქართულ კინოში გენდერისა და სექსუალობის კვლევას წარმოგვიდგენს, ფილოსოფიის დოქტორი თამარ ცოფურაშვილი კი თავის სტატიას ასე ასათაურებს: ,,ქალი ქრისტიანობაში ევა თუ მარიამი?“ გენდერის მკვლევარი, მწერალი თამთა მელაშვილი საქართველოში თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმის კვლევას გვთავაზობს.

90-იანი წლებიდან გამოჩნდა ის, რომ გენდერული დემოკრატიის შესახებ საუბარმა გარკვეულწილად დააბნია ქართული საზოგადოება. საქმე რაშია: ქართულმა საზოგადოებამ ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში მოქცეულმა სხვა ქვეყნებმაც, გამოტოვეს მეოცე საუკუნის ის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მოძრაობები, რომლებიც დასავლეთსა და ევროპაში ვითარდებოდა...
დამეთანხმებით, ავტორებისა და სტატიის სათაურებისთვის თვალის ასეთი ზედაპირული გადავლებაც კი ცხადყოფს, რომ ეს პატარა კრებული უაღრესად სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოცემაა, რომელიც თავს უყრის დასმული საკითხის გარშემო საქართველოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან რესურსსა და ადამიანს, რომელთაც ამ საკითხის კვლევას თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები შეალიეს.

კრებულის აქტუალობა მით უფრო გაიზრდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბიოლის ფონდის ეს პროექტი, რომელიც, საბოლოოდ, წიგნის სახითაც გამოიცა, სინამდვილეში ავტორთა მიერ წაკითხული ლექციების ჩანაწერებია და ეს ლექციები მათ თავის დროზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წაიკითხეს.

ქართულ საზოგადოებაში გენდერული განათლების შეტანის თვალსაზრისით, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან პრობლემა მით უფრო მწვავედ დგას ჩვენს პერიფერიებში, სადაც ქალის უფლებები (და ისიც ძალიან კარიკატურულად, კიჩურად) ძირითადად, მხოლოდ 8 მარტს ახსენდებათ. მით უმეტეს, ნინო ლეჟავას განმარტებით:

,,90-იანი წლებიდან გამოჩნდა ის, რომ გენდერული დემოკრატიის შესახებ საუბარმა გარკვეულწილად დააბნია ქართული საზოგადოება. საქმე რაშია: ქართულმა საზოგადოებამ ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში მოქცეულმა სხვა ქვეყნებმაც, გამოტოვეს მეოცე საუკუნის ის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მოძრაობები, რომლებიც დასავლეთსა და ევროპაში ვითარდებოდა. მათ შორის, ეს არის სწორედ ფემინისტური მოძრაობა, რომელიც სათავეს იღებს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ჩვენი მიდგომა სწორედ ეს არის, რომ, ერთი მხრივ, გარკვეულწილად დავეწიოთ და, უფრო სწორად, ხელი შევუწყოთ ქართულ საზოგადოებას დაეწიოს ევროპულ განვითარებას და შედარებით უფრო სწრაფ ტემპში მივაწოდოთ ის განათლება და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, სრულფასოვნად განვითარდეს“.

საზოგადოების განათლების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი წარსული გამოცდილების გააზრებასაც ენიჭება და ბიოლის ფონდი თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთ მიმართულებად ამასვე ისახავს.

წარსული გამოცდილება ხშირად გაფანტულია იმ ქართველი მოღვაწე ქალების არაჩვეულებრივ ნააზრევში, რომელიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის პრესაშია გაბნეული და ამ მიმოფანტული პუბლიკაციების შეგროვება და ხელახალი გამოცემა რამდენადაც შრომატევადი, დამღლელი და, არსებითად, უმადური საქმეა, იმდენად მნიშვნელოვანია საკითხის სინქრონული და დიაქრონული ჭრილით გააზრებისათვის. ამიტომაც თამთა მელაშვილის წიგნი ,, კატო მიქელაძე, ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები“ უმნიშვნელოვანეს ნაშრომად გვესახება.

1877 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ კულაშში დაბადებული კატო მიქელაძე, როგორც ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი პიონერი, ამ წიგნიდან მონუმენტურ მოღვაწედ წარმოგვიდგება, რომელსაც თვალთახედვის არიდან არ რჩება თავისი დროის არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ამ საკითხებს პრინციპულად და სიღრმისეულად განიხილავს. მელაშვილის კვლევა, მართლაც, ნამდვილი საჩუქარია ყველა იმ პირისათვის, ვინც ქართული ფემინიზმისა და, საერთოდ, გენდერის ისტორიის საკითხებით დაინტერესდება.

არსებითად ამავე ხაზს აგრძელებს ორიგინალური ღია ბარაათების სახით გამოცემული ,,50 ქალი საქართველოდან“ , სადაც მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში სხვადახვა სფეროში მოღვაწე ქალების შთამბეჭდავი პორტრეტებია თავმოყრილი. გამოცემა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა მდიდარია საქართველო მოღვაწე ქალებით და რამხელა წვლილი შეიტანეს ქალბატონებმა ჩვენი საზოგადოების განვითარებაში.

ცხადია, ძალზე ძნელია ერთ სიუჟეტში ამომწურავად ისაუბრო სამ სხვადასხვა წიგნზე, ჩვენი მიზანიც ამ გამოცემების წარდგენა გახლდათ და ერთგვარი მხარდაჭერაც ბიოლის ფონდისა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ამ თვალსაზრისით. ჩვენ ხომ ქალები და ქალთა უფლებები, ძირითადად, მხოლოდ რვა მარტს გვახსენდება. დღეს კი, 9 მარტს, გვინდა შეგახსენოთ, რომ გენდერული თანასწორობის საკითხი ყოველდღიური საფიქრალია და ქალზე, ქალის უფლებებზე ნამდვილი ზრუნვა სწორედ დღეიდან უნდა დავიწყოთ.
XS
SM
MD
LG