Accessibility links

logo-print
2 მარტი, კვირა
დილიდანვე კარგი დღე იყო. არ ვაპირებდით, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ ოჯახმა, მცხეთაში წავსულიყავით. იქ სახლი, და ნაკვეთი გვაქვს და, შესაბამისად - საგაზაფხულო საქმეებიც. მეუღლემ შემომაპარა, ყვავილების თესლები ვიყიდე და უნდა ჩავრგოო.

წავედით მცხეთაში. საღამოთი დავბრუნდით. მერე მეგობრები გვესტუმრნენ და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ყველა ჩემი მეგობარი უკრაინის გულშემატკივარია. ძალიან განვიცდით. არ მეგონა, თუ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მერე ასე რამე გვეტკინებოდა.

ოჯახში ყველანი ისტორიკოსები ვართ. მეუღლეც ისტორიკოსი მყავს, შვილი - აღმოსავლეთმცოდნე, მეორე შვილიც - ისტორიკოსი. ჩემი რძალი არქეოლოგია. ასე რომ, ოჯახში ისტორიას დიდ პატივს ვცემთ. შესაბამისად, ყირიმის ისტორიაც საკმაოდ კარგად ვიცით და დღევანდელი მდგომარეობაც...

3 მარტი, ორშაბათი
მე და ჩემი მეუღლე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვმუშაობთ, არქეოლოგიის ცენტრში. ძალიან დიდი სამუშაო კეთდება აქ და საკმაოდ დიდი კოლექციებია.

საღამო ისევ მეგობრებთან ერთად გავატარეთ, იმავე საკითხებზე საუბარში. რა თქმა უნდა, საყდრისის თემამაც წამოიწია. განვიცდით, რადგან ისეთი რამე მოხდა, რასაც არ ველოდით. არქეოლოგიას ვერასოდეს ამოწურავს კაცი. ის, რაც გუშინ არ ვიცოდით, სწორედ არქეოლოგიისა და არქეოლოგების მუშაობის შედეგად გახდა ცნობილი. იმ არქეოლოგიაშიც ბევრი რამ იცვლება. ვილაპარაკეთ თრიალეთის კოლექციაზე, თრიალეთის თასზე... მისი აღმოჩენა ისეთი გადატრიალება იყო, რაზედაც ვერასოდეს ვიოცნებებდით. არადა, ასეთი რამ ყოველთვის მოსალოდნელია. სწორედ ასეთ თემებზე ვსაუბრობდით მთელი საღამო...

4 მარტი, სამშაბათი
დილიდანვე გავემზადე თრიალეთში, წალკაში წასასვლელად. ახლობელი გარდაიცვალა და აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი.

თრიალეთი ჩემთვის განსაკუთრებული მხარეა. პირველად იქ 80-იანი წლების დასაწყისში მოვხვდი, მაგრამ ჩემი და ჩემი ოჯახის საქმიანობა თრიალეთს 1998 წლიდან დაუკავშირდა, როდესაც მე თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გავხდი. ჩემი უმცროსი შვილი, დიმიტრი, რომელიც ახლა არქეოლოგია და დოქტორანტურაში სწავლობს, მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო და ველზე ხელით მიგვყავდა ხოლმე. უფროსი უკვე ოთხი წლის ხდებოდა. ეს იყო ბერძნული სოფელი, სადაც მე-19 საუკუნეში რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად გადმოსახლებული ბერძნები ცხოვრობდნენ.

ასე მოხდა: ორი წლით ჩავედით და დღემდე იქ ვმოღვაწეობთ ყველანი.

ისევ საყდრისზე ვფიქრობ. საოცრად არასწორად დაიწყო კომპანიამ არქეოლოგიასთან ურთიერთობა. მიწის მსხვილმასშტაბიან სამუშაოებს ვინც აწარმოებს, მას კანონი ავალდებულებს, კულტურის სამინისტროდან ნებართვა აიღოს. ეს განსაკუთრებით ეხება წიაღისეულის მოპოვებას. მხოლოდ შესაბამისი ნებართვის შემდეგ შეუძლია ამა თუ იმ კომპანიას სამუშაოების დაწყება. აქ კი, ინვესტორი მოვიდა თუ არა საყდრის-ყაჩაღიანზე, მაშინვე დადგა საკითხი, რომ ეს ტერიტორია მას სჭირდება და უნდა აფეთქდეს.

კულტურის ძეგლის სტატუსი საყდრის-ყაჩაღიანს 2005 წელს მიანიჭეს. შემდეგ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და დაიწყეს ლაპარაკი, მოდით სტატუსი მოვუხსნათო. სტატუსი რომ მოუხსნა ძეგლს, ძეგლის ძირითადი ელემენტები აღარ უნდა ჰქონდეს ან სამუშაოები უნდა იყოს დასრულებული. ამიტომ გადაწყვიტეს, დაექირავებინათ გარკვეული პირები, ვინც დაწერდა დასკვნას, რომ არქეოლოგიური თვალსაზრისით იქ არაფერია მნიშვნელოვანი. ასეთი დასკვნა დაიწერა კიდეც, რასაც შემდეგ კომისიის შექმნა მოჰყვა. ეს საკითხი კომისიაზე გაიტანეს და ძეგლს სტატუსიც მოუხსნეს.

ეს არც ერთ კომპანიას არ ათავისუფლებს არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისგან და შესაბამისი ანგარიშის მომზადებისგან. როდესაც საზოგადოება გამოვიდა (და ეს მოხდა მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში), გაუშვეს ექსპედიცია, რომელმაც გარკვეული დასკვნებიც დაწერა და წარადგინა კიდეც კულტურის სამინისტროში. პარალელურად, ზაფხულობით, იქ ქართულ-გერმანული ექსპედიციაც მუშაობდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ 2013 წელს საყდრის-ყაჩაღიანის შესახებ ორი დასკვნა დაიწერა, ერთი ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ და მეორე - ქართული ექსპედიციის მიერ.

მეც ვიყავი კომისიაში. საკითხი განვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს ორი ანგარიში დამოუკიდებლად კი შეესაბამება ჩატარებულ სამუშაოებს, მაგრამ სრულ სურათს ვერც ერთი ვერ ასახავს. შესაბამისად, კულტურის მინისტრმა მისწერა ინვესტორ კომპანიას, რომ მას სამუშაოები უნდა შეეჩერებინა. წერილში შავით თეთრზე წერია, რომ სამინისტრო კომპანიას არ აძლევს სამუშაოების განხორციელების ნებართვას. ამით თითქოს დამთავრდა ეს ამბავი. მაგრამ 7 იანვარს, შობა დღეს, შემატყობინეს, რომ საყდრისში სამუშაოები დაიწყო.

ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი მეგობრებთან ერთად, რადგან ისე აღმოჩნდა, რომ დღემდე მე ვარ ერთადერთი არქეოლოგი, რომელმაც ნახა 8 იანვარს იქ არსებული მდგომარეობა. იქ ნამდვილად მუშაობდა ტექნიკა, ნამდვილად გაჰქონდათ რაღაც მასა. მე არა ვარ სპეციალისტი, ეს მადანი იყო თუ სხვა რამე, მაგრამ ნამდვილად დიდი მანქანებით გაჰქონდათ, ბულდოზერებიც მუშაობდა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც 9 წლის განმავლობაში ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ გათხარა, ახლა მიწით არის შევსებული და იქ, ქვევით რა ხდება, ცალკე პრობლემაა... დაინგრა და ისე შეავსეს, თუ პირდაპირ ჩაყარეს ეს ხრეში და ქვიშა, არ ვიცი. ვნახე მხოლოდ, რომ ზუსტად იმ ადგილას იდგა ესკალატორი.

რაც მთავარია, 2013 წელს ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ დააფიქსირა ორი ახალი შახტის შესასვლელი, რომლის გათხრაც დაიწყეს და დააკონსერვეს, რათა მუშაობა 2014 წელს გაეგრძელებინათ. აი, ამ გვირაბის შესასვლელი არის მონგრეული. იქვე იყო აუზი, სადაც ოქროს გასარეცხად წყალს იმარაგებდნენ. ის აუზიც მონგრეული დამხვდა.

5 მარტი, ოთხშაბათი
დილით ავდექი, სამსახურში წავედი და თრიალეთის მასალის დამუშავება დავიწყე. ოთახში მარტო ვარ. მალე შემომიერთდებიან.

ისევ ამომიტივტივდა აზრი, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცუდი კანონი გვაქვს. არქეოლოგიის თვალსაზრისით ამ კანონში, სამი ძირითადი მომენტი იწვევს უარყოფით შეფასებას. ერთი ის არის, რომ კანონი მხოლოდ მსხვილი მიწის სამუშაოების დროს ავალდებულებს კომპანიას, არქეოლოგებს მიმართოს. მეორე - მიწის მფლობელები ვალდებული არიან, თუ მათ ტერიტორიაზე რაიმე აღმოჩნდა, კულტურის სამინისტროს თვითონვე შეატყობინონ. ამ შემთხვევაში, კერძო კომპანია არ უშვებს არც კულტურის სამინისტროს, არც ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს. კანონში არის გაწერილი, რომ ასეთ დროს უნდა მიმართო სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეძლო ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა. მინისტრს ვეტყოდი: „კი მაგრამ, ეს ხომ წერია კანონში და ამ ხნის განმავლობაში რატომ არ მიმართეთ სასამართლოს, რომ ნებართვა მიგვეღო?!“ არ მიუმართავს და ამაზეა ლაპარაკი...

კანონში ყველაზე აბსურდული ის არის, რომ ის არ განსაზღვრავს არც ორგანიზაციის, არც სამუშაოს მწარმოებლის კვალიფიკაციას.

6 მარტი, ხუთშაბათი
ფეისბუკელი მეგობრები, განსაკუთრებით „მწვანეები“, ძალიან კარგი გოგო-ბიჭები არიან. საყდრისთან ერთად ეკოლოგიაც აინტერესებთ.

ეკოლოგიაზე ვფიქრობდი მთელი დღე და ამ ახალგაზრდებზე, რომლებიც დაბა კაზრეთის, ბოლნისის რაიონის და მთელი ქვემო ქართლის მოსახლეობას აფრთხილებენ იმ საშიშროებაზე, რაც წიაღისეულის უკონტროლო ამოღებას მოჰყვება. უკონტროლოს, თორემ შესაბამისი წესების დაცვით, უნდა მოიპოვო, რა თქმა უნდა.

7 მარტი, პარასკევი
დილიდან ორმა რამემ მიიქცია ჩემი ყურადღება. პირველი იყო RMG Gold-ის განცხადება, სადაც ეწერა, თითქოს ვისაც სურვილი და შესაბამისი დოკუმენტი ჰქონდა, ყველანი შეუშვეს საყდრისზე. რა ვიცი, ამდენი ხანია, ხან ვიმუქრებით, ხან ვიხვეწებით, ხან ვემუდარებით, შეგვიშვით, გვაჩვენეთ, რა ხდება-მეთქი, და არ გამიგია, ჩემს შემდეგ იქ კიდევ ვინმე ყოფილიყო. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! RMG Gold-თან დაკავშირებით ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს რუსული კომპანიაა და პოლიტიკაც ისეთი აქვს, როგორიც რუსეთს. მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით უნდა, ყველაფერი გადაწყვიტოს.

და მეორე განცხადება, რომელიც ფეისბუკზე დაიდო. მას ხელს აწერენ გერმანელი და ქართველი მეცნიერები. ითხოვენ საერთაშორისო კომისიის შექმნას, რომელიც საყდრისის საბადოს შეისწავლის. ამ საბადოზე ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყო საძიებო სამუშაოები, რომელთაც თეიმურაზ მუჯირი ედგა სათავეში. 1987 წელს პირდაპირ დაიწერა, რომ ეს ნამდვილად ოქროს საბადოა. ფეისბუკის გვერდზეც აღვნიშნე, რომ დღეისთვის ახალი მონაცემი არა გვაქვს. ამიტომ ერთადერთი, რამაც შეიძლება გადაწყვიტოს დავა, სწორედ საერთაშორისო ექსპერტიზაა.

8 მარტი, შაბათი
მძიმე დღეა. თითქმის მთელი ღამე არ გვძინებია ოჯახს. ჩემი გიორგის უახლოესი მეგობარი გარდაიცვალა და ყველანი იქ მივდივართ.

ღმერთმა ყველას აშოროს... მაგრამ სიცოცხლე გრძელდება - დღეს 8 მარტია!
XS
SM
MD
LG