Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამტკიცდა ნატოსთან თანამშრომლობის ეროვნული პროგრამა


ნატოსთან თანამშრომლობის წლევანდელი ეროვნული პროგრამა დაამტკიცა ალიანსში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ. თბილისში დღეს გამართულ სხდომას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. მისი განცხადებით, წლიური ეროვნული პროგრამა მოიცავს ყველა მიმართულებას, ძირითად პრიორიტეტებს და ვალდებულებებს, რომლებიც ნატოელ პარტნიორებთან შეთანხმებით განსაზღვრეს საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა. „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, ისე გლობალურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანით და მიგვაჩნია, რომ ეს სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული ნატოს წლევანდელ სამიტზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო კომისიის წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. ნატოსთან თანამშრომლობის წლევანდელ ეროვნულ პროგრამას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად გაეგზავნება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
XS
SM
MD
LG