Accessibility links

logo-print

„ტორპედოს“ სტადიონი ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა


საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდნენ, ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრების მიერ მოწყობილი არეულობის გამო ჩაიშალა. ტრიბუნებზე სიტუაცია მეორე ტაიმის დასაწყისში დაიძაბა, როცა „დინამო“ 2:0-ს იგებდა. „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა სტადიონზე შეღწევა შეძლეს, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ფეხბურთელებთანაც. სტადიონზე მომხდარ არეულობაში მონაწილე გულშემატკივრებს დღეს სასამართლომ 200-დან 500 ლარამდე ჯარიმა დააკისრა. რამ გამოიწვია დაპირისპირება გულშემატკივრებს შორის და რა სანქციები დაუწესეს ქუთაისის „ტორპედოს“?

ქუთაისელები მომხდარს არ ამართლებენ და თვლიან, რომ მსგავსი საქციელი ქალაქსაც და გუნდსაც ზიანს აყენებს. „შეიძლება იყო ფანი, მაგრამ ამით არ უნდა დააზარალო გუნდი და ქალაქი. რაღაც კარგი ხდება, თამაშია, სპორტული შეჯიბრია, ფეხბურთია, ხალხი დადის და მალე ესეც აღარ გვექნება ასეთი საქციელის გამო“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ქუთაისის მკვიდრმა.
ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბის - „ჯუნგლების“ - წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ დაპირისპირებაში ფანკლუბის წევრების მონაწილეობას. ირაკლი ჭულაძის განცხადებით, „ჯუნგლები“ სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ:

თბილისში როცა იყო გასვლითი თამაში, „ტორპედოს“ ცოტა გულშემატკივარი გაჰყვა - იყო სადღაც 300-400 კაცი. დახვდათ 2 000 კაცამდე და უმოწყალოდ სცემეს ჩვენს ახალგაზრდებს. დროშა მოჰპარეს...
„რა თქმა უნდა, გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ არანაირი შეხება არ ჰქონდა „ტორპედოს“ ფანკლუბს, ე.წ „ჯუნგლებს“. 6000 კაცი იყო იქ და „ჯუნგლებში“ მხოლოდ 50 კაცია გაწევრიანებული. იქ ჩვენი ორგანიზებით არაფერი მომხდარა. პირიქით, „დინამოს“ ფანკლუბიდან იყო აგრესია და ხედავდით, ალბათ, ტელევიზიით პირდაპირ ეთერში. მაგრამ „ჯუნგლებს“ არანაირად არ მიუღიათ მონაწილეობა. პირიქით, შევიდნენ სტადიონზე და ხალხის უკან გამოყვანას ცდილობდნენ“.

ირაკლი ჭულაძე უარყოფს ასევე ინფორმაციას, თითქოს დაკავებულთა შორის ფანკლუბ „ჯუნგლების“ წევრებიც იყვნენ. „ტორპედოს“ გულშემატკივარი ლაპარაკობს კონფლიქტის საფუძველზეც, რომელსაც, საბოლოოდ, ქუთაისში დაპირისპირება მოჰყვა.

„თბილისში როცა იყო გასვლითი თამაში, „ტორპედოს“ ცოტა გულშემატკივარი გაჰყვა - იყო სადღაც 300-400 კაცი. დახვდათ 2 000 კაცამდე და უმოწყალოდ სცემეს ჩვენს ახალგაზრდებს. დროშა მოჰპარეს, დროშის მოპარვა კი „ულტრასულში“ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა და ამან გამოიწვია ეს აგრესია. ქუთაისი კი, იცით, რა ქალაქია და არავის არ დააჩაგვრინებს თავს, არავისზე ნაკლები არ არის და ამან გამოიწვია აგრესია“, - ამბობს ირაკლი ჭულაძე.

ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონი დისკვალიფიცირებულია 5 მატჩით და გუნდი ნეიტრალურ მოედანზე ითამაშებს. „ტორპედოს“, ჯამურად, 18 300 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე გუნდს ჩაეთვლება ტექნიკური წაგება, ანგარიშით 0:3. რაც შეეხება „დინამოს“, გუნდი დაჯარიმდა 800 ლარით სკამების დამტვრევისთვის...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის მიხედვით, მატჩის მსვლელობაში გარეშე პირების ჩარევა, რამაც შეიძლება მატჩის შეწყვეტა გამოიწვიოს, დამნაშავე კლუბს ფულადი ჯარიმითა და ტექნიკური წაგებით სჯის. სადისციპლინო კომისიამ ქუთაისის „ტორპედოს“ ჯარიმა 18 300 ლარი დააკისრა, სტადიონმა კი მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი - 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია -მიიღო. კომისიამ დააჯარიმა თბილისის „დინამოც“, სტადიონზე სკამების დამტვრევის გამო. „დინამოს“ 800 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

„ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონი დისკვალიფიცირებულია 5 მატჩით და გუნდი ნეიტრალურ მოედანზე ითამაშებს. „ტორპედოს“, ჯამურად, 18 300 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე გუნდს ჩაეთვლება ტექნიკური წაგება, ანგარიშით 0:3. რაც შეეხება „დინამოს“, გუნდი დაჯარიმდა 800 ლარით სკამების დამტვრევისთვის. საშეჯიბრო განყოფილებამ უკვე მიმართა აღმასკომს, რომელსაც აქვს მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, რომ ნეიტრალურ სტადიონზეც თამაში გულშემატკივრების გარეშე გაიმართოს“, - ამბობს საშეჯიბრო განყოფილების თავმჯდომარე დიმიტრი ბოკერია.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ აუცილებელია ეს ფაქტები შეფასდეს და ინციდენტს მკაცრი რეაგირება მოჰყვეს. მკაცრი რეაგირება კი შემდეგია: თუ „ტორპედო“ თასის ნახევარფინალში გასვლას ვერ მოახერხებს, ქუთაისის სტადიონზე ამ სეზონში მატჩი აღარ გაიმართება.
XS
SM
MD
LG