Accessibility links

არსენი იაცენიუკი ყირიმს აფხაზეთის ბედს უწინასწარმეტყველებს


უკრაინის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ყირიმის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ რეფერენდუმს უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა უწოდა და განაცხადა, რომ ყირიმს ისეთივე ქაოსი და საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება, როგორც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. „რაც შეეხება ეგრეთწოდებულ რეფერენდუმს ყირიმში, მაგალითისათვის მე გადავხედე, თუ რომელმა ქვეყნებმა აღიარეს აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი. სერიოზული პარალელებია. ეს ქვეყნებია: ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და ტუვალო. ვფიქრობ, რომ ყირიმის შემთხვევაში ამ სიას შეიძლება დაემატოს ჩრდილოეთი კორეა და სირია“, - განაცხადა არსენი იაცენიუკმა. ყირიმის პრორუსულმა პარლამენტმა დაამტკიცა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რაც წარმოადგენს ტექნიკურ პროცედურას კვირას, 16 მარტს დანიშნული რეფერენდუმის წინ. ყირიმის ავტონომიაში მცხოვრებმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმზე პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას, სურთ თუ არა მათ ყირიმის რუსეთთან შეერთება.
XS
SM
MD
LG