Accessibility links

logo-print
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. პირველ ეტაპზე კრებები ტარდება, სადაც, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მოსახლეობა ერთ პრიორიტეტულ საკითხზე უნდა შეჯერდეს. რამდენად აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა არის სოფლისთვის პრიორიტეტი? ამის გარკვევას ჩვენ თელავის მუნიციპალიტეტის ერთი სოფლის მაგალითზე შევეცადეთ.

სოფელი კურდღელაური თელავიდან 3 კილომეტრში მდებარეობს. აქ 4 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სოფელს წელს 72 ათას ლარამდე თანხა აქვს გამოყოფილი. რა პრობლემა უნდა მოგვარდეს წელს? ამის გასარკვევად კრება ჩატარდა. მას 80 ადამიანი დაესწრო და ერთ საათს გაგრძელდა.

კენჭისყრის საფუძველზე ადგილობრივებმა სოფელში ბაღის რეაბილიტაციის დასრულება, წყლის პრობლემის მოგვარება და ზოგიერთ უბანში გზის მოპირკეთება დაასახელეს.

“მე მოვითხოვე, რომ გზის რეაბილიტაცია მოხდეს. როცა წვიმს, ქუჩა წყალში ლივლივებს. ეს გზა ან უნდა მოიხრეშოს, ან რამე უნდა ეშველოს. წვიმის დროს სახლიდან გარეთ გამოსვლას ვერ ვახერხებთ“.

„მე, მაგალითად, გარე განათება მინდა. აქ ხიდია და ღამით გადაადგილება ძალიან გვიჭირს, გვეშინია“.


„ძირითადი პრიორიტეტი საბავშვო ბაღის შენობის დასრულებაა. შარშან დავიწყეთ რეაბილიტაცია, მაგრამ სამუშაოები დასასრულებელია. გარდა ამისა, გვინდა, რომ სასაფლაოსკენ მისასველი გზაც გაკეთდეს“.

სოფელ კურდღელაურში კრებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი მეტრეველი, მისი მოადგილე დავით ნაპირელი და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოსახლეობამ მთავარ პრობლემად სასმელი წყალი დაასახელა, რომლის მოგვარებასაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის გარეშე, საკუთარი სახსრებით დაჰპირდა. კომპანიის კახეთის მენეჯერის სოსო კევლიშვილის განცხადებით, წყალთან დაკავშირებული პრობლემის მეორე ეტაპი სოფელ კურდღელაურში მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება:

„წყლის პრობლემა ეტაპობრივად გვარდება. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და სოფლის ნაწილს წყალი უკვე აქვს. მეორე ეტაპი ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყება“.

კურდღელაურში გამართულ კრებაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სოფლისთის გამოყოფილი თანხის გარეშე მოხდება კულტურის სახლის რეაბილიტაციაც - ამის შესახებ კრებაზე თელავის გამგებელმა განაცხადა. როგორც გივი მეტრეველმა განმარტა, აღნიშნული ობიექტისთვის თანხას თელავის გამგეობა გამოყოფს:

„ჩვენ სოფელში შეკრებილებს მოვახსენეთ ყველაფერი, რასაც მიმდინარე წელს რაიონი აპირებს. ჩვენი სახსრებით კურდღელაურში კულტურის სახლის რეაბილიტაცია- აღდგენა მოხდება. ამ პროექტზე დაიხარჯება 50 ათასი ლარი“.

წინა წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების დროს დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

„კრებები კი იმართება, მაგრამ მასზე დასწრებას გარეუბნებში მცხოვრები ადამიანები ვერ ახერხებენ. კრების ჩატარების შესახებ წინასწარ, 4-5 დღით ადრე უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ინფორმირება, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს“, ამბობს კახა ჯამბურია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონი ლარი გამოიყო. თელავის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში თარიღი და ადგილი უკვე განსაზღვრულია. სოფლის კრებები 26 თებერვალს დაიწყო და მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება.
XS
SM
MD
LG