Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 11 მარტი


გასულ კვირაში რუსეთის პრესაში უფრო მეტად შეხვდებოდით პარალელებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომსა და ყირიმთან დაკავშირებულ საერთაშორისო დაძაბულობას შორის. რა რაკურსს ირჩევს რუსეთის პრესა დღეს ყირიმის საკითხის გაშუქებისას? რამდენიმე პუბლიკაციას შევეხები - მაგალითად, „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ სამშაბათის სტატიას, სათაურით „როგორი იქნება რუსეთი, როცა მას ყირიმი შეუერთდება?“. ავტორი ყირიმში 16 მარტისთვის დაგეგმილი რეფერენდუმით იწყებს და ასე სვამს საკითხს: „კვირაზე ნაკლებ დროში ჩვენ შეიძლება გავიღვიძოთ, ფაქტობრივად, სხვა ქვეყანაში - რუსეთში, რომლის შემადგენლობაშიც ყირიმი იქნება“. „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ წაიკითხავთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს „სხვა ქვეყანა“ რუსი პოლიტოლოგების აზრით. „პოლიტტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი იგორ ბუნინი თვლის, რომ ყირიმის რუსეთში შესვლა პუტინის რეიტინგისა და პატრიოტული გრძნობების ზრდას გამოიწვევდა, სამწუხარო შედეგი კი ის იქნებოდა, რომ ამას რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია, ახალი ეკონომიკური სანქციები მოჰყვებოდა, რაც ერთი წლის შემდეგ მოსახლეობის ერთი ნაწილის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორი სერგეი მიხეევი: „შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს, აფხაზეთს არაერთხელ მოუმართავთ ჩვენთვის მსგავს საკითხზე - ყირიმის მსგავსად, იქაც ჩატარდა რეფერენდუმები, მაგრამ დღემდე არ შემოსულან რუსეთის ფედერაციაში. ყირიმში, შესაძლოა, თავისთვის ყველაფერი გადაწყვიტეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვში იქნება მიღებული და ჩემთვის ის ასი პროცენტით ნათელი არ არის“. პოლიტიკური სწავლებისა და კონსულტირების ცენტრის პრეზიდენტი ოლეგ კუდინოვი: „თავის დროზე ჩვენმა ხელისუფლებამ ის გააჩუქა, ახლა შეუძლია დაიბრუნოს“. „თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის“ დირექტორ კონსტანტინ ზატულინს „მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის“ უთქვამს, „ყირიმთან ერთად რუსეთი, უპირველეს ყოვლისა, ამაყი იქნებაო“. ზატულინის მოსაზრებები ყირიმზე „იზვესტიაშიც“ ქვეყნდება, სადაც ის წერს: “ჩვენი საინფორმაციო-პროპაგანდისტული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, არასაკმარისია, რომ მოვლენათა ცხელ კვალზე გავაუვნებელყოთ უკრაინისა და დასავლეთის მედიასაშუალებების მტრული პროპაგანდა. მათი განუზომელი სურვილია იანუკოვიჩის შემდგომი უკრაინა სააკაშვილისდროინდელ საქართველოდ აქციონ“.

10 მარტის „იზვესტიაში“ მწერალი ალექსანდრე პროხანოვი ყირიმზე მოსაზრებას აქვეყნებს: „იქნება დასავლეთის უზარმაზარი ზეწოლა რუსეთზე. რუსეთის სამხრეთში ფაშისტური თავდასხმები გარდაუვალია. ამაზე პასუხი კი იქნება საზოგადოების სულიერი მობილიზაცია, ხალხის მობილიზაცია თავისი ლიდერის - პუტინის - ირგვლივ. პუტინი შეიძენს შეუდარებელი მსოფლიო პოლიტიკოსის, სულიერი ლიდერის თვისებებს, რომელმაც ახლახან შესძახა: „რუსეთი ეს ბედისწერააო!“. ახლა ვხედავთ, როგორ შეერწყა ერთმანეთს რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ბედი“.

„კომერსანტი“ წერს შავი ზღვის რეგიონზე, როგორც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების დაპირისპირების ასპარეზზე. ანდრეი ოდინეცის აზრით, „ცივი ომის“ დროს შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი სცენა იყო, 1990-იან წლებში კი იქ პროცესების გააქტიურება დაიწყო: „უპირველესად“, - წერს „კომერსანტის“ ავტორი, - „საბჭოთა კავშირის დაშლამ და მის ყოფილ რესპუბლიკებს შორის და ამ რესპუბლიკების საზღვრებშივე არსებულმა კონფლიქტებმა გამოიწვია რამდენიმე „გაყინული კონფლიქტის“ წარმოქმნა. ერთ-ერთი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, პირდაპირ არის დაკავშირებული შავ ზღვასთან, რადგან ორივე ქვეყანა შავ ზღვაზე გადის და აქვს საზღვაო საზღვარი. 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე ომში მონაწილეობდნენ კატერები, 2008 წლის კონფლიქტის დროს კი რუსეთის გემებმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ბლოკირება მოახდინეს. სანაპიროდან არც ისე შორს მდებარეობს „გაყინული კონფლიქტების“ სხვა ზონები - სამხრეთი ოსეთი და ყარაბაღი. აგრეთვე შავი ზღვის სანაპიროდან დიდად არ არის დაშორებული დნესტრისპირეთი და გაგაუზია“. „კომერსანტის“ ავტორი წერს შავი ზღვის, როგორც ენერგომატარებლების, სატრანზიტო ფუნქციაზეც და თვლის, რომ „რეგიონის სტაბილიზაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობებში, როცა წამყვანი რეგიონალური მოთამაშეები მიაღწევენ კომპრომისს როგორც ცალკეულ ქვეყანაზე, ისე შავი ზღვის მთელი რეგიონის მომავალზე. გადამწყვეტი ფაქტორი კი იქნება დასავლეთსა და რუსეთს შორის კომპრომისის შესაძლებლობა: მათ მოუწევთ თამაშისა და მსოფლიოს თანაარსებობის ახალი წესების განსაზღვრა. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახვა: ბერკეტები იმისთვის, რომ არავინ გახდეს ერთადერთი გამარჯვებული, ორივე მხარეს საკმარისად აქვს“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG