Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ული ჰიონესის დამალული მილიონები


ული ჰიონესი
ული ჰიონესი
ორშაბათს მიუნხენში, დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელიც გერმანიაში საზოგადოების სრულიად გამორჩეულ ინტერესს იწვევს. მიზეზი არაერთია. გარდა იმისა, რომ საქმე ეხება ცნობილ პიროვნებას, მისი დანაშაული დადგენილია (ვინაიდან თვითონვე წინასწარ აღიარა) და კიდევ: საქმე ეხება იმ ტიპის დანაშაულს, რომელიც ბევრს აქვს ჩადენილი - გადასახადების გადაუხდელობას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულს - განსაკუთრებით დიდი მასშტაბით.

ახლა სასამართლოს მოუწევს იმის დადგენა, თუ რა სასჯელი შეუფარდოს ული ჰიონესს - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბის - მიუნხენის „ბაიერნის“ - პრეზიდენტს. წინასწარვე ცხადია, რომ ჰიონესის საქმემ გერმანიაში მნიშვნელოვნად გაზარდა ყურადღება გადასახადების გადაუხდელობის პრობლემის მიმართ.

ყველაფერი დაიწყო შარშან, იანვარში. ული ჰიონესმა - გერმანიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მენეჯერმა და, მიუნხენის „ბაიერნის“ პოპულარობიდან გამომდინარე, ცნობილმა პიროვნებამ - ნებაყოფლობით, მისთვის ბრალდების წაყენებამდე, აღიარა დანაშაული. ჰიონესმა გაამხილა ინფორმაცია შვეიცარიაში თავისი საბანკო ანგარიშის არსებობის შესახებ და წარმოადგინა მასალა, რომელიც ცხადყოფდა, რომ სახელმწიფოსთვის არ გადაუხდია, გადასახადების სახით, 3,5 მილიონი ევრო (4,9 მილიონ დოლარს).

გერმანიის კანონმდებლობა, დანაშაულის ასე, წინასწარ აღიარების შემთხვევაში, სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს. ული ჰიონესი, შესაბამისად, იმედოვნებდა, რომ მის შემთხვევაშიც ასე იქნებოდა, მაგრამ საქმეს ასეთი პირი არ უჩანს...

შესაძლოა ეს იყოს კარგი შესაძლებლობა მისთვის ყველაფრის გამოსააშკარავებლად, რათა ხალხს დაუმტკიცოს, რომ ეს იყო, მართლაც,შეცდომა. ეს შეცდომაა ... და ვფიქრობ, არ უნდა გავკიცხოთ ის, ვინც შეცდომა დაუშვა...
ფრანც ბეკენბაუერი
„გაოცებული ვარ, რომ ჩვენს განცხადებას უწყებები დღემდე არ ცნობენ. მომდევნო თვეებში - მარტში სასამართლო პროცესის დაწყებამდე - ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ სასამართლო ჩვენი არგუმენტებით დავარწმუნოთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ული ჰიონესმა გასული წლის ნოემბერში.

პროკურატურა, მართლაც, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ჰიონესის მიერ დანაშაულის აღიარებისთვის ანგარიშის გაწევას. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ჰიონესმა, უბრალოდ, დაასწრო მედიას, რომელმაც უკვე იცოდა მისი დანაშაულის შესახებ და ინფორმაციის გასავრცელებლად ემზადებოდა. და კიდევ: ჰიონესს სათანადო უწყებებისთვის არ მიუწოდებია სრული ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. მართლაც, ასეა: 10 მარტს, ანუ სასამართლო პროცესის პირველივე დღეს, ჰიონესმა აღიარა, რომ სახელმწიფოს - გადაუხდელი გადასახადების სახით - დაუმალა არა 3,5 მილიონი, არამედ 18,5 მილიონი ევრო! -წინასწარ აღიარებულზე ხუთჯერ მეტი.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ული ჰოენესს პატიმრობა ემუქრება.

აქამდე მიუნხენის „ბაიერნი“ გვერდში ედგა თავის უაღრესად გავლენიან პრეზიდენტს. აი, რას ამბობდა კლუბის საპატიო პრეზიდენტი, ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი ული ჰიონესის სასამართლო პროცესის დაწყებამდე: „შესაძლოა ეს იყოს კარგი შესაძლებლობა მისთვის ყველაფრის გამოსააშკარავებლად, რათა ხალხს დაუმტკიცოს, რომ ეს იყო, მართლაც,შეცდომა. ეს შეცდომაა ... და ვფიქრობ, არ უნდა გავკიცხოთ ის, ვინც შეცდომა დაუშვა“.

მენეჯერებს შორის, ალბათ, ბადალი არ ჰყავს ული ჰიონესს გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში, რასაც ვერ ვიტყვით მის ფეხბურთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო...
დავით კაკაბაძე
ბეკენბაუერი იყო, რასაკვირველია, ვარსკვლავი, ლიდერი 70-იანი წლების მიუნხენის „ბაიერნში“ - უაღრესად წარმატებულ საფეხბურთო კლუბში, რომელშიც მაშინ ული ჰიონესი თამაშობდა. ამავე პერიოდში ჰიონესი ფეხბურთში გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გახდა 1972 წელს ევროპის ჩემპიონი, 1974-ში - მსოფლიოს ჩემპიონიც.

მოგვიანებით ის გუნდის მენეჯერი იყო და, როგორც რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე აღნიშნავს, სწორედ როგორც მენეჯერმა, გამოამჟღავნა გამორჩეული ნიჭი:

„მენეჯერებს შორის, ალბათ, ბადალი არ ჰყავს ული ჰიონესს გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში, რასაც ვერ ვიტყვით მის ფეხბურთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, მის დროს ნაკრებში თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც იყვნენ ბეკენბაუერი, რომელიც მასზე დიდი ფეხბურთელია, ნეტცერი, ოვერატი, ბრაიტნერი ... ჰიონესი იყო ერთ-ერთი ამ ძლიერთაგანი. ძალიან ადრე დაანება თავი ფეხბურთის თამაშს. 27 წლისამ ტრავმა მიიღო და იმ ასაკიდან ჩაერთო კლუბის ხელმძღვანელობაში. მან „ბაიერნი“ აქცია, პრაქტიკულად, დიდ კომპანიად - წარმატებულ კომპანიად“.

რატომ გააკეთა ული ჰიონესმა, როგორც დავით კაკაბაძისაგან შეიტყვეთ, უაღრესად წარმატებულმა ადამიანმა და, ეჭვს არ იწვევს, შეძლებულმა კაცმა, ის, რაც გააკეთა - სახელმწიფო მოატყუა, მას მილიონობით ევრო დაუმალა და ამით საფრთხეში ჩაიგდო თავისუფლება და რეპუტაცია? ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზეც ამ დღეებში გერმანიაში მსჯელობენ.

ჰიონესის გახმაურებულ საქმეს უკვე მოჰყვა მნიშვნელოვანი შედეგი: გერმანიის ათასობით მოქალაქემ გააკეთა განცხადება, რომლითაც ნებაყოფლობით აღიარებს გადასახადებისთვის თავის არიდებას - სასჯელის თავიდან აცილების ან, თუნდაც, შერბილების იმედით. ზოგადად, გადასახადებისადმი დამოკიდებულება იცვლება: მათი გადაუხდელობა, კანონის დარღვევასთან ერთად, საზოგადოებაში რეპუტაციის შელახვას მოასწავებს - მით უმეტეს, როცა მილიონერი უმალავს ფულს სახელმწიფოს და ამით თავს არიდებს, თუნდაც, სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG