Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმუშევართა და მოთამაშეთა მოდგმა


ამ წინეებზე მავანმა ამერიკელმა იქაურ გათამაშებაში 30 მილიონ დოლარამდე იხეირა. იღბლიან ბემურაზს ჟურნალისტების მთელი ესკადრონი დაეცა თავს. იყო აპარატების ჩხაკა-ჩხუკი და ბლიცების გაელვება. ეს კიდევ, კატასავით ილურსებოდა, რომელსაც ძეხვი დაეცა და, ღმერთო, ამისთანა მეხი არ მომაკლოო, – იხვეწებოდა. გაშემიშებული იდგა და იმის თავიც არ ჰქონდა, სიხარული გამოეხატა რითიმე.
კითხვები უამრავი დააყარეს – საცალოდ და ბითუმადაც: ჟურნალისტები, როგორც სჩვევიათ, ხან ერთად ღავღავებდნენ, ხანაც სიტყვას სტაცებდნენ ერთმანეთს პირებიდან. ბოლოს, ერთმა გაცრეცილმა ქალმა ჰკითხა, - მოგების შემდეგ ცხოვრებას როგორ განაგრძობო? დავლათიანი კაცის პასუხი ამერიკელთათვის სრულიად ჩვეულებრივი და ადეკვატური გახლდათ: – როგორ და, ხვალ დილის 6 საათიდან ისევ ჩემს საყვარელ, ვაშინგტონქალაქს მოვემსახურები, ჩემი პროფესია უზომოდ მიყვარს და პენსიაზე გასვლას სულაც არ ვეშურებიო!
იღბლიანი ჯეელი ტაქსის მძღოლი გახლდათ, ჩვენებურად ‘’ყიყლიყოთი’’ გამშვენებულ ავტოს დააქროლებდა ვაშინგტონურ არგადათხრილ ქუჩებში.
30 მილიონის ვერა, მაგრამ სამმილიონნახევრის დასაკუთრების შანსი ყველა ქართველს გვაქვს. ვიდრე ვაგლახად გადახდილ ორლარიანს ლანძღვა-კრულვით გამოიგლოვდეს ნეტარად მყოფი, მოგების მორწმუნე ჩვენებური, ერთი მარტივზე უბრალო კითხვა მიჩნდება: რას იზამს ჩვეულებრივი ქართველი სამი მილიონის მოგების შემდგომ?
პირადად მე, ნამდვილად არ გავცოფდები, არ მომეძალება ცრემლი და სიბრალული სომალელი ბავშვებისა (ეგ ისედაც მაქვს), არ დავუკვეთავ დინოზავრის ნეკნებს მაკდონალდსში...
ერთი რამ კი უღრუბლო ცასავით ნათელია – ათიდან ცხრა ქართველი, ბევრი ფულის მოგების შემთხვევაში, რაც არ უნდა პრესტიჟული ჰქონდეს სამსახური, უმუშევარი დარჩება.
პაპაჩემის მამა ეუბნებოდა თურმე პაპას, სანამ გააკულაკებდნენ: ღარიბი კაცი ღარიბი იმითვინაა, მუშაობა ეზარებაო! ზარმაცი კაცი რაც არ უნდა ქერის ორმოში ჩააყუდო, მაინც ღარიბად დარჩება, მაგის საშველი არ არისო.
სიზარმაცე ქართველი კაცის მოვალეობაა, იოლად გამდიდრება ჩვენს მეოცნებე ხასიათს აქვს წამძღვარებული და სანამ კუჭი პატრონის ‘’სადიდებელს’’ არ იმღერებს, მანამ არ გავატოკებთ ხელს (არც ფეხს).

მეოცნებე და არტისტი ხალხი ვართ ქართველებიო, ტიციანი წერდა, ტაბიძე. ეს წრეგადასული არტისტიზმი ძალიან ბევრ რამეს წაგვიხდენს ხოლმე. ლატარია მავნებელია ქართველი საზოგადოებისთვის, თანაც ძალიან მავნებელი. ჩვენს არტისტულ ბუნებას ნებისმიერ დროს შეუძლია წარმოსახვაში დაგვანახოს მოგებული რამოდენიმე მილიონი, სულ რაღაც ორ ლარად ნაყიდი ფარატინა ქაღალდი ფაქტობრივად უზრუნველი ცხოვრების გარანტია.
ჩვენს ქვეყანაში ყველა თამაშობს. თამაშობს დიდი და პატარა, მათხოვრიდან დაწყებული უმაღლესი ჩინოვნიკით დამთავრებული. თამაშობენ სახლში, ქუჩაში, კაზინოში, ტოტალიზატორში, პარლამენტში, ეკლესიაში, ლოგინში...
იოლი გამდიდრების მოლოდინში მავანნი მსხვილ ფსონებს ჩადიან კაზინოებში, მეორენი ტოტალიზატორებში ერთიმეორეზე ‘’აბამენ’’ სხვადასხვა თამაშებს. მესამენი გამოუცნობი ციფრების გამოცნობას ლამობენ, ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. მარტო რუსთაველის გამზირზე ათამდე სათამაშო კლუბად ნათქვამი დაწესებულება დავითვალე. ცხადია, ქართველი კაცი გასართობად არ თამაშობს.
‘’გართობა’’ - მისი პროფესიაა, ერთგვარი ‘’შემოსავლის წყარო’’. ყოველმა წაგებულმა ქართველმა წაგებამდე უსიკვდილოდ იცოდა, რა ციფრებზე უნდა ჩასულიყო ფსონს, მაგრამ სულ ბოლო, სუულ ბოლო წამში გადაიფიქრა. თორემ მოიგებდა და...
აი, მოგების მერე რას იზამდა, ეგ არის საკითხავი!
სამსახურს რომ მიატოვებდა, ეგ ნაღდია.
სამმილიონნახევარი რომ მოვიგო, სავარაუდოდ, მეც მივატოვებ სამსახურს. (მეც კარგი ოღრაში და ოხერი ვყოფილვარ)...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG