Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩი საკუთარ თავს კვლავ კანონიერ პრეზიდენტად მიიჩნევს


ვიქტორ იანუკოვიჩი

ვიქტორ იანუკოვიჩი

ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც უკრაინიდან გაქცევის შემდეგ რუსეთის დონის როსტოვში მეორედ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, არალეგიტიმური უწოდა 25 მაისისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა არ ითანამშრომლოს უკრაინის ამჟამინდელ „ბანდიტურ ხელისუფლებასთან, “რომელიც ტერორის გზით ცდილობს ხელისუფლების უზურპირებას“. ძალაუფლებას ჩამოშორებული უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ იგი კვალ ლეგიტიმური პრეზიდენტია და როგორც კი ამის საშუალება მიეცემა, დაბრუნდება კიევში:

„ვრჩები არა მხოლოდ უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არამედ უმაღლეს მთავარსარდლად. მე არ შემიწყვეტია უფლებამოსილებები ვადამდე. ცოცხალი ვარ. მე არ გადავუყენებივარ თანამდებობიდან უკრაინის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურებით. როგორც კი ვითარება ამის შესაძლებლობას მომცემს, - დარწმუნებული ვარ, დიდხანს ლოდინი არ მომიწევს, - აუცილებლად დავბრუნდები კიევში“.

იანუკოვიჩმა კვლავ გაიხსენა პოლიტიკური კრიზისის მოწესრიგების შეთანხმება, რომელიც მასა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შორის 21 თებერვალს ევროპის ქვეყნების - გერმანიისა და პოლონეთის - შუამავლობით დაიდო. ამ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო ვიქტორ იანუკოვიჩმა გააკრიტიკა როგორც ევროპა, ისე აშშ, რომელიც, უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტის სიტყვებით, არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას იმით, რომ ფინანსურ დახმარებას ჰპირდება უკრაინის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელსაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება და განაგრძობს კანონიერი სახელმწიფო ინსტიტუტების დემონტაჟს მთელი უკრაინის მასშტაბით.

„ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც არაკონსტიტუციური გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსულმა ხროვამ 25 მაისს დანიშნა, აბსოლუტურად არალეგიტიმური და უკანონოა. ის არ შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციის 103-ე მუხლს. ხელისუფლების ნებისმიერი ორგანო, რომელიც ამ უკანონო არჩევნების შემდეგ შეიქმნება, ასევე არალეგიტიმური და უკანონო იქნება“, - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომლის მიმართვა მხოლოდ 8 წუთს გაგრძელდა და შეკითხვა-პასუხის გარეშე დასრულდა.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმს ყირიმში, მაგალითისათვის მე გადავხედე, თუ რომელმა ქვეყნებმა აღიარეს აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი. სერიოზული პარალელებია. ეს ქვეყნებია: ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და ტუვალო...
ამ ფონზე, ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია ყირიმში, სადაც ავტონომიის პრორუსულმა პარლამენტმა დაამტკიცა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რაც ტექნიკური პროცედურაა კვირას, 16 მარტს, დანიშნული რეფერენდუმის წინ. ყირიმის ავტონომიაში მცხოვრებმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმზე პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას, სურთ თუ არა მათ ყირიმის რუსეთთან შეერთება.

უკრაინის პარლამენტი კი სამშაბათს დაშლით დაემუქრა ყირიმის საკანონმდებლო ორგანოს, თუკი იგი არ გააუქმებს რეფერენდუმს.

სამშაბათს უკრაინის პარლამენტის საგანგებო სესიაზე უკრაინის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ყირიმის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის შემთხვევაში ყირიმს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მსგავსად, ქაოსი და საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება.

„რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმს ყირიმში, მაგალითისათვის მე გადავხედე, თუ რომელმა ქვეყნებმა აღიარეს აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი. სერიოზული პარალელებია. ეს ქვეყნებია: ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და ტუვალო. ვფიქრობ, რომ ყირიმთან მიმართებით ამ სიას შეიძლება დაემატოს ჩრდილოეთ კორეა და სირია“, - განაცხადა არსენი იაცენიუკმა, რომელიც ხუთშაბათს აშშ-ში ჩადის სამუშაო ვიზიტით.

რეფერენდუმი ყირიმში უკანონოა და უკანონოა ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ყირიმის ანექსია. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმას, რაც უკანონოა და რასაც შესაძლოა ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მხედველობაში მაქვს უკრაინის დესტაბილიზაცია...
კიევის მსგავსად, დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არ ცნობენ ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს. საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა რუსეთი მოსალოდნელი შედეგების თაობაზე გააფრთხილა.

ფაბიუსის თანახმად, თუ რუსეთის მხრიდან პოზიტიური პასუხი იქნება ვაშინგტონის წინადადებებზე, მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩავა მოსკოვში და სანქციები დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მიმართ კვირის ბოლოსთვის ამოქმედდება ევროკავშირის სანქციები, რაც სამოგზაურო ვიზებსა და ცალკეული პირების ქონებაზე გავრცელდება:

„რეფერენდუმი ყირიმში უკანონოა და უკანონოა ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ყირიმის ანექსია. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმას, რაც უკანონოა და რასაც შესაძლოა ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მხედველობაში მაქვს უკრაინის დესტაბილიზაცია. უკრაინა ევროკავშირსა და რუსეთს შორის იმყოფება და უკრაინის სტაბილურობა რუსეთისა და ევროკავშირის ინტერესშია, მაგრამ რუსეთის ქმედებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა“.

დღესვე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც ესტონეთს სტუმრობს, დაარწმუნა ბალტიის ქვეყნები, რომ ნატოს წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ მათ თავდაცვას კრიზისის შემთხვევაში. თავის მხრივ, უკრაინის გარდამავალი ხელისუფლება რუსეთის სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად ემზადება. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა პარლამენტს შეიარაღებულ ძალებში რეზერვისტებისა და მოხალისეების მობილიზების გამოცხადების ნებართვა სთხოვა. მთავრობისავე გადაწყვეტილებით, უკრაინის შინაგანი ჯარების ბაზაზე ჩამოყალიბდება ეროვნული გვარდია, რომელმაც მოქალაქეები დამნაშავეებისგან, საშინაო და საგარეო აგრესიისაგან უნდა დაიცვას. აღნიშული გადაწყვეტილებების აუცილებლობა ტურჩინოვმა შეიარაღებულ ძალებში შექმნილი მძიმე მდგომარეობით ახსნა.

„უკრაინის 41 ათასკაციან სახმელეთო ჯარებში ბრძოლისუნარიანია მხოლოდ 6 ათასი კაცი“, - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე ალექსანდრ ტურჩინოვმა.
XS
SM
MD
LG