Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრს ობამა უმასპინძლებს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ოთხშაბათს თეთრ სახლში უმასპინძლებს უკრაინის პრემიერ-მინისტრს, არსენი იაცენიუკს. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის განცხადებით, იაცენიუკის ვიზიტი იმის ნიშანია, რომ „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, უკრაინელ ხალხს და უკრაინის ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას“. შეხვედრის ფონია მზადება ყირიმში კვირას დანიშნული რეფერენდუმისთვის, რომელმაც მისი მომავალი უნდა განსაზღვროს. მოქალაქეებს ორ შესაძლებლობას შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება - რუსეთთან შეერთებას და უკრაინის შემადგენლობაში გაფართოებული უფლებებით დარჩენას შორის. უკრაინის ახალი ლიდერი აცხადებს, რომ მის ქვეყანას დახმარება ესაჭიროება მეზობელი რუსეთისგან თავის დასაცავად. სავარაუდოდ, იაცენიუკი ვაშინგტონს ფინანსური დახმარების აღმოჩენასაც სთხოვს. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა სიმბოლური ძალის მქონე რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ყირიმის სამხედრო ოკუპაციას.
XS
SM
MD
LG