Accessibility links

logo-print

მთავარი პროკურატურა პასუხს სცემს გიგი უგულავას ბრალდებებს


მთავარი პროკურატურა სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავას ბრალდებებს პასუხს სცემს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 7 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება გიორგი უგულავასა და სხვათა მიერ ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი თანხების გაფლანგვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე და არსებითი განხილვის მიზნით საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიგზავნა. უწყების განცხადებით, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, პროკურატურამ დაცვის მხარეს, სრულად გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2013 წლის 24 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების "სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის" შედეგად მოპოვებული, ბრალდებულ გიორგი უგულავას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულებითი მნიშვნელობისაა. "მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მიღებული მასალები პროკურატურამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისას გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს და სწორედ დაცვის მხარის, კერძოდ, ბრალდებულ გიორგი უგულავას მიერ 2014 წლის 12 მარტს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომის წინა დღეს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პროკურატურის დისკრედიტაციის მიზნით, მოხდა საუბრების შინაარსის დამახინჯებული ნაწილობრივი გასაჯაროება," ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. გიგი უგულავამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე პროკურატურის მხრიდან მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე პირადი მიმოწერის დართვა გააპროტესტა. როგორც უგულავამ განაცხადა, საქმის მასალებს პროკურატურამ მის შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი დაურთო.
XS
SM
MD
LG