Accessibility links

logo-print

ტურჩინოვი: რუსეთი „უარს ამბობს“ დიპლომატიაზე


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ტურჩინოვი აცხადებს, რომ რუსეთი უარს ამბობს ყირიმის კრიზისის შესახებ ნებისმიერი სახის დიპლომატიურ კონტაქტზე. პარალელურად, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ემზადება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შესახვედრად. ტურჩინოვმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ უთხრა, რომ უკრაინა რუსეთთან ყირიმის გარშემო ომში არ ჩაერთვება, რადგან ეს მის აღმოსავლეთ საზღვარს დაასუსტებს და დაუცველს გახდის. მისი თქმით, მოსკოვი ამ ეტაპამდე უარს ამბობს „ნებისმიერ კონტაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და წამყვან დიპლომატიურ დონეზე“ და უარყოფს კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ გზას. მოსკოვი უკრაინის ახალ ლიდერებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ასეთ ფონზე, დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერის ნიშნად, ობამა ოთხშაბათს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში უმასპინძლებს იაცენიუკს. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა შეხვედრაზე განიხილავს ეკონომიკური დახმარების პაკეტს. ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად ერთი მილიარდ დოლარზე მეტის გაღებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG