Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოთხოვნებს უყენებს საზოგადოება გორის მერობის კანდიდატებს


გორის მერობის ყველა კანდიდატის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს. ეს მარათონი რომ მძიმე და დაძაბული იქნება, სოციალურ ქსელებში უკვე კარგად ჩანს. ამ დროისთვის გორის მერის თანამდებობის დაკავებაზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და იურისტი მამუკა ნოზაძე აცხადებენ პრეტენზიას. ნოზაძე ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატია.

გორში პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა. მან ადგილობრივი ხელისუფლება კლანურ მმართველობაში დაადანაშაულა და პედაგოგებისთვის, პენსიონერებისთვის, ფერმერებისა და სტალინის მოყვარულთათვის დაპირებები გასცა. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებს ყველაფრის ფასად მოიგებს - ქალაქში სტალინის ძეგლს დააბრუნებს, ფერმერებს ვაშლის მოყვანაზე, სუბსიდიას მისცემს, პედაგოგებს და პენსიონერებს ფინანსურ დანამატს, შესაბამისად, 100 და 50 ლარს დაუნიშნავს. ამ ყველაფერს იგი 18-მილიონიანი გორის ბიუჯეტის პირობებში აპირებს.

სოციალურ ქსელ ფეისბუკში ოქრუაშვილის დაპირებებზე მსჯელობა ნაკლებად მიმდინარეობს. იქ კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი თავდაცვის მინისტრის მომხრეები ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე არიან გადასულები - ერთმანეთს პოლიტიკურ წარსულს და ეგრეთ წოდებულ კომპრომატებს უხსენებენ. ამ დებატებში 10-15 კაცი აქტიურობს, ათასობით ადამიანი კი მათ ლანძღვა-გინებას კითხულობს. გორის საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკოსებს სხვა მოთხოვნებს უყენებენ. მაგალითად, ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება პოლიტიკოსებზე მეტად არის გაზრდილი და უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს. მისი აზრით, თვითმმართველობის არჩევნებმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც უნდა გაზარდოს:

„მე მგონია, რომ ძალიან ძველი პოლიტტექნოლოგიებით თამაშობენ. ამწუთში ვინც შემოვიდა საარჩევნო ველზე, ვერ გათვალა, რომ საზოგადოების არცთუ ცოტა ნაწილი უფრო გაზრდილი და განვითარებულია. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, ეს საერთოდ არ არის საინტერესო. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი დაპირება მოგვისმენია და ამ ეტაპმა გაიარა. თვითონ პოლიტიკოსებიც ვალდებულნი არიან, რომ სხვა ეტაპზე გადავიდნენ, სხვა საარჩევნო პროგრამებით შემოვიდნენ და ჩვენც ვალდებულნი ვართ თამამად დავსვათ შეკითხვები, რომ ამას, რასაც იძახი, ბაზისად რა აქვს. ჩვენ, იმის გამო, რომ სიღრმეებამდე არ ჩავდიოდით, მალე გვემართებოდა განხიბლვები, გაბუტვები, გადადექის ძახილი. ამაში ჩვენი პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია, რომ ასე ადვილად ვტყუვდებოდით“.

გორის მცხოვრები არინა თავაქარაშვილი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის გამოსვლით გამოწვეული აჟიოტაჟი უნდა ჩაცხრეს და ამომრჩეველს სტაბილურ გარემოში უნდა მიეცეს კანდიდატებზე დაკვირვების საშუალება. მისი აზრით, ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში უნდა იყოს ჩაყენებული.

„ის (ოქრუაშვილი) სერიოზული ფიგურაა და ამხელა აჟიოტაჟი იმიტომ გამოიწვია. სხვებიც გამოჩნდნენ არენაზე, რომ გარემო დაწყნარდეს და ჩვენ, ამომრჩევლებს, მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად განვსაჯოთ, ვინ არის უფრო ღირსეული დღევანდელი გორისთვის, იმიტომ რომ გორი და ზუგდიდი უმნიშვნელოვანესია, რუსეთის გააქტიურების ფონზე, საქართველოში“.

პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საზოგადოებას, ლანძღვა-გინების ნაცვლად, კანდიდატების არგუმენტირებული მსჯელობა უფრო აინტერესებს. მისი აზრით, კანდიდატებმა, პირველ რიგში, ის უნდა თქვან, თვითონ რას გააკეთებენ:

„საზოგადოება, ამომრჩეველი გაზრდილია, წინა არჩევნებთან შედარებით. ამიტომ ამომრჩეველი ითხოვს არა იმას, სხვა როგორია, არამედ შენ როგორი ხარ. აინტერესებს შენ თვითონ როგორი ხარ და შენ რას გააკეთებ იმ ამომრჩევლისთვის, თორემ ის თუ ცუდია, იმას მე მივხედავ, მე მივალ და იმას პასუხს მივაგებ არჩევნებზე. კი ბატონო, ეს ვიცი, მაგრამ აწი შენ მითხარი, შენ რატომ უნდა დაგიჭირო მხარი?“

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გორის მერობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. წინასწარი ინფორმაციით, ამჟამინდელი გამგებლის, პაპუნა კობერიძის კანდიდატურა განიხილება. არც ისაა ცნობილი, ვინ იქნებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის რჩეულები. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ოქრუაშვილმა საარჩევნო თამასა უკვე მაღლა ასწია და ახლა იმ პარტიებს, ვისაც ჯერ არ გამოუკვეთია საკუთარი კანდიდატები, სუფთა წარსულისა და მაღალი ავტორიტეტის მქონე პირების მოძებნა მოუწევთ. თუმცა ადგილობრივ პოლიტიკურ რესურსში ასეთი უმწიკვლო რეპუტაციის მქონე „დიმიტრი გელოვანების“ მოძებნა არცთუ ისე ადვილი იქნება.
XS
SM
MD
LG