Accessibility links

logo-print
1912 წლის 12 მარტს ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი, ხმის ჩამწერი სტუდიის „Chess Records“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლეონარდ ჩესი დაიბადა - ადამიანი, რომელმაც, ძმასთან ერთად, უდიდესი წვლილი შეიტანა ე.წ. ელექტრიფიცირებული ბლუზის პოპულარიზაციის საქმეში და, რაც მთავარია, ისეთ დიდებულ მუსიკოსებს გაუკვალა გზა, როგორებიც იყვნენ მადი უოტერსი, სანი ბოი უილიამსონი, ელმორ ჯეიმსი, ჩაკ ბერი, ბო დიდლი, კოკო ტეილორი, უილი დიქსონი, ეტა ჯეიმსი და მრავალი სხვა. ჰოდა, სიუჟეტს სწორედ ჩესების ნამოღვაწარს, ლეიბლის განვითარების ისტორიასა და, რა თქმა უნდა, ზემოხსენებული არტისტების მუსიკას დავუთმობ.

ყველაფერი 1928 წელს დაიწყო, როდესაც პოლონელმა ძმებმა - 16 წლის ლეონარდმა და 7 წლის ფილიპმა - ჩიკაგოში ტრანსატლანტიკური ლაინერით ჩააღწიეს. ოჯახს, „ამერიკული ოცნების“ გარდა, არაფერი ებადა და პირველი წლები უკიდურეს სიდუხჭირეში გაატარა, თუმცა ყმაწვილებმა მალევე მოახერხეს გარემოსთან შეგუება, განგსტერულ წრეებსაც კი შეეკრნენ და „მშრალი კანონით“ გვარიანადაც იხეირეს - სპირტიანი სასმელების გაყიდვით დაგროვილი კაპიტალით ჩიკაგოში ორი კლუბის გახსნა გადაწყვიტეს. ძმების აზრით, შემოსავალს ბლუზური მუსიკა მოიტანდა, მომხმარებელი კი აფროამერიკელი მსმენელი უნდა ყოფილიყო, რომელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა. ეს ის ხალხი გახლდათ, რასობრივ უსამართლობასა თუ უმუშევრობას სამხრეთული შტატებიდან ჩრდილოეთში რომ გაურბოდა. თანაც, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი მძვინარებდა, ხოლო ფრონტს კვება და სამხედრო ტექნიკა სჭირდებოდა, ჩიკაგო კი ინდუსტრიული ცენტრი იყო და ფაბრიკა-ქარხნებშიც მიგრირებულ აფროამერიკელებს ასაქმებდნენ. ჰოდა, ძმების გათვლამ გაამართლა: მთელი დღის ნაჯაფარი მუშები საღამოობით ჩესების კლუბებში იყრიდნენ თავს, სადაც სისხლში გამჯდარი მუსიკა ეგულებოდათ, უცხო ქალაქში სიმარტოვის განცდასა და მშობლიური მხარის მონატრებას რომ უქარწყლებდა.

დიახ, ძმების წამოწყებული საქმე სარფიანი გამოდგა, თუმცა, ბიზნესის გაფართოების მიზნით, უფრო შორს წავიდნენ: ხმის ჩამწერი სტუდია „არისტოკრატი“ იქირავეს და ფირფიტების გამოშვებას შეუდგნენ. პარალელურად კი, ე.წ. „talent scout“-ობაც დაიწყეს, სადმე თუ ნიჭიერ არტისტს მოჰკრავდნენ ყურს, სტუდიაში ეპატიჟებოდნენ და კონტრაქტს უფორმებდნენ. ჩესების ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი „ნანადირევი“ მადი უოტერსი, იგივე მაკკინლი მორგენფილდი გახლდათ. მისისიპის დელტაში გაზრდილი მუსიკოსის ხიბლი მის ინსტრუმენტულ საშემსრულებლო ხელწერაში მდგომარეობდა: ე.წ. სლაიდტექნიკით უკრავდა და, რაც მთავარია, პირველი იყო, რომელმაც ბლუზი ბენდის ფორმატით შეასრულა და მსმენელს ბლუზის ნოვაციური, ელექტრიფიცირებული ვერსია შესთავაზა.

ლეონარდ და ფილიპ ჩესების პროდიუსინგით გამოცემული პირველი სინგლები წარუმატებელი აღმოჩნდა. მადი უოტერსის ელექტროჟღერადობა უცხო გამოდგა სოფლური ბლუზის აკუსტიკურ ფორმებს შეჩვეული მსმენელის ყურისათვის. თუმცა, ძმები არ დანებდნენ: ხმის ჩამწერი სტუდია „არისტოკრატი“ გამოისყიდეს და მას „Chess Records“-ი დაარქვეს. ჯიუტად აგრძელებდნენ ქალაქურ ყაიდაზე გადაკეთებული ე.წ. ურბანიზებული ბლუზის ჩაწერებს. ჰოდა, დრომ თავისი გაიტანა და ასე გამოცხვა ალბომი I Can't Be Satisfied, რომელმაც, როგორც იქნა, აფროამერიკელთა გულებში შეაღწია, ხოლო „Chess Records“-ი მისისიპური დელტის ბლუზის სინონიმად იქცა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG