Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კულტურის პალატამ გააუქმა სერგეი ბეზრუკოვის და მისი თეატრის გასტროლი


ყირიმის საკითხისადმი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიციის მხარდაჭერის გამო საქართველოს კულტურის პალატამ გააუქმა რუსი მსახიობის სერგეი ბეზრუკოვის და მისი თეატრის გასტროლი, რომელიც მაისში, თბილისში უნდა გამართულიყო. კულტურის პალატის განცხადებით, მან გადაწყვეტილება მიიღო დღეს გავრცელებული წერილის გამო, რომელშიც რუსეთის სახალხო არტისტები მხარს უჭერენ პრეზიდენტ პუტინს მეზობელი ქვეყნის, უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაში. „კიდევ ერთხელ გვინდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მეგობარ გმირ უკრაინელ ხალხს,“ ნათქვამია საქართველოს კულტურის პალატის განცხადებაში. მისი ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, თბილისში გასტროლი თავად სერგეი ბეზრუკოვის ინიციატივა იყო. "საქართველოში არასდროს ჩამოვიყვან არც ერთ მსახიობს, რომელიც ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას მიიღებს ნებისმიერი ფორმით. ეს იგივეა, რომ მხარი დაუჭირონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას," განუცხადა ჟურნალისტებს დავით ოქიტაშვილმა. რუსეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ, პუტინისადმი მხარდამჭერ წერილს სერგეი ბეზრუკოვის გარდა ხელს აწერს კულტურის სხვადასხვა სფეროს კიდევ 80-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის მოქანდაკე ზურაბ წერეთელი და მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილი სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე.
XS
SM
MD
LG