Accessibility links

ნათია სონღულაშვილი: მთავარი პროკურატურა არ აპირებს, მოითხოვოს უგულავას პატიმრობა


პროკურატურა არ აპირებს სასამართლოს მიმართოს გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა. დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი წინასასამართლო სხდომა თბილისის განვითარების ფონდიდან საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის საქმეზე. წუხელ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს გააცნო საქმის მასალებში არსებული, მისი სატელეფონო საუბრების ჩანაწერების შინაარსი და განაცხადა, რომ პროკურატურა აპირებს მისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვოს. "ჩვენ გვესმის გიგი უგულავას ეიფორიული მდგომარეობა და განცდა, რომელიც პროცესის დაწყებამდე გააჩნდა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ მთავარი პროკურატურა არ აპირებს მოითხოვოს უგულავას ამჟამინდელი აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლა," განაცხადა ნათია სონღულაშვილმა. თავად გიგი უგულავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდების მხარისგან ვერ მიიღო პასუხი, თუ რატომ დაურთო პროკურატურამ საქმის მასალებს შვილთან მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. თავის მხრივ, ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ სასამართლოს სანქციით მოპოვებული ამ და სხვა ჩანაწერებით შეეცდება დაამტკიცოს, რომ უფლებამოსილების შეჩერების მიუხედავად გიგი უგულავა, ფაქტობრივად, განაგრძობდა თბილისის მერის მოვალეობის შესრულებას. წინასასამართლო სხდომა 17 მარტს განახლდება.
XS
SM
MD
LG