Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ქალის ადგილი პოლიტიკაში?


საერთაშორისო ორგანიზაცია „საპარლამენტთაშორისო კავშირმა“ (Inter-Parliamentary Union (IPU) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად გამოაქვეყნა 2014 წლის მსოფლიო რუკა, რომელიც ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას ასახავს. გამოკვლევის თანახმად, ქალების პოლიტიკაში ჩართულობის თვალსაზრისით, ტენდენცია მზარდია. რა ვითარებაა საქართველოში? დაახლოებით, 190 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში რომელ ადგილს იკავებს საქართველო და რა წამახალისებელი ან დამაბრკოლებელი ფაქტორები არსებობს პოლიტიკისკენ მიმავალ გზაზე ქალებისთვის?
ბევრ ქვეყანაში არის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, ქალებს არ შეუძლიათ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები. როცა ქალთა მცირე მონაწილეობაზე ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრი მიზეზის დასახელება შეიძლება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კვოტების არარსებობასთან მივყავართ ყველაფერს...
ერიკა კვაპილოვა

190-მდე ქვეყანას შორის საქართველო 109-ე ადგილზეა, მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით, ქალთა წარმომადგენლობით პარლამენტში და 42-ე ადგილზე - მთავრობაში. მსოფლიოს მასშტაბით, ქალების მონაწილეობის მაჩვენებელი პოლიტიკაში გაიზარდა, მაგრამ პარიტეტისგან ეს მაინც შორს არის, ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა:

„საქართველო ჯერჯერობით არ მიეკუთვნება იმ მოწინავე ქვეყნებს, სადაც ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში მაღალია როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე პარლამენტში. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 11 %-ს შეადგებს, რომლითაც ჯერჯერობით ძალიან შორს დგას სასურველი პარიტეტისგან. ზოგადად რომ ვთქვათ, ის დაბრკოლებები, რაც ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას უკავშირდება, არის დაკავშირებული ბევრ ბარიერთან, მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობასთან. თქვენ, ალბათ, იცით, მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობაში სპეციალური კვოტებია დაწესებული, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას, განსაკუთრებით - გადაწყვეტილების მიღების დონეზე. არის სხვა ობიექტური ბარიერებიც. არსებობს კონკრეტული სერვისების ნაკლებობა, ბევრ ქვეყანაში არის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, ქალებს არ შეუძლიათ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები. როცა ქალთა მცირე მონაწილეობაზე ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრი მიზეზის დასახელება შეიძლება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კვოტების არარსებობასთან მივყავართ ყველაფერს“.

ერიკა კვაპილოვას თქმით, საქართველოში ქალებს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთ, გარკვეული წახალისება სჭირდებათ. ქართულ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალის როლი ოჯახით და სახლით შემოიფარგლება, დიასახლისობა პრიორიტეტია და რომ კაცია მთავარი, თუმცა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ასეთი სტერეოტიპები ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს და მათ შესაცვლელად გრძელვადიანი ინვესტიციებია ჩასადები.

ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრის ბაია პატარაიას თქმით კი, საქართველოში პოლიტიკაში ქალთა მაღალი ჩართულობის გამოცდილება და კულტურა არ არსებობს. 1921 წლიდან მოყოლებული, როცა საქართველოს პარლამენტში 6 დეპუტატი ქალი იყო, მნიშვნელოვანი განსხვავება არ გვქონია, მიზეზად კი ბაია პატარაია საზოგადოებაში, ზოგადად, ქალის გენდერულ როლს ასახელებს, რომელთანაც წინააღმდეგობაში მოდის ლიდერი ქალის კონცეფცია:

ბაია პატარაია
ბაია პატარაია
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება არის იმდენად პატრიარქალური და სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ ოჯახის შიგნითაც კი, ზოგადად, გადაწყვეტილების მიღებაში ნაკლებად არიან ქალები ჩართულები და რეალურად ეს პრობლემები დაკავშირებულია კულტურასა და მენტალიტეტთან“.

ბაია პატარაიას თქმით, მაშინ როცა ქალები წარმოადგენენ მთელი საზოგადოების ნახევარს, მათი შესაბამისი პროცენტული წარმომადგენლობა არ გვხვდება საკანონმდებლო ან აღმასრულებელ სახელისუფლო დონეზე, არ ხდება ქალებისთვის მნიშვნელოვანი თემების წამოწევა და პრიორიტეტების მინიჭება, მათ შორის, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხების.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე არ ფიქრობს, რომ მეტი ქალი პოლიტიკოსი ნიშნავს ავტომატურად მხლოდ სოციალური თემატიკის გაძლიერებას პოლიტიკაში. მას მიაჩნია, რომ ქალების თანაბრად წარმოდგენა შეცვლიდა, მაგალითად, სისხლის სამართლისა და თავდაცვის პოლიტიკას უფრო ლიბერალურისკენ. ამასთან, ხათუნა სამნიძის თქმით, იმისათვის, რომ მეტმა ქალმა აირჩიოს პოლიტიკოსის კარიერა, არ არის საკმარისი მხოლოდ დროებითი წამახალისებელი ზომები, მაგალითად, როგორიცაა კვოტირება პარტიულ სიებში. ამისთვის თავად პოლიტიკური პარტიების აქტიურობაა საჭირო:

„დღეს ქართველი პოლიტიკოსი ქალები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში და სიტყვა ეთქმით პოლიტიკაში, არ საუბრობენ ამ პრობლემაზე, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემაზე. დღეს ჩვენს კანონმდებლობაში არსებული წამახალისებელი ზომები იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი ქალი ჩაწერონ სიაში, არ შეიძლება საკმარისი იყოს, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიისთვის ეს არ შეიძლება იყოს ერთადერთი მოტივაცია იმისთვის, რომ ქალები იყვნენ წამყვან პოზიციაზე გამსვლელ სიებში ჩასმული, იმიტომ რომ საზოგადოებიდანაც არ არის ამის დაკვეთა, მოთხოვნა, რასაც უნდა ასრულებდეს პოლიტიკური პარტია, და არც ქალებისთვისაა პრიორიტეტული, რომ ჩაერთონ პოლიტიკაში“.
საკანონმდებლო დონეზე ეს პრობლემა ნაკლებად არის, ეს უფრო არის საზოგადოების მიდგომის დონეზე არსებული საკითხი, ანუ პარტიებს ჰგონიათ, რომ მათი მოგების შანსები მცირდება, თუკი, მაგალითად, საკრებულოში პროპორციულ სიებში პირველ ათეულში ქალებს წარმოადგენენ...
ნინო ჯანაშია

2011 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვითაც, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 %-ით გაზრდილ დაფინანსებას მიიღებდა, თუ პარტიულ სიაში 20 პროცენტი ქალები ეყოლებოდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კანონში კიდევ შედის ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, 30 %-იან ფინანსურ დანამატს მიიღებენ ის პარტიები, რომელთაც 30 % ქალები ეყოლებათ პარტიაში. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო ჯანაშია ამბობს, არც ამ დროებითმა წამახალისებელმა მეთოდმა იმოქმედა განსაკუთრებულად და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში ქალებმა სულ 18 მანდატი მოიპოვეს. ნინო ჯანაშიას თქმით, პარტიებთან შეხვედრებიც ცხადყოფს, რომ, წამახალისებელი ფაქტორების მიუხედავად, თავად საზოგადოება არ არის მოწოდებული აირჩიოს პოლიტიკოსი ქალები:

საკანონმდებლო დონეზე ეს პრობლემა ნაკლებად არის, ეს უფრო არის საზოგადოების მიდგომის დონეზე არსებული საკითხი, ანუ პარტიებს ჰგონიათ, რომ მათი მოგების შანსები მცირდება, თუკი, მაგალითად, საკრებულოში პროპორციულ სიებში პირველ ათეულში ქალებს წარმოადგენენ და ეს შეიძლება ასეც იყოს, საზოგადოების მიდგომიდან გამომდინარე“.

ნინო ჯანაშიას თქმით, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ნაკლებად უწყობს ხელს პოლიტიკოსი ქალების წარმოჩენას და ასე თუ ისე საერთაშორისო სტანდარტთან მორგებულ პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის გარდა, საჭიროა საარჩევნო სისტემების ადაპტირებაც, რათა ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში გაიზარდოს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG