Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტის რეგიონებში


სახალხო დამცველის მრჩევლის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
სახალხო დამცველის მრჩევლის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით პრობლემების გამოკვეთისა და მათი გადაჭრის საკითხებში აქტიურდება. უჩა ნანუაშვილის ინიციატივით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში სახალხო დამცველის მრჩევლის პოზიცია შეიქმნა. ამ პოზიციას მედეა ტურაშვილი იკავებს, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პირველი გასვლა სოფლებში ხურვალეთსა და ზარდიანთკარში მოეწყო, გორის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ კი სახალხო დამცველის მრჩეველი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც კონფლიქტის რეგიონში ახორციელებენ აქტივობებს.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გარდა, ტურაშვილი დევნილთა საკითხებზეც იმუშავებს. იგეგმება ანგარიშის მომზადება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, ომბუდსმენი ნდობის აღდგენის მიმართულებითაც აპირებს გააქტიურებას და გეგმავს როგორც აფხაზურ, ისე ოსურ არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მედეა ტურაშვილი ამბობს, რომ, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სოხუმში, ცხინვალში, თბილისსა და გორში უფრო უკეთესად გამოსდით ურთიერთობა და ამ რესურსის გამოყენება მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიოს“ წარმომადგენელი ნათია ნადირაძე დიდი ხანია ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში პრობლემების გამოკვეთასა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობს. მისი აზრით, რაც მეტი ორგანიზაცია დაკავდება ამ საქმიანობით, მით მეტი შედეგი იქნება მიღწეული კონფლიქტის რეგიონების განვითარების თვალსაზრისით.

გორის მუნიციპალიტეტში რომ უამრავი პრობლემაა, ამაში სახალხო დამცველის მრჩეველი თვითონვე დარწმუნდა. შეხვედრას ლიახვის ხეობიდან დევნილებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც - ყოფითი პრობლემებიდან დაწყებული, უფლებრივი მდგომარეობით დასრულებული - არაერთი მაგალითი გაიხსენეს და ამ საკითხებზე სახელმწიფო უწყებებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდეს. ლიახვის ხეობიდან დევნილი ნაზი ბერუაშვილი ყურადღებას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესის გაჭიანურებაზე ამახვილებს.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველი ინტენსიურად მუშაობს ორივე მხარეს დაკავებულთა გათავისუფლების საკითხებზე. ახლო მომავალში უჩა ნანუაშვილი რეგიონში ჩამოსვლას და პრობლემების ადგილზე გაცნობას აპირებს.
XS
SM
MD
LG