Accessibility links

logo-print

იმპორტის დაბეგვრის საგადასახადო ცვლილების პროექტი


საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა კანონპროექტისა, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტი შეეხება კოდექსის იმ მუხლს, რომელიც საქართველოში იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მიიჩნევენ, რომ ძველი წესის გაუქმება თანაბარ კონკურენციას ხელს შეუწყობს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა პროექტი უკვე განიხილა და მოიწონა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. ინიციატივა ეკუთვნის იმ საპარლამენტო ფრაქციას, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიეკუთვნება. მისი განცხადებით, იმპორტირებული პროდუქციის დაბეგვრის სპეციალური წესი, რომელიც დღემდე მოქმედებს, არღვევს მთელ რიგ კანონებს:

”მიმაჩნია, რომ ეს არის იგნორირება კანონისა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, იგნორირება კონსტიტუციის, სადაც დაცული უნდა იყოს მეწარმის უფლებები და არ შეიძლება რაიმე დისკრიმინაცია მოხდეს. და ეს არის დაჩაგვრა მცირე და საშუალო ბიზნესის და ადგილობრივი მეწარმეებისა”.

ზურაბ ტყემალაძემ ასე შეაფასა ის წესი, რომელიც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლით. მასში წერია, რომ თუ იმპორტიორის მიერ ერთი წლის განმავლობაში გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი 200 ათას ლარს აღემატება, მას შეუძლია სპეციალური წესით ისარგებლოს. ამ წესის მიხედვით, იმპორტირებული საქონელი აღარ იბეგრება საზღვარზე შემოტანისას და ბიზნესმენს საშუალება ეძლევა დამატებული ღირებულების გადასახადი პროდუქციის რეალიზების შემდეგ გადაიხადოს. სწორედ ამიტომ ზურაბ ტყემალაძე მის გაუქმებას მოითხოვს:

თანხის გადავადება ხდება რეალურად, რაც უპირატეს პირობებში აყენებს ისეთ იმპორტიორთან, რომელიც წვრილი გადამხდელია და ვერ სარგებლობს ამ წესით, და ასევე ადგილობრივ მწარმოებელთან...
”სახელმწიფო ამ ბიზნესმენებს აძლევს უპროცენტო სესხს ბიუჯეტიდან. ესეც აკრძალულია კანონის მიხედვით, იმიტომ რომ უპროცენტო სესხის გაცემის უფლება არავის აქვს”.

ზურაბ ტყემალაძე, ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, არსებული ნორმის გაუქმებას და ყველა იმპორტიორის თანაბარ დაბეგვრას მოითხოვს. მის ამ მოთხოვნას ეთანხმება ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია”. ამ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არსებული ნორმა შეღავათიან პირობებში აყენებს მსხვილ იმპორტიორებს და ქმნის არათანაბარ კონკურენტულ გარემოს. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ადეიშვილი შენიშნავს:

”თანხის გადავადება ხდება რეალურად, რაც უპირატეს პირობებში აყენებს ისეთ იმპორტიორთან, რომელიც წვრილი გადამხდელია და ვერ სარგებლობს ამ წესით, და ასევე ადგილობრივ მწარმოებელთან, იმიტომ რომ ადგილობრივი მწარმოებელი როდესაც პროდუქციას ადგილზე ყიდულობს და ყიდის, მას დღგ-ს გადახდა უწევს ყიდვის მომენტში. ეს არათანაბარ პირობებში აყენებს ამ გადამხდელებს”.

ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით. უკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს ამ პროექტმა, რადგან ყველა გადამხდელი უნდა იყოს თანაბარ პირობებში, რათა ჰქონდეთ შესაძლებობა ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ...
ამ პოზიციიდან გამომდინარე, მიხეილ ადეიშვილის ორგანიზაცია მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, აქტიურად ითანამშრომლოს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებთან იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესის გაუქმებასთან დაკავშირებით. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უკვე გაეცნო პარლამენტში მომზადებულ ინიციატივას და განაცხადა:

”ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით. უკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს ამ პროექტმა, რადგან ყველა გადამხდელი უნდა იყოს თანაბარ პირობებში, რათა ჰქონდეთ შესაძლებობა ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ და კონკურენტულ ბრძოლაში მოგებული დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი".

ფინანსთა მინისტრისგან ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. ის არ გამორიცხავს, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ "მრეწველების" მიერ მომზადებულ კანონპროექტში კორექტივები შევიდეს.

თავის დროზე იმპორტირებული პროდუქციის დაბეგვრის სპეციალური წესი არა ბიუჯეტის ინტერესების შესაბამისად, არამედ ბიზნესმენებისთვის საგადასახადო პროცედურების გამარტივებისა და შემსუბუქების მიზნით იქნა შემოღებული.
XS
SM
MD
LG