Accessibility links

logo-print

დავა მოსამართლეთა რაოდენობაზე


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, გაიზარდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა. კონსტანტინე კუბლაშვილისთვის ასევე მიუღებელია აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევა, სასამართლო ხელისუფლების გვერდის ავლით შეიცვალოს საქმეთა დასაშვებობის პრინციპი და ექვსი თვიდან ოთხ თვემდე შემცირდეს საქმეთა განხილვის ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც არაა შეთანხმებული სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რეტროგრადული და საფრთხის შემცველია. კონსტანტინე კუბლაშვილი განსაკუთრებით გააღიზიანა იუსტიციის მინისტრის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლო ავტომატურად დაუშვებლად ტოვებდა საქმეებს და საერთოდ არ ინტერესდებოდა იმ დარღვევებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. რაც შეეხება პროექტებს, ამასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა:

თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჩათვლის, რომ დღეს 15 მოსამართლე კი არა, არამედ 25 მოსამართლე სჭირდება, მაშინ ის შეკრებს პლენუმს და პლენუმი გადაწყვეტს, რამდენი უზენაესი მოსამართლე უნდა ჰყავდეს საქართველოს...
„ეს პროექტები აშკარად მომზადებულია ისეთი ადამიანების მიერ, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს უზენაესი სასამართლო, როგორც საკასაციო სასამართლო, და რას ნიშნავს საქმეთა დასაშვებობის პრინციპი. ამიტომ მინდა მივმართო ყველას: როცა საერთოდ სასამართლოს სისტემის შესახებ ვინმეს სურს რაიმე ცვლილების განხორციელება, აუცილებელი და სავალდებულოა კონსულტაციების გავლა უზენაეს სასამართლოსთან“.

უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების გარეშე იუსტიციის მინისტრმა, ჯამში, სამი ცვლილების აუცილებლობის შესახებ ილაპარაკა. თეა წულუკიანის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სასამართლოს თავმჯდომარის ნებასა და უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებაზე:

„თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჩათვლის, რომ დღეს 15 მოსამართლე კი არა, არამედ 25 მოსამართლე სჭირდება, მაშინ ის შეკრებს პლენუმს და პლენუმი გადაწყვეტს, რამდენი უზენაესი მოსამართლე უნდა ჰყავდეს საქართველოს. ჩვენი მიზანია, რომ ეს პლენუმის უფლებამოსილება კი არ იყოს, არამედ უზენაესი მოსამართლეების რიცხოვნობა დაადგინოს კანონმა“.

თეა წულუკიანის თქმით, ასევე შესაცვლელია საკასაციო საჩივრების განხილვის სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობეში, ფაქტობრივად, ფორმალურად არსებობდა, რადგანაც ეგრეთ წოდებული კონვეიერის წესით დაუშვებლად ცნობდა საჩივრებს:

უზენაესი სასამართლო არის საკასაციო ტიპის სასამართლო და საქმეებს განიხილავს სწორედ ამ წესით. შესაბამისად, ამ დროს მისი მთავარი ფუნქცია არის მნიშვნელოვანი განმარტებების გაკეთება კონკრეტულ სამართლებრივ ნორმებზე და, აქედან გამომდინარე, მუდმივი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება...
„იმისათვის, რომ უზენაესმა მოსამართლემ ეგრეთ წოდებული “copy paste“-ის სისტემით კი არ იმუშაოს, არამედ რეალურად განიხილოს საჩივარი და თუ საქმე არის გადასასინჯი, მას ჰქონდეს უფლება, რომ გამონაკლის შემთხვევებში განსასჯელის დარღვეული უფლებები გამოასწოროს უზენაეს, ანუ საბოლოო, დონეზე. ეს თავიდან აგვაცილებს სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობის ზრდას“.

იუსტიციის მინისტრის ამ განცხადების პასუხად, კონსტანტინე კუბლაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტი ითვალისწინებს უზენაეს სასამართლოებში საქმეთა დასაშვებობის პრინციპით მუშაობას:

„რატომ? იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლო არის საკასაციო ტიპის სასამართლო და საქმეებს განიხილავს სწორედ ამ წესით. შესაბამისად, ამ დროს მისი მთავარი ფუნქცია არის მნიშვნელოვანი განმარტებების გაკეთება კონკრეტულ სამართლებრივ ნორმებზე და, აქედან გამომდინარე, მუდმივი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება. უზენაესმა სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს სწორედ ისეთ საქმეებს, სადაც არ არის ჯერ პრაქტიკა დადგენილი, არ არის კარგად განმარტებული ნორმები და ჩამოაყალიბოს თავისი მიდგომა, რომელიც შემდეგ, ფაქტიურად, გზამკვლევი იქნება მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილე ყველა პირისათვის“.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრას, კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, აღნიშნული სისტემის გადატანა სასამართლო ხელისუფლებიდან საკანონმდებლო ხელისუფლებაში უდავოდ შეამცირებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხს:

ბოლო წლების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა სტაბილურად მცირდებოდა თავად უზენაესი სასამართლოს მიერ. სასამართლომ უნდა ისაუბროს ამაზე, რატომ აკეთებდა?...
„აუცილებელია, რომ დარჩეს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში შემავალი ეს საკითხი ისევ და ისევ უზენაეს სასამართლოს. გამომდინარე რეალური სიტუაციიდან, გამომდინარე საქმეთა რაოდენობიდან განისაზღვროს მოსამართლეების რაოდენობა, როგორც დღეს ხდება. და კიდევ: თუკი უნდა ჩამოერთვას ეს უფლებამოსილება უზენაეს სასამართლოს და უნდა გადაეცეს ვინმეს, ეს უნდა იყოს არც პარლამენტი და არც აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს უნდა გადაეცეს კონსტიტუციას. კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რამდენი მოსამართლე არის უზენაეს სასამართლოში“.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის კანონად ქცევამდე, აუცილებლად უნდა გაიმართოს საფუძვლიანი განხილვა, რადგანაც ლაპარაკი არ არის რიგით საკანონმდებლო ცვლილებაზე. ის, რომ უზენაესი სასამართლოს ნაცვლად მოსამართლეთა რაოდენობას პარლამენტი განსაზღვრავს, უთუოდ შეცვლის კონსტიტუციურ ძალთა ბალანსს შეკავებისა და გაწონასწორების მოქმედ სისტემაში. ვახუშტი მენაბდის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მხარეთა არგუმენტებს.

„ბოლო წლების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა სტაბილურად მცირდებოდა თავად უზენაესი სასამართლოს მიერ. სასამართლომ უნდა ისაუბროს ამაზე, რატომ აკეთებდა? არ არის აუცილებლობა, რომ დღეს 16 მოსამართლეზე მეტი გვყავდეს? არსებობს ძალიან დიდი კრიტიკა სასამართლოს მიმართ, რომ ის ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს. ეს კრიტიკა, დიდწილად, არის დასაბუთებული, თუმცა აქვე არ გამოირიცხება პოლიტიკური ინტერესების თემაც, რადგანაც პროცედურა არის ასეთი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ნიშნავს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი“, უთხრა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას.

ვახუშტი მენაბდის თქმით, მმართველ უმრავლესობაში არსებობს მოსაზრება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ემსახურებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, ამ ფაქტის გათვალისწინებით კი, შესაძლოა, შემოთავაზებული სისტემა ოპონენტების მიერ აღქმული იქნეს როგორც მცდელობა, გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა და ხელოვნურად გაჩნდეს ვაკანსიები, რომლებიც მმართველი უმრავლესობის მომხრე მოსამართლეებით შეივსება.
XS
SM
MD
LG