Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფანჯიკიძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში გაერო ყველა პროექტს ახორციელებს ხელისუფლებასთან შეთანხებით


ოკუპირებულ აფხაზეთში გაერო ყველა პროექტს საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხებით ახორციელებს და ეს პირველად არ ხდება - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. 12 მარტს სოხუმში გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორის ნილს სკოტის და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის შეხვედრის შემდეგ სააგენტო „აფსნიპრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერო მზად არის აფხაზეთში 15 მილიონი დოლარის პროექტები დააფინანსოს. მაია ფანჯიკიძის განმარტებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის ინფორმირებულია, რადგან მსგავსი პროექტები საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება. "ახლაც ზუსტად ასეთივე სიტუაციაა და სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ მსგავსი კონტაქტი, რომელიც სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლების გავლით აქვთ, დამოუკიდებელ ურთიერთობად წარმოაჩინონ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მსგავსი პროექტების განხორციელებას მიესალმება. მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ხვალ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია შეხვედრა გაეროს წარმომადგენელთან და მასთან ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრებენ.
XS
SM
MD
LG