Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით


არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც RMG Gold-ს ეძლევა ნებართვა, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის სიახლოვეს თავისი საქმიანობა გააფართოოს. საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი განცხადებას ავრცელებენ: "ჩვენ, კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და პირები არ ვეთანხმებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ კომენტარს კულტურულ მემკვიდრეობასთან, კერძოდ, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით. უდიდესი უსამართლობაა, ცხრაწლიანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის შედეგებისა და იმ ფართო საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფა, რაც არსებობს საყდრისი-ყაჩაღიანის მიმართ. პრემიერის კომენტარი ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც RMG Gold-ს ეძლევა ნებართვა, გააფართოოს თავისი საქმიანობა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის სიახლოვეს. ჩვენ, საქართველოს საზოგადოების სახელით, ვეწინააღმდეგებით ასეთ გადაწყვეტილებას. მოვითხოვთ კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისათვის მიცემული დაპირების შესრულებას და საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით. ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება საყდრისი-ყაჩაღიანის სიახლოვეს გამოიწვევს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, გარემოს დაბინძურებას, და საფრთხეში ჩააგდებს გარშემო დასახლებული ადამიანების ჯანმრთელობას. ყოველივე ეს კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში არსებულ სოციალურ კრიზისს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "ICOMOS-საქართველოს", „თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - თბილისის“, GEOAIR-ის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის, „მწვანე ალტერნატივის“, EMC-ს, ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორიის, "თბილისის ჰამქრის", "ძეგლის მეგობრის" და "საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის" წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG