Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გადავარჩინოთ სამხატვრო აკადემიის შენობა!“


ნინო ღაღანიძე
ნინო ღაღანიძე
თბილისში, საზოგადოების ერთმა ჯგუფმა დაიწყო კამპანია სამხატვრო აკადემიის შენობის გადასარჩენად. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკლიპი, რომელმაც ხელისუფლება, ინვესტორები უნდა დაარწმუნოს აკადემიის შენობის რესტავრაციის აუცილებლობაში. ჩვენი კოლეგა გიორგი გვახარია ესაუბრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგს ნინო ღაღანიძეს, რომელმაც ამ შენობის ისტორიული მნიშვნელობა გაგვახსენა.

ნინო ღაღანიძე: ეს შენობა ძალიან ძველია, 1856 წელსაა აშენებული და როგორც ჩანს, კონსტრუქციული პრობლემები მაშინვე ქონდა. შეიძლება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ჩაფიქრებული იყო როგორც მდიდრული სასახლე, და არა მარტო სასახლე...

რადიო თავისუფლება: სარკეებიანი...

ნინო ღაღანიძე: არ იყო ჩაფიქრებული მხოლოდ საცხოვრებელ სახლად, მიუხედავად ასეთი მდიდრულობისა, ჩაფიქრებული იყო, როგორც კულტურული კერა. ირანული წარმოშობის მდიდარი თბილისელი სოვდაგარი იყო აშაკუნი, რომელმაც შეუკვეთა ეს შენობა არქიტექტორ ივანოვს.

რადიო თავისუფლება: რამდენადაც ვიცი ასეთი ტიპის შენობა სულ სამი გვაქვს.

ნინო ღაღანიძე: საქართველოში არის სამი. ერთია ყოფილი პიონერთა სასახლე, ანუ მეფის ნაცვლის სასახლე, მეორე ეს შენობა და მესამე, გაცილებით მოკრძალებული, მაგრამ ძალიან ლამაზი “ფირუზა” ბორჯომში. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ აკადემიას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ირანელ რესტავრატორებთან, თეორანის და ესპაჰანის უნივერსიტეტებთან, რამდენიმე წლის წინ ჩამოვიყვანეთ, ვიცოდით რა რომ დაგვჭირდებოდა მათი დახმარება, იმათ ნათქვამს გავიმეორებ: “ამ დონის, ასეთი ოსტატობით შემკული დარბაზები ირანშიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ გვხვდებაო”. ასე რომ მარტო ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ უნიკალური შენობის პატრონები ვართ.

რადიო თავისუფლება: უჩვენეთ, რა მდგომარეობაშია შენობა მთლიანად?

ნინო ღაღანიძე: რასაკვირველია. და, სხვათა შორის, შევთანხმდით, რომ როდესაც კონსტრუქციულ გამაგრებას მოვრჩებით (თუკი ოდესმე დაიწყება და დამთავრდება ეს გამაგრება), ესენი წამოვლენ და ჩვენს რესტავრატორებთან ერთად, სტუდენტებთან ერთად იმუშავებენ. ჩვენ არა გვაქვს ასეთი შენობების რესტავრაცია-კონსერვაციის გამოცდილება.

რადიო თავისუფლება: ეს უნიკალური შემთხვევაა იმ თვალსაზრისითაც, რომ რამდენადაც ვიცი, თქვენ უკვე მზად გაქვთ რესტავრაციის პროექტი, ანუ გსურთ თავად მოუაროთ ამ შენობას, მაგრამ არ არსებობს თანხა.

ნინო ღაღანიძე: ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უპროექტოდ არაფერი გამოვა, ამიტომ რამდენიმე წლის წინ ჩვენი თანხებით, ჩვენი ბიუჯეტით მოვამზადეთ რესტავრაციის პროექტი. ახლაც მიმდინარეობს ამ პროექტის ბოლო ნაწილზე მუშაობა. სხვათა შორის, ჩვენი მაგისტრები არიან მუშაობაში ჩართული (არქიტექტურის და რესტავრაციის ფაკულტეტის), მოვიძიეთ უნიკალური მასალა, ანუ როგორ გამოიყურებოდა თავდაპირველად ამ შენობის ნაწილი; საქმე ისაა, რომ ივანოვის შემდეგ, მეოცე საუკუნის დასაწყისში, შენობის ნაწილები გადაშენებულია სიმონ კლდიაშვილის მიერ. როცა რაღაც გვეშველება და დავიწყებთ ამ ძეგლზე მუშაობას, უნდა ზუსტად ვიცოდეთ, რას აღვადგენთ, რადგანაც კლდიაშვილისეული ნაწილიც უკვე ძალიან ფასეულია. გამაგრება კი ყველაფერს ჭირდება.

რადიო თავისუფლება: გამაგრებისთვის რამდენია საჭირო და მთავარი პრობლემა რა არის?

ნინო ღაღანიძე: თავიდან ბოლომდე, საძირკვლით რომ დავიწყოთ, კონსტრუქციულ გამაგრებას მოვრჩეთ, შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაო ჩავატაროთ, კონსერვაცია... ყველაფერი დაჯდება დაახლოებით რვა მილიონი ლარი. ეს არაა კატასტროფული თანხა, თუკი იმას გავითვალისწინებთ რამდენად უნიკალურია შენობა. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა ვთქვა - მართალია, 1922 წელს ამ შენობაში დაარსდა სამხატვრო აკადემია, ეს შენობა “გახდა” აკადემია, მაგრამ ეს დარბაზები რომ აღდგება, მხოლოდ აკადემიის კუთვნილება ხომ არ იქნება? გავიხსენოთ შენობის ეს აღმოსავლური ნაწილი, რომელიც ყაჯარი ოსტატების ნახელავია და უნიკალურია თავისი მდიდრულად მორთული ინტერიერებით. ეს იმდენად აქტიურად დეკორირებული დარბაზებია, აქ ვერც გამოფენას მოაწყობ. ესაა, როგორც იყო ჩაფიქრებული, კულტურული ღონისძიებების კერა.დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუკი ეს თანხა მოიძებნება და იმ კონდიციამდე მივა შენობა, რომ აღარ შეგვეშინდება იქ შესვლა, მერე ფულიც კი შეიძლება მოიტანოს ამ დარბაზებმა.

რადიო თავისუფლება: გაქირავდეს?

ნინო ღაღანიძე: გაქირავდეს, შევიდეს ტურისტულ მარშრუტებში, ჩვენი უცხოელი სტუმრები, და ასეთი ბევრი გვყავს, ძალიან გაკვირვებული არიან.

რადიო თავისუფლება: ე.ი. ინვესტორიც შეიძლება დაინტერესდეს, რომელიმე კერძო ფირმა...

ნინო ღაღანიძე: რასაკვირველია.

რადიო თავისუფლება: თუმცა, ალბათ მაინც სახელმწიფოს ვალია პირველ რიგში, მიაქციოს შენობას ყურადღება.

ნინო ღაღანიძე: ესაა მარგალიტი, პირდაპირი მნიშვნელობით, შენობას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ცხადია, სახელმწიფოს ვალია, სანამ სულ არ დაქცეულა შენობა...

რადიო თავისუფლება: ყველაზე მძიმე მდგომარეობა სადაა?

ნინო ღაღანიძე: ახლა ძველი შენობა, ანუ გრიბიედოვის 22, არის თავიდან ბოლომდე ავარიული. ახლა უკვე ვერტიკალური ბზარები მთელ სიმაღლეზე დასდევს შენობას. საძირკველი ნახევრად გამაგრებულია და მეორე ნახევარი ჯერჯერობით ხელუხლებელია, ჩამოწოლილია უკვე, ფაქტიურად, სახურავი, რომლიდანაც წყალი ჩამოდის, მუზეუმის თანამშრომლებს ყოველდღე უწევთ ბათქაშის დიდი ნაწილების გამოტანა. ახლა ერთი ნაბიჯი გვაშორებს იქამდე, რომ სარკის ნატეხებიც წამოვა კედლებიდან და ამ ყველაფერს ვეღარ შევინარჩუნებთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG