Accessibility links

logo-print

„ეს შენ გეხება“ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც ეხება


გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

14 მარტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებს შეხვდა. კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველ კოალიციას სისტემური ცვლილებები არ განუხორციელებია და კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან სამართალდამცავ ორგანოებს შეუზღუდავი წვდომა აქვთ. სწორედ ამიტომ ისინი ხელისუფლებისგან შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების დროულად შეტანას მოითხოვენ. პრეზიდენტს შეხვედრაზე გამოკვლევის შედეგებიც გააცნეს. გამოკვლევამ კი ცხადყო, რომ გამოკითხული ხალხის 69 % ერიდება სატელეფონო საუბრის დროს პოლიტიკურ საკითხებზე კრიტიკული აზრის გამოთქმას. გიორგი მარგველაშვილი ამ პრობლემის მოგვარების გზად დიალოგის დაწყებას მიიჩნევს და იმედს გამოთქვამს, რომ მოიძებნება ბალანსი სახელმწიფოს ვალდებულებასა და ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას შორის.

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას შეახსენებს. კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ასე შეიძლება დასრულდეს ლაპარაკი თვალთვალსა და უკანონო მოსმენებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებთან 14 მარტის შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, რომ ის ყურადღებით გაეცნო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პოზიციას და რამდენიმე პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ კიდეც:

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ბალანსის პოვნაში, რასაც ჰქვია ბალანსი სახელმწიფოს ვალდებულებასა და ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას შორის, ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად უნდა იყოს ჩართული, ამისათვის კი საჭიროა აქტიური დიალოგის წამოწყება და, რაც მთავარია, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის სულისკვეთება, რაც 2012 წლის ოქტომბერმა მოიტანა, როცა აღდგა ნდობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის“.

სისტემა, რომელიც სჩადიოდა იმ რაღაც გაუგონარ სიბინძურეებს, ისევ მოქმედია, არაფერი არ შეცვლილა პრაქტიკულად. კანონმდებლობა დაადგენს ძალიან მკაფიო მექანიზმებს საპარლამენტო, სასამართლო და დემოკრატიული კონტროლისა...
შეხვედრიდან გამოსული „ეს შენ გეხებას“ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში საბოლოო შედეგზე დადებითად აისახება. ტუღუშისავე თქმით, პარლამენტში კანონის განხილვა აპრილში დაიწყება, თუმცა, მისი აზრით, ეს მაინც დაგვიანებული პროცესია.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მონიტორინგის მექანიზმების შექმნას და რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანას ემსახურება, პარლამენტში ჯერ კიდევ გასულ წელს შევიდა. ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ავტორი თავად ლაშა ტუღუშია. ის ამბობს, რომ ეს კანონპროექტი დააკანონებს მოსმენისა და თვალთვალის შესაძლებლობას მხოლოდ გარკვეულ დანაშაულებებზე და, ისიც, სასამართლოს ნებართვით:

„სისტემა, რომელიც სჩადიოდა იმ რაღაც გაუგონარ სიბინძურეებს, ისევ მოქმედია, არაფერი არ შეცვლილა პრაქტიკულად. კანონმდებლობა დაადგენს ძალიან მკაფიო მექანიზმებს საპარლამენტო, სასამართლო და დემოკრატიული კონტროლისა; ასევე გაზრდის მოქალაქეების უფლებებს, თვითონ მოახერხონ დაიცვან თავიანთი ინტერესები, რაც არ იყო მოქმედ კანონმდებლობაში; გააძლიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტს; ასევე განსაზღვრავს და შეზღუდავს იმ შესაძლებლობებს, რომელიც გააჩნიათ შინაგან საქმეთა ორგანოებს ოპერატორი კომპანიების მიმართ“.

როგორც ჩანს, მოსახლეობა ხელისუფლებას არ ენდობა. ხალხის უმრავლესობა მაინც მიიჩნევს, რომ მათი მობილური ტელეფონები ისმინება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯები დაანახვოს...
პრეზიდენტ მარგველაშვილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინიციატივით ფარული სატელეფონო მოსმენების შესახებ მოსახლეობის აზრის გასაგებად ჩატარებული კვლევის შედეგებიც გააცნეს. ეკა გიგაურის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ერიდება ტელეფონით გაუზიაროს მეგობრებს თავისი აზრი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ასევე გაანდოს თავისთვის მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია. ასეთია გამოკითხულთა 69 და 63 პროცენტი. გამოკითხულთა მხოლოდ 28 % არ არის იმის წინააღმდეგი, რომ მეგობარს ტელეფონით საიდუმლო უთხრას, კვლევის მონაწილეთა 20 % კი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სატელეფონო საუბრისას კრიტიკული პოლიტიკური შეხედულები გამოხატოს.

საინტერესოა კიდევ ერთი მონაცემი, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 23 % ფიქრობს, რომ სახელმწიფო მხოლოდ მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს უსმენს, 13 %-ის აზრით, უსმენს ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს, 11 %-ის აზრით, ძირითადად პოლიტიკოსების საუბარი ისმინება, 9 % მიიჩნევს, რომ ისმინებიან პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები, 5% ის აზრით კი, ჟურნალისტები. გამოკითხულთა მხოლოდ 9 % ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მიერ უკანონო ფარული მოსმენები არ ხორციელდება, 23 % კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ფარულად ყველა მოქალაქეს უსმენს.
2013 წლის 3-26 ოქტომბერს CRRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევისას სულ 1918 ადამიანი გამოიკითხა.

“როგორც ჩანს, მოსახლეობა ხელისუფლებას არ ენდობა. ხალხის უმრავლესობა მაინც მიიჩნევს, რომ მათი მობილური ტელეფონები ისმინება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯები დაანახვოს, რისი საბოლოო შედეგიც სისტემის ცვლილება იქნება და ჩვენ, საბოლოოდ, ვენდობით არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ გამართულ სისტემას“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

14 მარტს ამავე საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძეც გამოეხმაურა და მან კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილეებს პარლამენტთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სანქციის გარეშე არავის უსმენდნენ, პიარაქციების ნაცვლად საკანონმდებლო დონეზე მუშაობაა საჭირო.
XS
SM
MD
LG