Accessibility links

ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა ყირიმის რეფერენდუმის წინ


დაპირისპირება დონეცკში

დაპირისპირება დონეცკში

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ სიტუაციის ესკალაციაში ქალაქ დონეცკში, სადაც უკრაინის ერთიანობის მომხრე და პრორუსულად განწყობილი აქტივისტების დაპირისპირებას 13 მარტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი სერიოზულად დაშავდა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, დონეცკელმა ექიმებმა დაადასტურეს ორგანიზაცია „თავისუფლების“ დონეცკის ფილიალის წარმომადგენლის დაღუპვა. ზედაპირული დათვალიერებით, ახალგაზრდა მამაკაცს სახის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნება, ხოლო მარჯვენა არტერია ცივი იარაღით აქვს დაზიანებული. ხუთშაბათ ღამით ექიმების ბრიგადას გააფთრებული ბრბოსგან ქვებითა და ლითონის ჯოხებით დაზიანებული ათობით ადამიანის ევაკუაცია მოუხდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაღუპული უკრაინული ორგანიზაციის წარმომადგენელია, დონეცკის სისხლისღვრაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის „მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებები“ დაადანაშაულა, რომლებსაც უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. „რუსეთი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას უკრაინაში თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლეზე და იტოვებს უფლებას დაიცვას ადამიანებიო“, ნათქვამია დონეცკის მოვლენების თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ ფონზე, უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ სასაუბროდ ლონდონში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც კოლეგასთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩა:

თუ დღეს პროგრესს ვერ მივაღწიეთ, თუ ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა და შემდგომში პრობლემის მოგვარების დიპლომატიური გზა ვერ მოიძებნა, მაშინ ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, შეთანხმებული ზომების ამოქმედებას დაიწყებს.
„მეც მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ დღეს შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. სიტუაცია, მართლაც, ძალიან რთულია. ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, ბევრი დრო დაიკარგა. ამიტომ ვნახავთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლია“.

ჯონ კერიმ კი გამოთქვა ვარაუდი, რომ მხარეები მოახერხებენ წინსვლას და ერთობლივად შეძლებენ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირების მოწესრიგებას. ლონდონის შეხვედრის ფაქტით კმაყოფილი ჩანდა მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა უილიამ ჰეიგმა მოსკოვს შეახსენა სანქციები, რომლებიც აუცილებლად ამოქმედდება ყირიმში არალეგიტიმური რეფერენდუმის შემთხვევაში:

“თუ დღეს პროგრესს ვერ მივაღწიეთ, თუ ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა და შემდგომში პრობლემის მოგვარების დიპლომატიური გზა ვერ მოიძებნა, მაშინ ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, შეთანხმებული ზომების ამოქმედებას დაიწყებს“.

თუმცა, ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, ყირიმის ავტონომიის პრორუსული ხელისუფლება არ აპირებს გეგმის შეცვლას და კვირას დანიშნული რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმას. მეტიც, როგორც ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში ღია აგრესიისათვის ემზადებიან. საგარეო და საშინაო საფრთხეების გათვალისწინებით და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების მიზნით, 13 მარტს უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ეროვნული გვარდიის შექმნისა და რეზერვისტთა ნაწილობრივი მობილიზაციის აქტი დაამტკიცა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაიდნის თავდაცვის 500-მდე მოხალისე უკვე გაწევრიანდა ეროვნულ გვარდიაში.
XS
SM
MD
LG