Accessibility links

აშშ და რუსეთი ვერ შეთანხმდნენ ყირიმზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი „პატივისცემით მოეკიდება ყირიმელი ხალხის ნებას“. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა პარასკევს ლონდონში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის შეხვდა ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებამდე ორი დღით ადრე. 16 მარტისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი ეხება ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხს. ლავროვმა „კონტრაპროდუქტიული“ უწოდა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო საერთაშორისო სანქციებს და აღნიშნა, რომ კერი „არაფრით დამუქრებია“ მოსკოვს. ლავროვმა აღნიშნა აგრეთვე, რომ რუსეთი არ აპირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ინტერვენციას. თავის მხრივ, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებენ ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს. „ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიოდ თქვა, რომ პრეზიდენტი პუტინი არ არის მზად უკრაინის შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად, სანამ არ ჩატარებულა კვირის რეფერენდუმი“, განაცხადა ჯონ კერიმ სერგეი ლავროვთან ლონდონში შეხვედრის შემდეგ. კერის თქმით, ის და ლავროვი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ექნებათ მომდევნო დღეებშიც.
XS
SM
MD
LG